რა დასამალია, წინასთან შედარებით, ეს თაობა და ნაკრები დაუბალანსებელი ჩანდა და მოგებას ვინ ჩივის, გულშემატკივარი ნერვიულობდა, დიდი ანგარიშით არ წავაგოთო. თუმცა ახალგაზრდებმა სამი ქულა მოიპოვეს და დიდი სიხარული მოგვანიჭეს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია გველაპარაკება დუგოპოლიეს "ჰრვატსკი ვიტეზოვის" სტადიონზე გადატანილ ბრძოლაზე, ფეხბურთელებზე, მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის ღირსეულ საქციელზე...
- უპირველესად, საინტერესო იქნება ხორვატიასთან მატჩის თქვენეული შეფასება.
- სტადიონზე მივდიოდით, როდესაც წვიმა წამოვიდა, ასეთ
ხორვატების ბოლო ორი მატჩის ჩანაწერი კი ვნახეთ, მაგრამ მათმა მთავარმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა ოთხი ახალი მოთამაშე დაიმატა და გუნდი მნიშვნელოვნად განაახლა. რადგან შეუთამაშებელნი ვიყავით, ბევრი ჩვენიანი ნაკრებში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა, თან ასეთ ძლიერ მეტოქეს ვსტუმრობდით, იცით ოქრიაშვილისა და ჭანტურიას ამბებიც, ისიც, რომ ვერც ყენია და ანანიძე გვეხმარებოდნენ, ამიტომ მეორე ნომრად თამაში გადავწყვიტეთ.
ხორვატებს სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდები ჰყავთ და ჩვენი ამოცანა მათთვის სათამაშო სივრცის მაქსიმალურად შეზღუდვა იყო. მიხარია, რომ მძიმე ბრძოლაში მასპინძლებს არაფერი დავუთმეთ, შემიძლია ვთქვა, რომ ორთაბრძოლებში არანაკლებ დამაჯერებლადაც გამოვიყურებოდით. ბიჭებს დავავალეთ, რომ ხორვატებს მოედნის ცენტრში დახვედროდნენ, ზონები გადაეკეტათ, წინ კი ტექნიკური ბიჭები დავაყენე, შეტევები სწრაფად რომ წამოეწყოთ. მთავარი სათამაში დისციპლინის დაცვა იყო. შეცდომები როგორ არ გვქონდა, მაგრამ ბიჭებმა დავალებები მაინც ხუთიანზე შეასრულეს.
- მატჩამდე მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, ხორვატიიდან სამი ქულით თუ დაბრუნდებოდით.
- მატჩამდე ბიჭებს ამაზეც ველაპარაკე. შარშან ხორვატიამ ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი წააგო, თუმცა, ცხადია, ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ მერე თაობა შეიცვალა. წინასწარ თუ შეუშინდი, ფარერებიც მოგიგებს. აქვე ვიტყვი, რომ ფედერაცია და ქეცბაია ძალიან დაგვეხმარნენ. ფედერაციამ ავსტრიულ ტურნირზე გაგვიშვა, სადაც სამი მატჩი გავმართეთ, თემურმა კი ეროვნულთან თამაში შემოგვთავაზა. ამას დაემატა ათდღიანი შეკრებაც. ამ ოთხ შეხვედრაში და შეკრების დროს სასარგებლო დასკვნები გავაკეთეთ და შემადგენლობაში ცვლილებები გამოვიცანით. არადა, თავიდან ხორვატებთან სხვა შემადგენლობის დაყენებას ვაპირებდით.
- რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევთ?
- ყველამ იბრძოლა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა, მეკარით დაწყებული, თავდამსხმელებით დამთავრებული. ასე რომ, გამორჩევით ვერავის დავასახელებ.
- ეპიზოდების სიმრავლიდან უნდა დავასკვნათ, რომ ნაკრების ლიდერი ლევან მჭედლიძე იყო.
- ლევანი მართლაც კარგად გამოიყურებოდა, აქტიური და მონდომებული იყო. საერთოდ, საქმეს სერიოზულად უდგება, გუნდური ინტერესები საკუთარზე წინ დააყენა, რაც ძალიან მახარებს.
- მატჩამდე თქვით, რომ ხორვატიას სუსტი დაცვა ჰყავდა. ეს ვარაუდი გამართლდა?
- სუსტი იყო დანარჩენ რგოლებთან შედარებით. მეტოქეში რაღაც მინუსი უნდა დაინახო. ასე იყო თურქებთანაც - ზესტაფონის მატჩამდე შევნიშნე, რომ მოუქნელი მცველები ჰყავდათ. ასეთივე ნაკლი ეტყობოდათ ხორვატ ცენტრალურ მცველებსაც და მათი ნაკლის გამოყენება ვცადეთ. ამას მოგების გამო არ ვამბობ.
- ძნელი წარმოსადგენი არ არის, სადებიუტო შეხვედრის წაგება ივო შუშაკს რა ხასიათზე დააყენებდა.
- კაცს ფერი არ ედო, მაგრამ ღირსება არ დაკარგა, პრესკონფერენციაზე საქართველოზე თბილად ილაპარაკა, გამარჯვება მოგვილოცა და წარმოიდგინეთ, საშინელი განწყობის მიუხედავად, ოჯახის წევრებთან მოკითხვა დამაბარა. ჩვენი მეგობარია, ნაკრებში ერთად გვიმუშავია, 13 მაისსაც გვესტუმრა და მისგან ღირსეული საქციელი არ გამკვირვებია.
- მატჩის შემდეგ როგორი იყო ხორვატების რეაქცია?
- არ ვიცი, რადგან მატჩის შემდეგ სპლიტში გვეჩქარებოდა და სტადიონი სწრაფად დავტოვეთ, თუმცა თამაშზე მაინც დავიგვინეთ. ისე, როგორც კი სტადიონზე შევედით, კანკავამ ხორვატებს გოლი გაუტანა.
- თქვენი აზრით, ამ შეხვედრის შემდეგ ქართველი ახალგაზრდებით ევროპული კლუბები დაინტერესდებიან?
- მჯერა, რომ ასე მოხდება. თუმცა სერიოზულ კლუბში ფეხბურთელს ერთი თამაშის შთაბეჭდილებით არ იწვევენ. მთავარია, ასევე გააგრძელონ. პირადად მე, რაც უნდა მადლიერი ვიყო ხორვატიასთან ფეხბურთელის გარჯით, ვინც ფორმაში არ იქნება, შემდეგ მატჩში არ გამოვიძახებ. თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, მოგებისთვის მადლობა, მაგრამ ამაზე ფიქრი დღესვე დაასრულეთ და ესპანეთთან მატჩებისთვის მოემზადეთ-მეთქი. ჩვენ მუდამ შემართული, მებრძოლი და ფორმაში მყოფი ფეხბურთელები გვჭირდება, თორემ კმაყოფილი ადამიანი ვერაფერს მიაღწევს.
- სექტემბერში ორჯერ ვხვდებით ესპანეთს. მანამადე ამხანაგური შეხვედრა თუ დაგეგმეთ?
- აგვისტოში მოლდოვას შევხვდებით, 8-ში ან 10-ში ვითამაშებთ. შესაძლოა, მანამდე ნაკრების კანდიდატთა ორმხრივი თამაში ჩავატაროთ. ბევრი კანდიდატი გვყავს და არ გვინდა, რომელიმე გამოგვრჩეს.
თუმცა ხორვატიიდან მაინც ცუდ ხასიათზე წამოვედით, ეროვნული ნაკრების წაგებამ გული დაგვიწვა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ორი ბავშვური შეცდომის გამო ქულაც ვერ წამოვიღეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, დარჩენილ სამ შეხვედრას ეროვნული აუცილებლად მოიგებს.
- თქვენი გუნდის გაძლიერების რესურსს თუ ხედავთ?
- რა თქმა უნდა, ოქრიაშვილი დაგვიბრუნდება, ეროვნულს თუ არ დასჭირდებიან, ყენიასა და ანანიძეს დავიმატებთ და ჭანტურიასთვისაც არ გადამისვამს ხაზი. ესპანეთთან ბევრად მძიმე შეხვედრა გველის და განსაკუთრებული მონდომებით უნდა ვითამაშოთ.
- ხორვატიაში ნაკრებს მოედანზე ლევან კაკუბავა გაუძღვა. მისი კაპიტნობა გადაწყვეტილი ამბავია?
- დიახ, ლევანი კაპიტნად დავნიშნე, რადგან წინა ციკლში ითამაშა, სანაკრებო და საკლუბო დონეზე საკმაო საერთაშორისო გამოცდილება აქვს და პიროვნულადაც მოწესრიგებული ბიჭია.