ჭედიამ ისაუბრა გუნდში არსებულ მდგომარეობაზე, ფეხბურთელების განწყობასა და მომზადების დონეზე. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვენლოვანი შეხვედრის წინ, ახალგაზრდული ნაკრები, ლამის, ლაზარეთს დაემსგავსა - ერთდროულად ექვსი ფეხბურთელია ტრავმირებული.
გამორიცხულია თორნიკე ზარქუას, ლევან კაკუბავას, ჯამბულ ჯიღაურისა და თორნიკე ოქრიაშვილის თამაში. შეკრებაზე იმყოფებიან ნიკა კვეკვესკირი და თორნიკე თარხნიშვილი, თუმცა, კვეკვესკირს აქილევსის მყესი აწუხებს და მხოლოდ მსუბუქად ვარჯიშობს; თარხნიშვილს კი, წარბი აქვს გატეხილი და ექვსი ნაკერი
ტრავმირებულთა ნაცვლად, სოსო ჭედიამ ნაკრებში მარტვილის "მერანის" მეკარეს - ჯონი შეროზიას, ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელებს - გიორგი ლემონჯავასა, ლაშა გვალიას და ზუგდიდელ ზვიად სიხარულიას უხმო.
"დამეთანხმებით, ტრავმების თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით. თუმცა, გუნდში საკმაოდ მხნე და კარგი განწყობაა. ჩვენთვის მთავარი იყო, ბიჭებს ესპანეთთან გადატანილი თამაშები დაევიწყებინათ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. შვეიცარიელები ძალიან სერიოზული განწყობით ჩამოვიდნენ; ძლიერი გუნდია და 3 ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. სიმართლე რომ გითხრათ, მთელი რიგი ფაქტორების გათვალიწინებით, ჩვენ ალბათ მეორე ნომრად ვითამაშებთ. შვეიცარიის მსგავს გუნდს გახსნილი ფეხბურთი რომ დავუპირისპიროთ, შეიძლება, ესპანეთის თამაშის სცენარი განმეორდეს.
ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის და მთავარი ისაა, რომ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი ჩვენც გვაქვს. თამაშები ჯერ წინაა" - განაცხადა ჭედიამ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საგურამოში ვარჯიშობს. ხვალ მატჩის წინ ვარჯიშს ჭედიას გუნდი "მიხეილ მესხზე" გამართავს, საღამოს 19:00 საათზე.
საქართველოსა და შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრების მატჩი 7 ოქტომბერს, 21:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 ლარი ღირს.
gff.ge