ფრთხილად, ქართველები!

AutoSharing Option
დღეს, 10 აგვისტოს მოლდოვურ ქალაქ ორხეიში ქართველი 21-წლამდელები მოლდოველ თანატოლებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. ევროჩემპიონატის შესარჩევ ტურნირამდე ამ შეხვედრას ორივე ნაკრები გენერალურ რეპეტიციად განიხილავს.

თუმცა, როგორც ჩანს, მასპინძლებისთვის ამ მატჩს სხვა დატვირთვაც აქვს. აშკარაა, ევროთასებზე ქართულ კლუბებთან მარცხმა მოლდოველები ძალიან გაამწარა - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან "ზესტაფონმა" "დაჩია" გამოაგდო, თბილისის "დინამომ" ევროპის ლიგიდან კი - "მილსამი". ახლა მოლდოვაში მცირე რევანშზე ფიქრობენ. ვითარება გაამძაფრა "დაჩია"-"ზესტაფონის" მატჩამდე და განაკუთრებით მის შემდეგ კიშინიოველთა მთავარი მწვრთნელის, იგორ დობროვოლსკის არათუ უტაქტო, არამედ უცენზურო კომენტარებმა.

ეტყობა, კიშინიოვური მატჩის
პერიპეტიებს უკვალოდ არ ჩაუვლია: ახალგაზრდათა სანაკრებო მატჩამდე ქართველ ფეხბურთელებზე არცთუ სასიამოვნო ტონით ალაპარაკდა მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი სერგეი კირილოვიც: "ქართველი ფეხბურთელები არა მხოლოდ ტექნიკურები, არამედ ტემპერამენტიანებიც არიან. ამიტომ ჩემს ფეხბურთელებს მოვუწოდებ, არ აჰყვნენ მათ არასპორტულ ქცევაში, ითამაშონ ისე, როგორც ნამდვილ მამაკაცებს შეშვენით, ცხადია, ფეარ პლეის პრინციპების დაცვით. ვფიქრობ, მატჩი საინტერესო და მიმზიდველი იქნება", - განუცხადა "სოკერ მოლდოვას" კირილოვმა.

სამწუხაროდ, მხოლოდ მოლდოვაში არ აქვთ ქართველ ფეხბურთელებს სიმულანტებისა და მოჩხუბრების სახელი, ეს კი უნდა გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ რათა ნაკლი გამოვასწოროთ, თუმცა ძნელი ასახსნელია, როდის აქეთაა მოლდოველი "ნამდვილი მამაკაცი", ქართველი კი მისი ანტიპოდი?

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი მატჩისთვის ემზადება. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ოთარ გაბელიას გუნდი უკვე სრული შემადგენლობით შეიკრიბა. 8 აგვისტოს, საღამოს მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელები მსუბუქად ავარჯიშა, რადგან ლეგიონერების დიდი ნაწილი კიშინიოვში ახალი ჩასული იყო და მათ გადატვირთვას მოერიდა.

გუნდთან ერთადაა დავით კაკულიაც, რომელიც ბელცის "ოლიმპიაში" წლეულს ჩაირიცხა და ჩვენებიდან ერთადერთია, რომელიც მეტოქე ქვეყნის ჩემპიონატში გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ლევან მჭედლიძემ იტალიიდან ჩამოსვლა ვერ მოახერხა, თავდასხმა მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება. რაც შეეხება მხოლოდ ოთხი მცველის წაყვანას, ეს ამ ხაზში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს. გაბელია არც მალავს, რომ უკანახაზელთა დეფიციტი აშფოთებს.

საბოლოოდ, ახალგაზრდული ნაკრები მოლდოვაში ასეთი შემადგენლობით შეიკრიბა:

მეკარეები: თორნიკე ზარქუა, დავით ლეგაშვილი
მცველები: ნიკოლოზ აფაქიძე, გივი იოსელიანი, ლაშა კალანდაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი.
ნახევარმცველები: თორნიკე თარხნიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა ძალამიძე, ნიკა კვეკვესკირი, ზაქარია ბეგლარიშვილი, ვალერი ყაზაიშვილი, ირაკლი ხუციძე, ჯაბა ჯიღაური, ლუკა გუგუჩია, ზვიად სიხარულია, დავით კაკულია.
თავდამსხმელები: ირაკლი შეყილაძე, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ქობალია.

ჩვენი და მოლდოველი ახალგაზრდების მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული