საქართველოსა და ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის ქუთაისში დანიშვნამ ადგილობრივები ძალიან გაახარა - დიდი ხანია, ქუთაისს საერთაშორისო მატჩისთვის არ უმასპინძლია.
ჩამოსვლის დღეს კოპიტნარის აეროპორტში ესპანელებს ახალგაზრდების ჯგუფი დახვდა, რომელთაც სტუმრებმა ფოტოების გადაღებასა და ავტოგრაფებზე უარი არ უთხრეს. ესპანელებმა ქუთაისელებთან ფოტოსესია არც გუშინ,31 აგვისტოს იუარეს, როცა ნასადილევს ქალაქის ცენტრში გაისეირნეს, საღამოს კი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშეს. მოედნის საფარიც მოეწონათ და ამინდიც. ესპანელებმა ვარჯიშს მხოლოდ ათი წუთი დაგვასწრეს და მაშინაც მხოლოდ მსუბუქი ვარჯიშით შემოიფარგლნენ.
ლუის მილია (მთავარი მწვრთნელი): ,,რთული თამაში გველის. საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია სიურპრიზების შეთავაზება. შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ტრავმა არავის აწუხებს. შესარჩევის პირველ შეხვედრას ვატარებთ და ვეცდებით, 3 ქულა ავიღოთ, თუმცა ვიცით, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იოლად არაფერს დათმობს. რაც შეეხება მოედნის საფარს, ის მშვენიერ მდგომარეობაშია და ორივე გუნდს კარგი ფეხბურთის თამაშის საშუალება ექნება.
ბარტა (ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებისა და "ბარსელონას" მცველი): ,,პირველი შთაბეჭდილებები კარგია. საქართველოში თბილად დაგვხვდნენ. კარგი ნაკრები გყავთ, ხორვატიას სტუმრად 1:0 მოუგო, რაც მის სიძლიერეზე მეტყველებს. საერთოდაც, ძლიერი ჯგუფია, შვეიცარია, ხორვატია, საქართველო სერიოზული მეტოქეები არიან. დღეს ნებისმიერს შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება. ამიტომაც სრულად უნდა დავიხარჯოთ. ჩვენი გუნდი ყოველთვის მოსაგებად იბრძვის. ძლიერი და დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს, მთავარია, მთელი შემართებით ვითამაშოთ და ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია გამარჯვება".
თავდადება ჩვენი, ქომაგობა თქვენი
ესპანელები ჯერაც მოედანზე იყვნენ, როცა სტადიონზე ჩვენები გამოჩნდნენ. გულშემატკივრები ოთარ გაბელიას გუნდს ტაშით შეეგებნენ. ქართველების წვრთნაც, ჩვეულებრივ, მოთელვით დაიწყო, შემდეგ იყო კვადრატები, კარში დარტყმები, სხვადსხვა სათამაშო ნიუანსის დამუშავება.
მეკარეთა მწვრთნელმა დავით გვარამაძემ გიორგი მაკარიძე და თორნიკე ზარქუა ცალკე დატვირთა. განსაკუთრებული ყურადღება გვარამაძემ გამოსვლაზე თამაშს დაუთმო. ბოლოს გაბელიამ ფეხბურთელები ორ გუნდად გაყო და მოედნის ნახევარზე ორკარა ათამაშა. ერთი შემადგენლობა ასეთი იყო: ზარქუა, იოსელიანი, ჯიღაური, კვერკველია, კანდელაკი, თარხნიშვილი, ძალამიძე, შეყილაძე, მჭედლიძე, ჭანტურია; მეორეში კი იყვნენ მაკარიძე, კაკუბავა, კალანდაძე, აფაქიძე, ჯიშკარიანი, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი, ქობალია, ოქრიაშვილი, ბეგლარიშვილი. ქართველი ფეხბურთელები საკმაოდ ხალისიანად გამოიყურებოდნენ და ლაღადაც თამაშობდნენ.
გაბელიაც ოპტიმისტურად არის განწყობილი და ჟურნალისტებს ჯერ კიდევ ვარჯიშის დაწყებამდე გაგვესაუბრა:
- ესპანეთის ნაკრების ძალაზე ლაპარაკიც ზედმეტია - ევროპის ჩემპიონია. მართალია, იმ გუნდიდან მხოლოდ ექვსი ფეხბურთელიღაა დღევანდელ ნაკრებში, მაგრამ მათ, ჩვენგან განსხვავებით, მოთამაშეთა დიდი არჩევანი აქვთ და ახლაც არანაკლებ ძლიერი გუნდი ჰყავთ. ჩვენ რა კონტინგენტიც გვყავს, ვეცდებით, მათი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვიყენოთ და პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოლოთ. თუ გვაჯობეს, რა გვეთქმის, მთავარია, რომ ცდა არ დავაკლოთ.
- როგორ თამაშს ელოდებით?
- თამაში, რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ ახალგაზრდებისთვის ეს კარგიცაა. ფეხბურთელი ძლიერ მეტოქეებთან თამაშში იძენს გამოცდილებას. შემდეგ კი ასეთი მოთამაშე ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგება.
- როგორ საფეხბურთო ატმოსფეროს ელოდებით ქუთაისში?
- ქუთაისი ჩემთვის უცხო ქალაქი არ არის, აქ ფეხბურთსაც ვთამაშობდი და მწვრთნელიც ვიყავი. ალბათ, სტადიონი გაივსება და საქართველოს ნაკრებს ქომაგობა არ მოაკლდება. თუ თამაში ჩვენთვის სასურველად არ წარიმართა, სწორედ იმ მომენტში დაგვჭირდება მხარდაჭერა და იმედია, ქუთათურები გვერდში დაგვიდგებიან. თამაში და მოგება რომ შეგვიძლია, ამაში ხორვატიის ნაკრების დამარცხებამ დაგვარწმუნა. მართალია, ესპანეთი უკეთესი გუნდია, მაგრამ ხორვატებსაც არანაკლებ კარგი გუნდი ჰყავდათ და დავამარცხეთ. მთავარია, ბიჭების თავდადება და გულშემატკივრების აქტიურობა.
- ყველა ფეხბურთელი მწყობრშია?
- მიკროტრავმები აქვთ კაკუბავას და მჭედლიძეს, თუმცა სერიოზული არაფერია. ორივე სრული დატვირთვით ემზადება ხვალინდელი მატჩისთვის. ხვალ დილით, მოთელვისას ვნახავთ, რა მდგომარეობაში იქნებიან.
- თქვენთვის ფრე თუ იქნება მისაღები შედეგი?
- კარგად უნდა ვითამაშოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. ევროპის ჩემპიონებთან ფრე მისაღებია, მაგრამ მოგებასაც უნდა ვეცადოთ. აბა, ყველასთან და ყოველთვის ესპანეთმა ხომ არ უნდა გაიმარჯვოს?!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"