ვასილ მაისურაძე: ელიტრაუნდისთვის უნდა ვიფეთქოთ

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცი ვასილ მაისურაძე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდა.
მისმა გუნდმა 22-27 იანვარს მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენი ჭაბუკები ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ, დაამარცხეს ბელარუსი (4:3) და ბელგია (4:2), 2:2 ითამაშეს ლატვიასთან, ფინალში კი 0:2 წააგეს უკრაინელ თანატოლებთან.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ბრძოლას ელიტრაუნდში აგრძელებს. მინსკის ტურნირიც ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი პროგრამის ნაწილი იყო.

ვასილ მაისურაძე: ტურნირი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და ის ელიტრაუნდისთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ. ზოგადად,
ჩვენი გუნდის მინსკში გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ჯგუფში მესამე თამაშის მოგებაც შეგვეძლო, ლატვიასთანაც დიდ უპირატესობას ვფლობდით. რაც შეეხება ფინალს, რიგიანად ვითამაშეთ, თუმცა იმ დღეს მოწინააღმდეგე ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა, ისედაც, უკრაინას საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავს.

- მინსკის ტურნირზე რამდენიმე ახალწვეულიც ათამაშეთ - კმაყოფილი ხართ მათი გამოსვლით?
- დავით ჯიქიას, გიგა სამხარაძისა და არჩილ მესხის თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ საქმეს თავი კარგად გაართვეს, ჯიქია ტურნირის თანაბომბარდირიც გახდა. ჩვენი სელექცია ამით არ ამოიწურება, ახალ ფეხბურთელებს ნაკრებში ისევ მოვიწვევთ.

- რა გამოხმაურება ჰქონდა ქართველების გამოსვლას მინსკში?
- აჟიოტაჟი დიდი იყო, ბევრი გულშემატკივარი გაგვიჩნდა, სხვა გუნდების წარმომადგენლებიც აღნიშნავდნენ ჩვენს კარგ თამაშს, ფინალშიც ბევრი გვქომაგობდა.

- უკრაინის ნაკრებმა რის ხარჯზე გაჯობათ?
- ორი სიტყვით ძნელია ამაზე პასუხის გაცემა. პირველი გოლი სტანდარტული სიტუაციიდან გავუშვით, კონცენტრაცია დაგვაკლდა. საერთოდაც, მოედნის თითოეულ მონაკვეთზე მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში - ეს გვაკლდა. უკრაინას ყველა რგოლში სწრაფი ფეხბურთელები ჰყავდა და ამანაც გადაწყვიტა მატჩის ბედი.

- მინსკში ნაკრებთან ერთად არ იყო გიორგი აბურჯანია.
- მის პოზიციაზე მათე ცინცაძე ვათამაშეთ, რომელმაც საქმეს თავი კარგად გაართვა.

- ელიტრაუნდამდე რა გეგმები გაქვთ?
- თებერვალში ორ ამხანაგურ შეხვედრას ვითამაშებთ ლუქსემბურგთან და ერთხელაც გადავხედავთ ჩვენი გუნდის შესაძლებლობებს. დავაკვირდებით ფეხბურთელების კლუბებში მზადებასაც. გვექნება 10-დღიანი შეკრება. ერთი სიტყვით, იმისკენ უნდა წავიდეთ, რომ ელიტრაუნდისთვის ვიფეთქოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული