უეფამ კალათები გაამზადა

AutoSharing Option
29 ნოემბერი ნიონში, უეფას შტაბბინაში წილისყრების დღეა - ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ეს პროცედურა ერთბაშად ოთხჯერ ჩატარდება. 17 და 19-წლამდელებში გაირკვევა როგორც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის ჯგუფების შემადგენლობა, ისე ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფები.

ელიტრაუნდი გაისად, გაზაფხულზე გაიმართება, მომავალი შესარჩევი ციკლი კი შემოდგომაზე დაიწყება.

* * *
დავიწყოთ 17-წლამდელებით. როგორც ვვარაუდობდით, საქართველოს ნაკრები, რომელიც ამ ასაკის რეიტინგში ევროპაში მე-18-ეა, ელიტრაუნდის მესამე კალათაში განთესეს.

ვასილ მაისურაძის გუნდი შეიძლება მოხვდეს როგორც ძალიან ძლიერ, ასევე შედარებით სუსტ
ჯგუფში. პირველი კალათიდან ყველაზე უხერხული მეტოქე, ბუნებრივია, ესპანეთია, მეორიდან კი - ამ ასაკში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჰოლანდია. ბოლო კალათიდან ყველაზე არასასურველი შვეიცარიელებთან დაპირისპირება უნდა იყოს.

ფინალურ ეტაპზე, რომელსაც 4-16 მაისს სლოვენია უმასპინძლებს, მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ.

მეორე კალათიდან საქართველოს ნაკრებს ვერ შეხვდება შვედეთი, რომელსაც მაისურაძის გუნდი პირველ ეტაპზე დაუპირისპირდა.

U17
პირველი კალათა: საფრანგეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, დანია, სერბეთი, გერმანია;
მეორე კალათა: ინგლისი, შვედეთი, შოტლანდია, რუსეთი, პორტუგალია, ბელარუსი, ჰოლანდია (მოქმედი ჩემპიონი);
მესამე კალათა: პოლონეთი, იტალია, ბელგია, საქართველო, ისლანდია, თურქეთი, ირლანდია;
მეოთხე კალათა: შვეიცარია, ბულგარეთი, უკრაინა, ალბანეთი, ლუქსემბურგი, ლიტვა, უელსი.

* * *
ელიტრაუნდში ასევე მესამე კალათაშია განთესილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები. გიორგი დევდარიანის გუნდი რეიტინგში მე-15-ეა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩა დანიას, რომელიც ბოლო მეორეკალათელია.

19-წლამდელთა პირველი კალათიდანაც ყველაზე ძლიერი, ალბათ, ევროპის ჩემპიონი ესპანეთი უნდა იყოს, მეორიდან გერმანია, შვეიცარია და ჰოლანდია არ უნდა ვისურვოთ, მეოთხიდან კი - იტალია.

ელიტრაუნდი აქაც 17-წლამდელთა მსგავსი სისტემით იმართება - ოთხგუნდიანი ჯგუფებიდან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსნები გადიან.

ფინალური ეტაპი მომავალი წლის 3-15 ივლისს ესტონეთში ჩატარდება.

U19
პირველი კალათა: ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი (მოქმედი ჩემპიონი), ბოსნია, პორტუგალია, საბერძნეთი, უნგრეთი;
მეორე კალათა: გერმანია, ხორვატია, ბელგია, უკრაინა, შვეიცარია, ჰოლანდია, დანია;
მესამე კალათა: საქართველო, რუმინეთი, სლოვენია, ირლანდია, სომხეთი, ჩეხეთი, თურქეთი;
მეოთხე კალათა: ავსტრია, ნორვეგია, კვიპროსი, ისრაელი, იტალია, სერბეთი, ჩერნოგორია.

* * *
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატს 2013 წელს სლოვაკეთი უმასპინძლებს, შესარჩევი ტურნირის სტრუქტურა კი აქაც და 19-წლამდელებშიც უცვლელია - ელიტრაუნდში ყოველი ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გადის, რომელთაც ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი ემატება.

აქ სულ ორი კალათაა, თითოეულიდან ჯგუფებში ორ-ორი ნაკრები მოხვდება. 17-წლამდელებში საქართველო პირველ კალათაშია, რადგან ბოლო წლებში ამ ასაკში ჩვენი ნაკრებები ყოველთვის ახერხებენ ელიტრაუნდში გასვლას.

მომავალი წლის შემოდგომაზე 17-წლამდელთა ნაკრების სტატუსი ამჟამინდელ 16-წლამდელებს ექნებათ, რომელთაც გელა შეყილაძე წვრთნის.

U17
პირველი კალათა: ინგლისი, ჰოლანდია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, თურქეთი, შვეიცარია, პორტუგალია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, სერბეთი, დანია, იტალია, ავსტრია, ნორვეგია, ირლანდია, ბელგია, საქართველო, ფინეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, პოლონეთი, ბელარუსი, შოტლანდია;
მეორე კალათა: უკრაინა, რუსეთი, ლუქსემბურგი, უელსი, შვედეთი, ისრაელი, ისლანდია, აზერბაიჯანი, ესტონეთი, სლოვენია, ბოსნია, ჩერნოგორია, ბულგარეთი, ლატვია, ყაზახეთი, ლიტვა, კვიპროსი, მალტა, ფარერები, სომხეთი, ანდორა, ალბანეთი, მოლდოვა, მაკედონია, სან მარინო, ლიხტენშტაინი.

* * *
ჩვენმა 19-წლამდელებმა წლეულს ელიტრაუნდში დამაჯერებლად კი გააღწიეს, მაგრამ ეს შედეგი მხოლოდ საელიტრაუნდო განთესვაში წაადგათ. საქართველოს ნაკრების ზოგადი რეიტინგი კი მხოლოდ მცირედით გაუმჯობესდა, რადგან ბოლო წლებში ამ ასაკში ქართველები ბრძოლას პირველივე ეტაპიდან ეთიშებოდნენ. შესაბამისად, ევროპის მომავალი ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მეორე კალათაშია და იმედია, პირველი კალათიდან ორივე თუ არა, ერთი მეტოქე მაინც ეყოლება არაწამყვანი საფეხბურთო ქვეყნიდან.

ლოგიკურად, ამ ნაკრებს კობა ჟორჟიკაშვილმა უნდა უხელმძღვანელოს.

პირველი კალათა: ინგლისი, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, ჰოლანდია, ირლანდია, გერმანია, უკრაინა, საბერძნეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, რუსეთი, იტალია, ხორვატია, შვეიცარია, შოტლანდია, სლოვაკეთი, ავსტრია, უნგრეთი, დანია, პოლონეთი, უელსი, აზერბაიჯანი, ფინეთი;
მეორე კალათა: ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვენია, ბელარუსი, რუმინეთი, ლატვია, ბოსნია, ესტონეთი, ისრაელი, ისლანდია, ჩერნოგორია, მოლდოვა, მაკედონია, საქართველო, შვედეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ყაზახეთი, კვიპროსი, სომხეთი, ფარერები, მალტა, ლუქსემბურგი, სან მარინო, ანდორა.

* * *
სავსებით რეალურია, საქართველომ რომელიმე ასაკში ან ელიტრაუნდის, ანაც შემდგომი შესარჩევი ეტაპის მასპინძლობის უფლება მიიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული