გიორგი ჭანტურია: ხორვატიის შიში არაფერს გვარგებს

AutoSharing Option
ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია გიორგი ჭანტურიას პირველად არ იწვევს. 18 წლის თავდამსხმელი ავსტრიაში საერთაშორისო ოთხთა ტურნირზეც ათამაშა. მაგრამ ამხანაგური და ოფიციალური შეხვედრები სხვადასხვა რამ არის - 3 ივნისს ხორვატ ახალგაზრდებთან მატჩს ჭანტურია განსაკუთრებით ელის. ეს მისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრაა და იმედოვნებს, რომ გუნდს დაეხმარება.

"საკამათო არ არის, რომ ხორვატიის ნაკრები ძლიერი მეტოქეა და, რა თქმა უნდა, მატჩისთვის მონდომებით მოვემზადებით. თუმცა მოედანზე იმ განცდით გასვლა, რომ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, არაფერს გვარგებს. სულაც არ მგონია, რომ ფავორიტი ხორვატიაა. თუ საკუთარ
ძალას ვირწმუნებთ, მეტოქეს ბოლომდე ვებრძოლებით და ერთსულოვნები ვიქნებით, შედეგიც იქნება" - ამბობს ჭანტურია.

არნემის "ვიტესიდან" თავდამსხმელი თბილისში დაიმედებული დაბრუნდა, რადგან წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მხოლოდ ვარჯიშობდა და თამაში არ შეეძლო.

"ახალი სეზონიდან თამაშის უფლება მექნება, რასაც დიდი ხანია, ველი. გუნდში თითქმის ერთი წელია ვვარჯიშობ და მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგად ვარ უკვე მომზადებული საიმისოდ, ჰოლანდიის ჩემპიონატში რომ არ დავიჩაგრო".

რაც შეეხება ლონდონის "ჩელსიში" მის შესაძლო გადასვლას, რაზეც გასულ სეზონში იყო ლაპარაკი, გიორგი ამბობს: "ჯერ "ჩელსიში" გადასვლაზე ლაპარაკი ნაადრევია. "ვიტესთან" სამწლიანი კონტარქტი გავაფორმე და ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ამ გუნდს გამოვადგე. თუ არნემში კარგად ვითამაშებ, "ჩელსიში" გადასვლაზე მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული