გაბელიას პასუხები კითხვებზე: რატომ, რატომ, რატომ?

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები 23 მაისს თბილისში, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეიკრებნენ და 3 ივნისის ხორვატიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს. მთავარ მწვრთნელ ოთარ გაბელიას განკარგულებაში 27 ფეხბურთელი იყო, სრული შემადგენლობით კი გუნდი 31 მაისს შეიკრიბა.

გუნდი საგურამოში "ლოკომოტივის" ბაზაზე და თბილისში "ამერის" სტადიონზე ვარჯიშობდა. 27 მაისს "ბასაზე" ეროვნული ნაკრებთან ტესტმატჩში 2:3 დამარცხდა.

გუშინ ოთარ გაბელიამ პრესკონფერენცია გამართა:
- ფეხბურთელებს თავიდანვე ვუთხარით, რომ 27 კაციდან საბოლოოდ გუნდს 9 მათგანი დატოვებდა. ავსტრიულ ტურნირზე კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესოდ რომ ითვლებიან, ბევრ ასეთ ფეხბურთელს
სანაკრებო დონეზე თამაში უჭირს. ციკლის პირველი შეხვედრა მაინც სანერვიულოა და ამიტომ უფრო იმათ ვენდობი, ვისაც მეტი სანაკრებო გამოცდილება აქვს. მაგრამ წინა ციკლიდან ასეთი 4-5 ფეხბურთელია. სამწუხაროდ, ტრავმის გამო დაგვაკლდნენ შონია და ოქრიაშვილი, ანანიძესა და ყენიაზე აღარაფერს ვამბობ. გამოძახებულთა უმეტესობას ახალგაზრდულში ოფიციალური მატჩი არც ჩაუტარებია.

ხორვატების ორი შეხვედრა ვნახე, უნგრეთთან (3:2) და უკრაინასთან (0:2). ჩვენსავით ბრძოლისუნარიანები არიან, გამოირჩევიან ტექნიკითა და სისწრაფით. ჩემი აზრით, შეტევა უფრო ეხერხებათ, დაცვაში კი ცოტა უჭირთ. ამ ორ მატჩში ივო შუშაკმა ბევრი მოთამაშე გასინჯა, უკრაინასთან მატჩის შემდეგ 4 თუ 5 ახალი დაიმატა და არ ვიცი, საბოლოოდ შემადგენლობაში ვის დააყენებს.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ხორვატები მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ და მისსავე ნახევარზე ცდილობენ "მოხრჩობას". ივო შუშაკიც შეტევის მოყვარული მწვრთნელია, ისედაც მასპინძლები არიან და, ცხადია, მოგებაზე ფიქრობენ.

გარკვეული ტაქტიკური მონახაზი გვქონდა, მაგრამ ჭანტურიას ამბავმა გვაიძულა, ჩანაფიქრი შეგვეცვალა.
- რატომ გაუშვით ჭანტურია? იქნებ დაუფიქრებელი ნაბიჯი ახალგაზრდული ასაკის გამო გადადგა?
- კონფლიქტი არც მოგვსვლია. თუ არ ვარ მართალი, ჟურნალისტებმა და ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტონ. არ ვიცი, ახალგაზრდული ასაკის ბრალია თუ სხვა რამის, ჩვენ არავის ვზღუდავთ, მშობლებისა და ახლობლების სანახავად ოჯახებში 2-3 საათით ისედავ გავუშვით. ჭანტურიას დიდი ბებია გარდაეცვალა და პირველად დროულად მოვიდა, მაგრამ მეორე დღეს არავინ გაუფრთხილებია, წავიდა და ღამე სასტუმროში არ მოსულა. აი, იქ დავამთავრე ლაპარაკი! მიზანშეწონლად არც ჩავთვალე რამის ახსნა, ადმინისტრატორს ვუთხარი, რომ გამოერთვა ფორმა და გაეშვა.

ახალგაზრდა კაცია და თავი უნდა მოთოკოს, თუმცა ნაკრებიდან საერთოდ კი არ მოგვიკვეთია. ვფიქრობ, აჟიოტაჟი საჭირო არც არის. ნიჭიერი ბიჭია, მომავალი აქვს და ამიტომაც აიყვანეს "ვიტესში". რომ არ მომწონდეს, არც ავსტრიაში ვათამაშებდი და არც შეკრებაზე მოვიწვევდი.

მაგრამ მსგავს შემთხვევაში ნებისმიერ ფეხბურთელს ასე მოვექცეოდი. არა მგონია, ასეთი საქციელისთვის რომელიმე ფეხბურთელს თავზე ხელი გადაუსვან. ისიც კი დამაბრალეს, ჭანტურია არ მოსწონს და გუნდიდან ამიტომ გააგდოო. გიჟი ვარ, უმიზეზოდ გავაგდო? ავსტრიაში მის მიმართ პრეტენზია არ მქონია, მაგრამ გუნდში მთავარი დისციპლინაა. არ მომეწონა, რომ ეწერა, ეროვნულ ნაკრებთან მატჩში ყველაზე აქტიური იყოო, სხვებმაც არანაკლებ ითამაშეს.

- მამუკა კობახიძე, გიორგი ილურიძე, თემურ შარაშენიძე რატომ არ გამოიძახეთ?
- ავსტრიაში არც კობახიძე მომეწონა და არც ილურიძე. შარაშენიძე გასულ ციკლში თურქებთან ძალიან მომეწონა, მაგრამ ავსტრიაში თავის თავს არ ჰგავდა, ეტყობა, ბოლო დროს გუნდში ("დიორ ეტოში") ამიტომაც აღარ ათამაშებენ. სულ სიაში 60 კანდიდატი მყავს და ყველას ვერც გამოვიძახებ.

- ხორვატიაში ქულის აღება დაგაკმაყოფილებთ?
- რატომაც არა?! მაგრამ მოსაგებად მივდივართ.

- 1990-91 წლიანთა თაობაში სერიოზული ჩავარდნაა, ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა არ გაგიძნელდათ?
- დიდი არჩევანი მართლაც არ გვაქვს. ხორვატებს კი, ორი ფეხბურთელის გარდა, სულ 1990-91 წლებში დაბადებული მოთამაშეები ჰყავთ. შუშაკმა მითხრა, ახალგაზრდული ნაკრების წინა თაობა უკეთესი იყოო, თუმცა ვეჭვობ, გულწრფელი ყოფილიყო. ხორვატებს ახლაც ძლიერი ბიჭები ჰყავთ.


გუშინ, საღამოს საგურამოში ვარჯიშის შემდეგ ოთარ გაბელიამ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ხორვატიაში გაემგზავრება.
მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა ("დინამო" თბილისი).
მცველები: ივანე კანდელაკი ("ოლიმპი", რუსთავი), გივი იოსელიანი (ქუთაისის "ტორპედო 2"), საბა კვირკველია ("რუბინი",. რუსეთი), ნიკა აფაქიძე ("ბაია"), ლევან კაკუბავა ("დინამო" თბილისი), დავით ხოჭოლავა ("სიონი", ბოლნისი), ნიკოლოზ ჯიშკარიანი ("გაგრა").
ნახევარმცველები: ნიკა ძალამიძე ("ვიძევი", პოლონეთი), ჯამბულ ჯიღაური ("დინამო" თბილისი), ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა", ესტონეთი), თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა კვეკვესკირი ("დინამო" თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი ("სიონი", ბოლნისი).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, ირაკლი შეყილაძე (ორივე "ემპოლი", იტალია), ირაკლი ქობალია ("ბაია").

საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები ხორვატიაში დღეს გაემგზავრებიან. ევრო2013-ის შესარჩევი ტურნირის მე-5 ჯგუფის მატჩში ბალკანელები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 3 ივნისს უმასპინძლებენ. მატჩი სპლიტიდან 20 კმ-ში მდებარე დუგოპოლიეს სტადიონ "ჰრვატსკი ვიტეზოვიზე" თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.
გაბელიას პასუხები კითხვებზე: რატომ, რატომ, რატომ?
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ ჭანტურიას არ ყავს ვინმე ჭკუის დამრიგებელი? უთხრან რომ მარტო მატაობა არ არის საქმე. აგერ კასანო აიღეთ რამდენი პრობლემა ქონდა თავისი უაზრო გამოხტომებით, უზრდელობით და შეუფერებელი ქცევით... კასანოს კლასამდე ჭანტურიას კიდევ ქვეყნის აქვს გასავლელი... ჰოდა ურჩიოს ვინმემ როგორ უნდა მოიქცეს.
0
ბატონო ოთარ! რა თქმა უნდა მწვრთნელის გადასაწყვეტია ვის აიყვანს გუნდში. შეიძლება ესა თუ ის ფეხბურთელი არ ჯდებოდეს მწვრთნელის მონახაზში. მაგრამ თუ ჭანტურიას მიმართ პრეტენზია არ გქონიათ აქამდე, თქვენს სათამაშო კონცეფციაში ჯდებოდა მე მგონი ასე ხელის ერთი მოსმიტ არ უნდა გაგეშვათ შეკრებიდან. იქნებ ჯობდა თქვენ დალაპარაკებოდით და არა ადმინისტრატორს გამოერთმია ფორმა. რა იცით რა ქონდა სათქმელი. დიდი და მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები ალბათ ასე არ მოექცევიან ამ ასაკის ფეხბურთელს. თუ ის უზრდელია, არ ასრულებდა დავალებებს, ხშირად არღვევდა რეჟიმს მაშინ გასაგები იქნებოდა მისი გაშვება. მე მას არ ვიცავ, მაგრამ დაფიქრდით კი ერთხელ მაინც იმაზე რა ფსიქოლოგიური ტრამვა შეიძლება მიიღოს მან.
თემური
13:02 02-06-2011
0

სიახლეები პოპულარული