U21 მოლდოვა-საქართველოს ექო: არ ვუმსაჯოთ უცხოელებს სიდენკოსავით!

AutoSharing Option
მოლდოვა-საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების ფრედ, 2:2 დასრულებული მატჩისას შეხვედრის მოლოდველმა არბიტრმა გენადი სიდენკომ ოთარ გაბელიას გუნდის კარში ისეთი პენალტები დანიშნა, ჩვენს უმაღლეს ლიგაშიც რომ იშვიათად იგონებენ და სტუმრებს დამსახურებული გამარჯვება ხელიდან ააცალა.

მეორე პენალტის შემდეგ გაბელია მოედნიდან გუნდის გაყვანას აპირებდა, ერთ-ერთი მოთამაშე გასახდელისკენაც დაიძრა, მაგრამ ბოლოს ამ ნაბიჯისგან თავი შეიკავეს.

გაბელიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოლდოვაში ფეხბურთი წინ მიდის, მაგრამ ასეთი მსაჯობა ისევ თქვენ დაგაზარალებთ, ევროპაში სიდენკოსავით არავინ გიმსაჯებთო.

თავად მოლდოველები წერდნენ, სერგეი კირილოვის გუნდი მსაჯის ორი პენალტის წყალობით გადაურჩა წაგებასო.

"მოლდფუტბოლის"
ფორუმში კი ქართველ და მოლდოველ ქომაგთა შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა. სხვათა შორის, თავად მოლდოვაშიც აღმოჩნდნენ ისეთები, თანამემამულე მსაჯის უღირს საქციელს უარყოფითად რომ ესხმაურებოდნენ:

- "დაჩიას" მაგალითმა აჩვენა, რომ საკუთარი მსაჯი წარმატების საწინდარია.
- რა კავშირშია "დაჩია"-"ზესტაფონი" ამ მატჩთან?
- რა ნაკრებიც გვყავს, ისეთივეა ტრანსლაცია (მატჩს ძალიან უხარისხოდ გადასცემდნენ). ქართველები დაგვცინიან, სამარცხვინო და საწყენია.
- ქართველები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ მათზე დაბლა ვდგავართ და სიმართლე ვაღიაროთ, რაც არის, ეს არის!
- რა თქმა უნდა, გჯობნით, სად მოლდოვა და სად საქართველო?
- ქართველებმა რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, თუ მოლდოვას ქომაგობ, ბოლომდე უქომაგე. ვერ ხედავ, ბიჭები რა მონდომებით თამაშობენ.
- გუნდი კი არა, მსაჯია მონდომებული.
- კიდევ გაგვიტანეს, ყოჩაღ ქართველებს, თავისი მომენტი გამოიყენეს.
- კიდევ პენალტი? თავად არ გეცინებათ? ქართველების წინააღმდეგ მსაჯი თამაშობს თუ მოლდოვა?
- ჰა, ჰა, ჰა, ჩვენებს მხოლოდ პენალტით შეუძლიათ გატანა. ვის რაში სჭირდება ასეთი ფრე, თანაც მეხუთე დამატებულ წუთზე?
- ეეეჰ, "დაჩია" და დღევანდელი ფეხბურთი აჩვენებს, რა არის მოლდოვური ფეხბურთი.
- ნახეთ, სიდენკომ რა პენალტი დადო? ასეთი მსაჯობით შორს ვერ წახვალთ, რუსეთი და ყატარი არ ხართ, ფიფა-უეფაში ყველა მოისყიდოთ. თანაც, ევროპელებს უფრო დიდი მადა აქვთ.
- სირცხვილი სიდენკოსა და მოლდოვის ფედერაციას. ჩვენ ასეთი ფრე არ გვჭირდებოდა.
- იქნებ მოლდოველებმა ფეხბურთი აღარ ითამაშოთ? შაშში, ბადმინტონში ან დამალობანაში სცადეთ ბედი, მსაჯი ყოველთვის არ დაგეხმარებათ.
- მადლობა, რომ მესამე პენალტიც არ დაგვინიშნეს.

ჩვენი გულშემატკივრის აღშფოთება სამართლიანია, მაგრამ რაც ჩვენ გვწყინს, იგივე სწყინთ საქართველოში დაჩაგრულ სტუმრებსაც. ბოლო წლებში არაერთი ასაკობრივი ნაკრები თუ გუნდი ჩამოსულა საქართველოში ამხანაგურად სათამაშოდ, შეხვედრა ქართველ არბიტრებსაც განუსჯიათ და ვაღიაროთ - ხშირ შემთხვევაში მათი მოქმედებები არანაკლებ აღმაშფოთებელი იყო.

თუ ღირსეული ერის პრეტენზია გვაქვს, ორჰეის მატჩი არა მხოლოდ ემოციურად უნდა აღვიქვათ - არც ჩვენ უნდა ვუმსაჯოთ სტუმრებს ისე, როგორც ეს გააკეთა გენადი სიდენკომ მოლდოვა-საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩისას. ცხოვრება ხომ ბუმერანგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული