ჭედიასთან ერთად მედიის წინაშე ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე წარსდგა.
ჭედია:
- მინდა, პრესკონფერენცია უსიამოვნო თემით დავიწყო. სამწუხაროდ, ტრავმირებულები მოგვიმრავლდნენ და შვეიცარიასთან შეხვედრას ოპტიმალურთან ოდნავ მიახლოებული შემადგენლობითაც კი ვერ ჩავატარებთ. გამოირიცხა თორნიკე ზარქუას, ლევან კაკუბავას, ჯაბა ჯიღაურისა და თორნიკე ოქრიაშვილის თამაში, ძალიან საეჭვოა მატჩში ნიკა კვეკვესკირისა და თორნიკე თარხნიშვილის მონაწილეობა, ლევან მჭედლიძე კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
ასეთი
- ალბათ, ტრავმირებულებს შემცვლელებიც მოუძებნეთ.
- დიახ, ნაკრებში გამოვიძახეთ ზვიად სიხარულია, გიორგი ლემონჯავა, ლაშა გვალია და მეკარე ჯონი შეროზია. იმედია, ისინი დაშავებულებს ღირსეულად შეცვლიან.
- მეტოქეზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრების ძალაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და მხოლოდ იქ დამარცხდა უძლიერეს ესპანეთთან. მოკლედ, ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით, თუმცა წარმატების დიდი იმედი გვაქვს.
- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველოს ნაკრებმა "მეორე ნომრად" ითამაშოს?
- ალბათ, ასეც იქნება და თამაშს კონტრშეტევებზე ავაგებთ.
- ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბევრმა ამ თაობის ნიჭიერებაში ეჭვი შეიტანა.
- სამი დღეა, რაც საქართველოს ახალგაზდულ ნაკრებთან ვმუშაობ, მაგრამ უკვე დავრწმუნდი, რომ საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც ყველაფერი წინ აქვთ. ბიჭების განწყობით კმაყოფილი ვარ. ესპანეთი კი სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ.
- ახალგაზრდული ნაკრები ეროვნული გუნდის ყაიდაზე ითამაშებს?
- ჩვენი გეგმა სწორედ ასეთია, თუმცა გვინდა, ჩვენი ნაკრებები დაცვაშიც და შეტევაშიც ერთნაირად ძლიერები იყვნენ და ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს.
მაკარიძე:
- შვეიცარიასთან მატჩის მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგად ესმის. ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და მის გამოსაყენებლად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ვფიქრობ, ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც კარგად ვართ მომზადებულები და ეს მოედანზეც გამოჩნდება.
- ალბათ, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების ამბიციაც გაქვს.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, "ლე მანის" ძირითად შემადგენლობაში მყარად დავმკვიდრდე. ისიც ფაქტია, რომ ნუკრი რევიშვილის, გიორგი ლორიასა და როინ კვასხვაძის სახით ძლიერი კონკურენტები მყავს, მაგრამ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრს ვიშრომებ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს, 19 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ღია ვარჯიშს ჩაატარებს, საქართველო-შვეიცარიის მატჩი კი, შეგახსენებთ, იმავე არენაზე ხვალ, 21 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟი არ იგეგმება.
ბოლოს კი, შემოგთავაზებთ ჩვენი გუნდის შემადგენლობას დაშავებულთა და დამატებულთა გათვალისწინებით. რაკი კვეკვესკირისა და თარხნიშვილის თამაშის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, ისინი სიაში დავტოვეთ.
მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი), გიორგი ნადირაძე ("დინამო", თბილისი), ჯონი შეროზია ("მერანი", მარტვილი);
მცველები: დავით ხოჭოლავა ("დინამო" თბილისი), ნიკოლოზ აფაქიძე ("ბაია", ზუგდიდი), ივანე კანდელაკი ("სკონტო", ლატვია), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ლაშა კალანდაძე (ორივე - "გაგრა"), მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი");
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი ლექვთაძე (ორივე - "დინამო" თბილისი), თორნიკე თარხნიშვილი, გივი იოსელიანი (ორივე - "ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ძალამიძე ("ვიძევი", პოლონეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ლუკა გუგუჩია ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი ლემონჯავა, ლაშა გვალია (ორივე - კოლხეთი", ფოთი);
თავდამსხმელები: ირაკლი შეყილაძე ("ემპოლი", იტალია), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), ირაკლი ქობალია, ზვიად სიხარულია (ორივე - "ბაია", ზუგდიდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"