17-წლამდელთა ნაკრების ციფრული სურათი

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ბარიერი წარმატებით გადალახა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

ჩვენი გუნდის მოლდოვური ვოიაჟისა და იქაური შთაბეჭდილებების შესახებ უახლოეს დღეებში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ და ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვასილ მაისურაძის ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ, მანამდე კი მცირე სტატისტიკურ მონაცემებს გაგაცნობთ.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვაში სამი მატჩი ჩაატარა - პირველ ტურში ბულგარეთს 3:2 სძლია, მერე მასპინძელ მოლდოვას 2:1 აჯობა, ბოლოს კი არაფრისმომცემი შეხვედრა შვედეთთან 0:2 დათმო.

სამწვრთნელო შტაბმა მოედანზე გასვლის საშუალება განაცხადში მყოფ 18-ივე ფეხბურთელს მისცა. სამივე მატჩი შეუცვლელად მხოლოდ გუნდის
ვიცე-კაპიტანმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა ჩაატარა და საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირიც ის გახდა ორი გოლით. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჭეჭელაშვილმა თავი ორივეჯერ თერთმეტმეტრიანით გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების დანარჩენი სამი გოლი კი ნიკა ჭანტურიას, გიორგი პაპუნაშვილისა და ნიკა ახვლედიანის ანგარიშზეა.

ჭეჭელაშვილის გარდა, სამივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში კიდევ ორმა ფეხბურთელმა დაიწყო - გიორგი გოროზიამ და ნიკა ახვლედიანმა. ყველა მატჩი სასტარტოში არ დაუწყიათ, მაგრამ თამაში არ გაუცდენიათ მათე ცინცაძეს, გიორგი პაპუნაშვილს, ილია კერძევაძეს, ლაშა დვალსა და თორნიკე მაჭავარიანს. ყველაზე ცოტა, 11 წუთი, მოედანზე ცოტნე ქებურიამ გაატარა. იგი ჩვენი ნაკრების ერთადერთი წევრია, რომელსაც მოლდოვაში ძირითადში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია.

საბედნიეროდ, მოლდოვაში საქართველოს ნაკრების წევრი არ გაუძევებიათ, მაგრამ 8 გაფრთხილება მაინც დავაგროვეთ. დისკვალიფიკაციის გამო შვედეთთან ნიკა ჭანტურიამ ვერ ითამაშა. ელიტრაუნდის პირველი მატჩისთვის დასჯილი არავინაა, თუმცა ამ ეტაპს თითო ყვითელი ბარათით 6 ქართველი ფეხბურთელი ხვდება.
თითო საგოლე პასია ჭეჭელაშვილისა და ჩვენი გუნდის კაპიტნის, გიორგი აბურჯანიას ანგარიშზე. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მეტოქეთა კარში ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ, ნიკა ახვლედიანმა დაარტყა, თამაშგარეში კი სხვებზე მეტჯერ, 2-ჯერ, ილია კერძევაძე აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების ყველაზე უხეში ფეხბურთელი ჭეჭელაშვილი იყო. თამაშის წესები მან 8-ჯერ დაარღვია, 5 ჯარიმაა აბურჯანიას ანგარიშზე. მეტოქე ფეხბურთელები 4-4-ჯერ დაჯარიმდნენ აბურჯანიას, კერძევაძისა და პაპუნაშვილის წინააღმდეგ.

აქვე ჩვენი გუნდის ვრცელ სტატისტიკურ სურათსაც წარმოგიდგენთ. ფეხბურთელები სათამაშო ნომრების თანმიმდევრობით არიან ჩამოთვლილი.

ფეხბურთელი პოზიცია მატჩი ძირ. გოლი საგ.პასი ყვ.ბარ.
1. ალექსანდრე ადამია მეკარე 2 2 -3 - -
2. გიორგი გაბაძე მცველი 2 2 - - -
3. ნიკა ჭანტურია მცველი 2 2 1 - 2
4. ალექსანდრე ჩაკვეტაძე მცველი 1 1 - - 1
5. გიორგი გოროზია მცველი 3 3 - - 1
6. მათე ცინცაძე ნახევარმცველი 3 1 - - 1
7. გიორგი აბურჯანია ნახევარმცველი 2 2 - 1 1
8. გიორგი პაპუნაშვილი ნახევარმცველი 3 2 1 - -
9. რომან ჭანტურია თავდამსხმელი 2 2 - - 1
10. ნიკა ახვლედიანი ნახევარმცველი 3 3 1 - 1
11. დავით დარციმელია თავდამსხმელი 2 2 - - -
12. ნიკა შერმადინი მეკარე 1 1 -2 - -
13. ილია კერძევაძე თავდამსხმელი 3 1 - - -
14. ოთარ კაკაბაძე ნახევარმცველი 2 2 - - -
15. ლაშა დვალი მცველი 3 2 - - -
16. თორნიკე მაჭავარიანი ნახევარმცველი 3 2 - - -
17. ჭიაბერ ჭეჭელაშვილი ნახევარმცველი 3 3 2 1 -
18. ცოტნე ქებურია მცველი 1 - - - -

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული