თავიდან ეს მორიგ ჭორად მივიჩნიეთ, მაგრამ გუშინ ახალგაზრდული ნაკრების წევრებსაც იგივე კითხვა რომ გაუჩნდათ, ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილს დავუკავშირდით და აღმოჩდა, რომ ეს ვარიანტი განიხილება და შესაძლოა, საქართველო-ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს მართლაც ქუთაისმა უმასპინძლოს.
"დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული სტადიონზე ეს შეხვედრა ვერ ჩატარდება, რადგან აგვისტოს ბოლოს რემონტისთვის დაიხურება და საფარს დააგებენ.
ხვალ ესპანელები გვესტუმრებიან და ქუთაისში სასტუმროებსა და სტადიონს დაათვალიერებენ. შეიძლება ითქვას, ახლა მათ პასუხზეა დამოკიდებული, შედგება თუ არა შეხვედრა ქუთაისში. თუ უარს იტყვიან, ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა მოგვიწევს" – გვითხრა დვალიშვილმა.
ჩვენი გასარემონტებელი თუ რემონტში მყოფი სტადიონების გამო ასევე უცნობია, სად მიიღებს ეროვნული ნაკრები ლატვიას.
"23 აგვისტოს გვესტუმრება უეფას სტადიონებისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი, ნორვეგიელი ტრიგვე ბორნო, რომლიც უეფამ 25 აგვისტოს თბილისში "დინამოსა" და აეკ-ის მატჩის დელეგატადაც მოავლინა. ის დაათვალიერებს "მიხელ მესხზე" მიმდინარე სამუშაოებს და იტყვის, ვუმასპინძლებთ თუ არა ვაკის სტადიონზე ლატვიას. ფედერაციის თხოვნითა და შუამდგომლობით, ბორნო ზესტაფონის სტადიონსაც დაათვალიერებს და შეაფასებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"