ქართველები - ფინალში დაუმარცხებლად

AutoSharing Option
საქართველო-ლატვია 2:2
გოლები: 1:0 დარციმელია (32), 1:1 ვიტოლნიეკსი (34), 2:1 მაჭავარიანი (38), 2:2 ვორობიოვსი (74)

საქართველო: შერმადინი, გაბაძე, სამხარაძე, გოროზია, ჭეჭელაშვილი (70. ახვლედიანი), პაპუნაშვილი, დარციმელია, ცინცაძე, მაჭავარიანი, მესხი (58. მზევაშვილი), მელიქიძე (80. ჭანტურია)
მწვრთნელი: ვ. მაისურაძე
ლატვია: რ. მაქსიმოვსი, კლიმაშევიჩსი, კირილინსი, ბერენფელდსი (61. ა. მაქსიმოვსი), ბრაგინსი, კაზაჩოკსი, გუტკოვსკისი (61. კოვალონოკსი), ვიტოლნიეკსი, ბურმისტირისი, ვორობიოვსი, კნაპშისი
მწვრთნელი: ა. ჩებანსი

გაფრთხილება: პაპუნაშვილი - კაზაჩოკსი, კნაპშისი, კირილინსი
არბიტრი: დ. ლიპნიცკი (ბელარუსი)

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელმაც მინსკის საერთაშორისო ტურნირის ფინალში თამაში ორი სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ
დაიბევა, გუშინ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩაატარა.

ვასილ მაისურაძის გუნდისთვის ამ თამაშის შედეგი აბსოლუტურად სულ ერთი იყო, თუმცა, ბუნებრივია, ფინალის წინ განცდილი მარცხი ჩვენი ბიჭების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებდა.

სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე ხვალინდელ ფინალში უკრაინა იქნება, რომელმაც ფინალში თამაშის უფლება რუსეთის 2:0 დამარცხებით მოიპოვა. შეგახსენებთ, უკრაინელებს თბილისში გასამართ ელიტრაუნდშიც დავუპირისპირდებით.

მაისურაძემ გუშინ ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა და თავის გამოჩენის საშუალება რეზერვისტებსაც მისცა.

თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო. ბურთს თითქმის სულ ჩვენი გუნდი ფლობდა. ძალზე მობილურად მოქმედებდა ნახევარდაცვა, საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტად სწორედ შუა ხაზი გამოირჩეოდა. შესამჩნევები იყვნენ გიორგი პაპუნაშვილი, თორნიკე მაჭავარიანი, დავით დარციმელია და არჩილ მესხი. აქტიურობდნენ ფლანგის მოთამაშეებიც.

32-ე წუთზე ცენტრიდან შეტევა მათე ცინცაძემ წამოიწყო და ბურთი პაპუნაშვილს გადასცა, იგი საჯარიმოსკენ დაიძრა და მოძებნა დარციმელია, რომელმაც მცველთან ბრძოლაში თითქმის წაქცეულმა მოახერხა გატანა. მეტოქემ ანგარიში ორ წუთში გაათანაბრა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ ჩვენმა მცველებმა ერთმანეთის დაზღვევა ვერ მოასწრეს.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ერთხელაც დაწინაურდა. მესხის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა მაჭავარიანმა შეასრულა და ბურთი დაბალი ტრაექტორიით კარის შორეული კუთხისკენ გაგზავნა. ლატვიელთა მეკარე ბექა მელიქიძის მანევრირებამ დააბნია და ბურთი ბადეში გაეხვია - 2:1.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ალეკო მზევაშვილი დაუბრუნდა, რომელიც ძველ ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს და, სავარაუდოდ, ელიტრაუნდისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

ლატვიელებმა კი ანგარიში ისევ ჩვენი დაცვის შეცდომით გაათანაბრეს.

მატჩის შემდეგ ვასილ მაისურაძემ განაცხადა, რომ დაცვაში შეცდომების მინიმუმამდე შესამცირებლად მუშაობაა საჭირო, ასევე, დასაფიქრებელია საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი პროცენტიც.

ხვალ საქართველო - უკრაინის ფინალური მატჩი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული