საწვრთნელ-სასელექციო შეკრების მთავარი მიზანი, ნოემბერში, თურქეთში გასამართი ევროშესარჩევი ტურნირისთვის სათანადოდ მოზადებაა.
ამჟამად, გიორგი დევდარიანის განკარგულებაში 24 ფეხბურთელია:
დავით ლეგაშვილი ("სასკო"), გიორგი ბერია ("მერანი", მარტვილი), გიორგი პაპავა ("დინამო" თბილისი), თედო კაკულია ("დინამო" თბილისი), ცოტნე ხარაბაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ლაშა პარუნაშვილი ("დინამო" თბილისი), ალექსანდრე რეხვიაშვილი ("დინამო" თბილისი), ბუბა რუხაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი ქვილითაია ("სასკო"), ლევან ტყეშელაშვილი ("დინამო" თბილისი), თორნიკე გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), ნიკა
საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, გიორგი დევდარიანი ტესტ-მატჩების გამართვასაც აპირებს:
"ეს შეკრება 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დაგეგმილი გვაქვს ერთი თამაში "ზესტაფონის" პირველ გუნდთან და სავარაუდოდ, "დინამოსთანაც" ვითამაშებთ. ამ დღეების განმავლობაში, ერთმანეთშიც ვათამაშებთ ბიჭებს. ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, რომ მაქსიმალური ყურადღებით დავაკვირდეთ ყველა შეკრებაზე მყოფს, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ, ვინ გააგრძელებს მომზადებას ნოემბრის თამაშებისთვის. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ბევრმა ახალმა ფეხბურთელმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი თავის კლუბში და ვნახოთ, ნაკრების დონეზე როგორ გამოჩნდებიან. ალბათ, დამეთანხმებით, ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომელთა მომზადების დონე დაგვაკმაყოფილებს, რადგან ახლა ნამდვილად არაა იმის დრო, მათ ფიზიკურად აღზრდა-მომზადებაზე ვიმუშაოთ; თვითონ უნდა მოვიდნენ ნაკრებში სათანადოდ მომზადებულები" - განაცხადა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში გიორგი დევდარიანმა.
- თურქეთში გამგზავრებამდე, ალბათ, კიდევ შეიკრიბებით.
- როგორც ფედერაცია გვპირდება, დასკვნითი შეკრება აუცილებლად გვექნება. შემდეგ, ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გავემგზავრებით თურქეთში, რომ მზადება იქ გავაგრძელოთ.
- მეტოქეების შესახებ თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას?
- გვაქვს თურქეთის 19-წლამდე ნაკრების თამაშის ერთი ჩანაწერი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.
პრინციპში, ასეც ვფიქრობდი, რადგან თურქეთის გუნდები, ტრადიციულად, კარგად მომზადებულები არიან. მაგრამ ძალიან კარგია ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები სტაბილურად თამაშობენ თავის კლუბებში და რასაც თვალს ვადევნებ, შიდა ჩემპიონატებში უმრავლესობა საკმაოდ კარგად გამოიყურება. თუ შევძელით ჩვენი ლეგიონერების დამატებაც, საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით.
პრობლემა ისაა, რომ ახალგარდულ ნაკრებს 10 ნოემბერს შვეიცარიასთან თამაში უწევს და ჭანტურია-ყაზაიშვილი შესაძლოა ჩვენ ვერ დაგვეხმარონ. შესაძლოა, დავით სხირტლაძე და სხვა ფეხბურთელებიც არ გამოუშვას კლუბმა, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეები; რისი სრული უფლებაც აქვთ.
- ამ 24 ფეხბურთელის გარდა, კიდევ ვინმეს ხომ არ დაიმატებთ?
- ვარჯიშებზე გვეყოლება "ვოლგას" ფეხბურთელი დავით კოხია, რომელიც დებიუტანტია და დიდი ყურადღებით დავაკვირდებით. ასევე, ვცდილობთ, "რუბინში" მოთამაშე მერაბ ურიდიასთან დაკავშირებას, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, სავიზო და საპასპორტო პრობლემების გამო, მისი ჩამოყვანა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ევროშესარჩევი ტურნირი 11-16 ნოემბერს, თურქეთში გაიმართება. ჩვენი ნაკრები მე-9 ჯგუფშია და თურქეთის, პოლონეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება.
11 ნოემბერი
პოლონეთი - საქართველო
13 ნოემბერი
საქართველო - თურქეთი
16 ნოემბერი
ლუქსემბურგი - საქართველო
gbf.ge