ამ მატჩში 19 წლის კობახიძემ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და რესპონდენტადაც იგი შევარჩიეთ. ინტერვიუ სანაკრებო თემით დავიწყეთ, მერე კი "ზესტაფონსაც" შევეხეთ.
- რა იყო შვეიცარიასთან განცდილი მარცხის მიზეზი?
- უპირველესად, უიღბლობა, თორემ, ობიექტურად რომ ვთქვათ, მეტოქემ ვერაფრით გვაჯობა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენ საგოლე შანსები ვერ გამოვიყენეთ, სტუმრებმა კი გატანაც შეძლეს და გამარჯვებაც. უდავოა,
- საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი თუ იყო დამაკმაყოფილებელი?
- ვფიქრობ, საკმაოდ გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ და ხალხს დავანახეთ, რომ ამ თაობას პერსპექტივა აქვს.
- საკუთარ დებიუტზე რას იტყოდი?
- მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი მომეცა. ამჯერად ძირითად შემადგენლობაში ლევან კაკუბავას არყოფნის გამო მოვხვდი, ახლო მომავალში კი, იმედი მაქვს, სხვისი შემცვლელი კი არა, ძირითადის სტაბილური წევრი ვიქნები. ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივია და მოედანზე თავს არ დავზოგავ, დანარჩენი კი გულშემატკივარმა უნდა შეაფასოს.
- შვეიცარიასთან მატჩში ჩვენი გუნდის კარი აშკარა გოლისგან იხსენი.
- ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ჩემმა მოქმედებამ მარცხს მაინც ვერ გადაგვარჩინა. თუმცა იმ მომენტისთვის 0:0 იყო და შვეიცარიელებს ანგარიშის გახსნის საშუალება არ მივეცი - ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს მეტოქე ჩვენს კარში გზავნიდა და მას კარის ხაზზე დავხვდი.
- როგორ ფიქრობ, როდის იქნები მზად ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ?
- ჩვენს ეროვნულს ყველაზე ნაკლებად დაცვაში უჭირს, მაღალი დონის უკანახაზელები გვყავს და მათთან კონკურენცია ძალიან ძნელი იქნება. ესეც რომ არ იყოს, არსად მეჩქარება და უახლოეს პერიოდში ახალგაზრდულ ნაკრებს მინდა გამოვადგე, ეროვნულისთვის კი მზად ცოტა მოგვიანებით ვიქნები.
- გიორგი ხიდეშელის დაშავების შემდეგ "ზესტაფონის" სასტარტოში სისტემატურად თამაშობ.
- ჩემთვის ხიდეშელის ტრავმა ძალიან ცუდი ამბავი იყო, რადგან იგი ჩემი მეგობარი და კარგი პარტნიორია. ძირითადში მანამდეც ხშირად ვხვდებოდი, მაგრამ მართლაც ასეა, გიორგის დაშავების შემდეგ მუდმივად მოედანზე ვარ. "ზესტაფონს" მის გარდა კიდევ ორი მაღალი დონის ცენტრალური მცველი ჰყავს - გიორგი ონიანი და ედიკ საჯაია, რომელთა გვერდითაც ბევრს ვსწავლობ.
მიხარია, რომ ახალი წლიდან ხიდეშელიც დაგვიბრუნდება და ჩვენი დაცვის ცენტრში ძალიან მძაფრი, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია იქნება. ფეხბურთელი სწორედ ასეთ გარემოში იზრდება და ჩემთვის ეს სიტუაცია ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. ყველანაირად ვეცდები, ძირითადში ადგილი შევინარჩუნო, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება.
- რა დააკლდა "ზესტაფონს" ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად?
- იღბალიც და გამოცდილებაც, ალბათ, უფრო მეორე. ჩვენი ჩემპიონატი უფრო მაღალი დონის რომ იყოს და ძლიერ მეტოქეებთან ხშირად ვთამაშობდეთ, "შტურმისა" და "ბრიუგეს" კატეგორიის გუნდებთან გამარჯვების გაცილებით დიდი შანსი გვექნებოდა.
- "ზესტაფონის" ამჟამინდელ ძალას როგორ შეაფასებ?
- ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ საქართველოს ჩემპიონობაა და მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. ზაფხულიდან მოყოლებული, "ზესტაფონში" ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა, მაგრამ, რაც მთავარია, კლუბში ჯანსაღი სიტუაციაა, ფეხბურთელებს აქ ყოფნა გვსიამოვნებს და გვჯერა, ასეთი განწყობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია.
- რა არის შენი უახლოესი მიზანი?
- ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება ჩემს ასაკში საჩქარო არ არის, აქაც ბევრი მაქვს სასწავლი და საამისოდ "ზესტაფონი" ზედგამოჭრილი ადგილია. მინდა, რომ მომავალში ამ კლუბის გულშემატკივრებმა კარგად გამიხსენონ, საამისოდ კი საჭიროა, საქართველოში საუკეთესოები ვიყოთ, ევროპულ ასპარეზზე კი უფრო წინ წავიდეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"