ბაჩანა არაბული გაისად დაბრუნდება

AutoSharing Option
შარშან ამ დროს ბაჩანა არაბული შესანიშნავ ფორმაში იყო და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებშიც აშკარად გამოირჩეოდა. ნიჭიერმა თავდამსხმელმა მაღალ დონეზე ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი, რომელიც თბილისში გაიმართა, მძიმე ტრავმა კი გაზაფხულზე, ელიტრაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო და ულიდეროდ დარჩენილმა ნაკრებმა ელიტრაუნდში წარუმატებლად იასპარეზა.

არაბულს მარტის შემდეგ აღარ უთამაშია და, სამწუხაროდ, მოედანზე კიდევ დიდხანს ვერ გავა - ექიმები თავიდან იმედოვნებდნენ, რომ ჯვარედინი მყესები არ იყო გაწყვეტილი, მაგრამ იმედი არ გამართლდა. ბაჩანას ოპერაცია დასჭირდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შტუტგარტის კლინიკაში ჩაუტარდა.

არაბული
ახლაც გერმანიაშია, სადაც სარეაბილიტაციო პერიოდს დაიწყებს, თბილისში კი მალე დაბრუნდება და მისი გამოჯანმრთელების პროცესიც, ძირითადად, აქ წარიმართება.

”როგორც ამგვარ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მოედანს დაახლოებით ექვს თვეში დავუბრუნდები. ცუდი ამბავი დამემართა, მაგრამ რას ვიზამ, ვცდილობ, რეალობას თვალი გავუსწორო და ფსიქოლოგიურად არ დავითრგუნო. ვფიქრობ, მტკიცე ხასიათი მაქვს და ამ დაბრკოლებას აუცილებლად გადავლახავ, მთავარია, ჯანმრთელობამ შემდგომში მაინც არ დამაღალატოს. ფეხბურთის თამაში ძალიან მენატრება, მაგრამ არ უნდა ავჩქარდე და ექიმების ყველა მითითება ზედმიწევნით შევასრულო", - გვითხრა არაბულმა.

ბუნებრივია, უკანა პლანზე გადაიწია ”მანჩესტერ სიტის" თემამაც. ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ არაბულით ცნობილი ინგლისური კლუბი დაინტერესდა და სინჯებზე მიიწვია, ნიჭიერმა ქართველმა ფორვარდმა ”სიტის" რეზერვისტებში რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა და გამორიცხული არ იყო, მანჩესტერელებს კიდევ მიეწვიათ.

დაკარგული ჯერ არაფერია და გამოჯანმრთელების შემდეგ არაბულს, რომელსაც არც საფეხბურთო ტალანტი აკლია და როგორც ამბობენ, არც შრომისმოყვარეობა, ძლიერ უცხოურ კლუბში გადასვლის შანსი კიდევ მიეცემა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რეალური კანდიდატიც გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული