U17: თბილისურ ელიტამდე ბელარუსი და ლუქსემბურგია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები დღეს, გამთენიისას მინსკში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს. ვასილ მაისურაძის გუნდის სამზადისის შესახებ "ლელო" სისტემატურად წერდა, ამიტომაც გეხსომებათ, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული, 24-კაციანი შემადგენლობა მიიწვია.

საბოლოოდ, ბელარუსში წასაყვანად ეს 18 ფეხბურთელი შეირჩა: ნიკოლოზ შერმადინი, ბექა მელიქიძე, ალეკო ადამია (სამივე - "მეტალურგი", რუსთავი), დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი, გიორგი გაბაძე, გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, დავით დარციმელია, ნიკოლოზ ჭანტურია (ყველა - "ლოკომოტივი", თბილისი), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე, თორნიკე მაჭავარიანი, ივანე წილოსანი, არჩილ მესხი (ყველა -
"დინამო", თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი).

განაცხადს მიღმა დარჩნენ ახალწვეული ლეგიონერები - შვედურ "კალმარსა" და "ლაკერბიგოლფში" მოთამაშეები, ნიკა ჩხეიძე და ირაკლი ლომიშვილი, უკრაინული "ობოლონის" წევრი ნიკა მოდებაძე, ასევე სასკო-ს ფეხბურთელი სოსო მალანია და ოლიმპელი ალეკო ჩაკვეტაძე. ნაკრების კაპიტანი გიორგი აბურჯანია კი ბელარუსში იმიტომ ვერ მიდის, რომ სამწვრთნელო შტაბმა საკლუბო კარიერის უკეთ მოსაწყობად გაათავისუფლა.

ჩვენმა 17-წლამდელებმა ბოლო დღეებში ნაყოფიერი შეკრება გაიარეს. დღის პირველ ნახევარში გუნდი ფიზიკურ მომზადებას ეროვნულ სტადიონზე გადიოდა, საღამოობით კი მცხეთაში, "მცხეთა პარკზე" ვარჯიშობდა.

"ლეგიონერებმა ამ ეტაპზე ჩვენი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, თუმცა მათზე დაკვირვებას შემდგომშიც განვაგრძობთ. ელიტრაუნდისთვის გუნდის ბირთვი, ფაქტობრივად, უკვე ჩამოყალიბებულია. ვფიქრობ, ამ უმნიშვნელოვანეს გამოცდას საკადრისად შევხვდებით. ჩვენი პოტენციალი მინსკშიც უნდა გამოვავლინოთ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ პირველობისთვის ვიბრძოლებთ", - გვითხრა ვასილ მაისურაძემ.

ელიტრაუნდამდე სხვა ტურნირზე გამგზავრება, ალბათ, ვეღარ მოხერხდება, მაგრამ, სამაგიეროდ, გადაწყდა, რომ მარტში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგში გაემგზავრება, სადაც იქაურ თანატოლებთან ორ საკონტროლო მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრების საელიტრაუნდე კალენდარი ჯერ არ შედგენილა. შეგახსენებთ, მაისურაძის გუნდი "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა, სადაც მეტოქეებად ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა ეყოლება. შეღავათი კი ის არის, რომ 26-31 მარტს ჯგუფის თამაშებს თბილისი უმასპინძლებს.

რაც შეეხება მინსკის ტურნირს, იგი 22 იანვარს დაიწყება. ჩვენები A ჯგუფში მოხვდნენ და მათი მეტოქეები ბელარუსის, ბელგიისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან, რომელთაც, შესაბამისად, 22, 23 და 25 იანვარს ითამაშებენ. 27 იანვარს ფინალში ერთმანეთს ჯგუფების გამარჯვებულები შეხვდებიან, მეორეადგილოსნები კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული