მესამე ადგილი ჰოლანდიიდან

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიაში "ფორდ როლეველდის" საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. შეჯიბრება 3 ივნისს დაიწყო და 4-ში დასრულდა. პირველ დღეს ნოდარ აკობიას გუნდმა ხუთი მატჩი ჩაატარა. თითოეული შეხვედრა ორი 15-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა.

პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა არნემის "ვიტესთან" ჩაატარა და გურამ გოშთელიანისა და გიორგი წივილაშვილის გოლებით 2:0 გაიმარჯვა. შეგახსენებთ, ტურნირამდე ქართველებმა ხანმოკლე შეკრება სწორედ "ვიტესის" ბაზაზე გამართეს და მასთან ამხანაგურად 1:3 დამარცხდნენ.

ტურნირის მეორე შეხვედრა ჩვენებმა გიორგი ჯობავას დუბლით ბელგიურ "გენტს" 2:0 მოუგეს. ამის შემდეგ აკობიას გუნდმა ჰოლანდიური "ვრეესვიკი" 4:0
გაანადგურა. ჯობავამ კვლავ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ილია სამურკასოვმა და ვატო არველაძემ გაიტანეს. ჰოლანდიურ "ნაიმეგენს" ქართველებმა ნიკა ქორიძისა და გიორგი ჯობავას გოლებით 2:0 სძლიეს, დღის ბოლო მატჩი კი ასევე ჰოლანდიურ "უტრეხტთან" მატჩის ბოლო წუთზე მიღებული პენალტით 1:2 წააგეს. ამ შეხვედრაში ქართველთაგან თავი ბექა მიქელთაძემ გამოიჩინა.

4 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ბოლო ორი შეხვედრა ჩაატარა –სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" გოშთელიანის დუბლით 2:0 მოუგო, რითაც ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა, ამიტომაც აკობიამ "მანჩესტერ სიტისთან" არაოპტიმალური შემადგენლობა გაამწესა და 0:2 წააგო.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ჰოლანდიურ "ალკმაართან" 0:1 დამარცხდა, მესამე ადგილისთვის მატჩში კი ჩვენმა გუნდმა "უტრეხტზე" ჯგუფში დამარცხებისთვის რევანში აიღო და მას თერთმეტრიანების სერიაში აჯობა.

ჰოლანდიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ბექა ქურდაძე, ნიკოლოზ შაფათავა, გიორგი თვარაძე, დემურ ჩომახიძე, ცოტნე ნადარაია, გიორგი სადღობელაშვილი, ვასილ კაციტაძე, ნიკა ქორიძე, ნიკა ლაშხია, გურამ გოშთელიანი, გიორგი ჯობავა, ვატო არველაძე, ილია სამურკასოვი, ბექა მიქელთაძე, რატი კაკიაშვილი, გიორგი გალდავაძე, ლუკა ვარძელაშვილი, გიორგი წივილაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული