დევდარიანის მიზანი - მხოლოდ პირველი ადგილი!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდს და შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილს ერთი ნაბიჯიღა აშორებს.

საამისოდ გიორგი დევდარიანის გაწვრთნილებმა ბოლო ტურში, 16 ნოემბერს ლუქსემბურგელები უნდა დაამარცხონ, თურქეთმა კი პოლონეთს ვერ უნდა მოუგოს. ჩვენი გუნდი პირველ ადგილზე გავა იმ შემთხვევაშიც, თუ ლუქსემბურგს დიდი ანგარიშით დაამაცხებს, თურქები კი მეტოქეს მცირე უპირატესობით მოუგებენ.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, ჩვენი ბიჭები თურქებთან გუშინწინდელ მატჩში დიდ უპირატესობას ფლობდნენ.

ესქიშეჰირის "ათათურქის" სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია უეფას ვებგვერდზე დაყრდნობით შემოგთავაზეთ.
ტურნირს ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი ესწრება, რომელიც ბევრ საინტერესოს იუწყება.

"ანგარიში სრულებით არ ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. პირველი ტაიმის საწყისი წუთებიდანვე იმდენად აშკარა იყო საქართველოს ნაკრების უპირატესობა და ტაქტიკურად გამართული თამაში, რომ თურქთა მწვრთნელმა ვერაფრით შეძლო საკუთარი ფეხბურთელების გამოფხიზლება და გუნდის დაწყობა.

თითქმის უშეცდომო იყო საქართველოს ნაკრების დაცვა. კარგად გამოიყურებოდა დავით ხოჭოლავა, რომელმაც პოლონეთთან წინა თამაშში მეკარესთან შეჯახებისას ნეკნი დაიზიანა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო 19-წლამდელების ერთ-ერთი საუკეთესო 45 წუთი. პირველ ტაიმში შოტლანდიელმა მსაჯებმა ჭანტურიას მიერ წესების სრული დაცვით გატანილი გოლი გააუქმეს. ჭანტურია-ყაზაიშვილის გათამაშებული კუთხურის შემდეგ ყაზაიშვილმა თანაგუნდელს საჯარიმოს ხაზთან გააყოლა ბურთი და ჭანტურიამაც ხაზიდანვე დაარტყა.

საჯარიმოში მყოფი სხირტლაძის მოძრაობით დაბნეული მეკარე და მცველი უკვე გაზონზე იწვნენ, როცა რიკოშეტის შემდეგ ბურთი კარში შევარდა. ის იყო, ქართველებს გოლი უნდა აღენიშნათ, რომ თანამსაჯმა ალამი აღმართა და სხირტლაძეზე თამაშგარე დააფიქსირა.

ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, არბიტრმა გადაწყვეტილება არ შეიცვალა, რამაც მატჩის საბოლოო ანგარიშზე აშკარა ზეგავლენა იქონია და ეს მთლიანად შოტლანდიელი მსაჯების სინდისზეა.

... ბოლო მატჩების წინ დევდარიანის გუნდი გაცილებით უკეთეს პოზიციაშია, ვინაიდან თურქებს უმძიმესი მატჩი ელით პოლონეთთან, საქართველოს კი, ელიტრაუნდში მოსახვედრად ფრეც ჰყოფნის. თუმცა ქართველ 19-წლამდელებს მოგების გარდა არაფრის გაგონება არ სურთ.

მათი თქმით, ჯგუფში ასპარეზობა ღირსეულად, პირველ ადგილზე უნდა დაასრულონ, რისთვისაც ლუქსემბურგელთა წინააღმდეგ მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ" - იუწყება ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

სამწუხაროდ, თურქებთან თამაშისას მეორე ყვითელი ბარათი მიიღო არნემის "ვიტესის" თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ და იგი ლუქსემბურგთან გუნდს ვერ დაეხმარება. ჯგუფის ბოლო შეხვედრები კი 16 ნოემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული