U15 სანაკრებო ფორმატზე გადადის

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ორი წლის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა ნაკრების წინააღმდეგ პირველად ორი დღის წინ ითამაშა - "მიხეილ მესხზე" გოშთელიანის, ჯობავასა და კაკიაშვილის გოლებით აზერბაიჯანელი თანატოლები 3:0 დაამარცხა.

აქამდე ნოდარ აკობიას გუნდს მხოლოდ კლუბების წინააღმდეგ უწევდა თამაში, რასაც მარტივი ახსნა აქვს - 1997 წელს დაბადებულთა ნაკრები ჩვენზე ადრე, ფაქტობრივად, არსად ჩამოუყალიბებიათ. თუმცა ჩვენს 15-წლამდელებს დრო არ დაუკარგავთ და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მოსინჯეს ძალები - ზოგში პირველობა არავის დაუთმეს, ზოგში კი საპრიზო ადგილზე გავიდნენ. მართალია, ნაკრებს კლუბის წინააღმდეგ კარგი შედეგი მოეთხოვება, მაგრ
ამ ამ თაობისთვის ეს მაინც კარგი გამოცდილება იყო.

რაც მთავარია, რამდენიმე ქართველი მოზარდი ცნობილი უცხოური კლუბების თვალთახედვის არეში მოხვდა და სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ ამ თაობის რამდენიმე წარმომადგენელი მალე კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს.

"აზერბაიჯანელებთან თამაშს სულ სხვა დატვირთვა აქვს. რაც უნდა იყოს, ნაკრების წინააღმდეგ ძალების მოსინჯვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ბიჭების გასაზრდელად. დამაჯერებელი ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ სუსტი მეტოქე გვყავდა.

აზერბაიჯანის 15-წლამდელთა ნაკრებს გერმანელი სპეციალისტები ავარჯიშებენ და ჩვენი მეზობლები თბილისს ავსტრიულ-გერმანული შეკრებიდან ეწვივნენ, სადაც ექვსი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს და ერთშიც არ დამარცხებულან", - გვითხრა ნოდარ აკობიამ, რომელიც ამ ნაკრების ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბებას დადებით მოვლენად მიიჩნევს, რადგან სასელექციო სამუშაოები დიდი ხნის დაწყებულია და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენაც გაადვილებულია.

სელექცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილია, ნაკრებში წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის არაერთ რეგიონს რომ ჰყავს - თბილისზე რომ არაფერი ვთქვათ, გუნდში თამაშობენ მოზარდები სამეგრელოდან, იმერეთიდან, აჭარიდან და შიდა ქართლიდან. ამ ასაკში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია იმის პროგნოზირება, ვინ ითამაშებს დიდ ფეხბურთს და ვინ შეწყვეტს ზრდას. ასე რომ, ორი წლის შემდეგ, როცა აკობიას გუნდი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს, სავსებით შესაძლებელია, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელისგან კარდინალურად განსხვავებული იყოს.

რაც შეეხება ნაკრების სამომავლო გეგმებს, უახლოესი ორი წლის განმავლობაში აკობიას გუნდი არაერთ შეკრებას მოაწყობს, საკონტროლო მატჩებსაც ითამაშებს და ტურნირებშიც მიიღებს მონაწილეობას - უმეტესად ნაკრებებთან, რადგან, როგორც უკვე გითხარით, აქამდე სანაკრებო სპარინგ-პარტნიორების მოძიება შეუძლებელი იყო, უახლოეს პერიოდში კი ამ მხრივ პრობლემა აღარ იქნება.

აზერბაიჯანელი 15-წლამდელები კი თბილისურ შეკრებას განაგრძობენ. საქართველო-აზერბაიჯანი ხვალაც გაიმართება. მატჩი რუსთავში, "ფოლადის" სტადიონზე 15 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან მაგარი თამაში იყო. ისეთი კომბინაციები გაითამაშეს ამ პატარა ბიჭებმა გაგიკვირდებოდათ. ძაან მაგარი ტალანტები მოდიან..ამ ბიჭებს ჭირდებათ პირობები და მიხედვა თუ გვინდა რომ ქართული ფეხბურთი წინ წავიდეს.
gari
21:07 08-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული