ალექსანდრე ჩივაძე: ბედნიერი ვარ, მწვრთნელობას რომ დავუბრუნდი

AutoSharing Option
"მიხეილ მესხზე" გამართულ პრესკონფერენციაზე გუშინდელ "ლელოში" დაბეჭდილი ინფორმაცია დადასტურდა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მედიას ახალგაზრდული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ალექსანდრე ჩივაძე წარუდგინა.

ცვლილებები სხვა ასაკობრივ ნაკრებებსაც შეეხო, ასე რომ, თანმიმდევრობით მივყვეთ.

ახალგაზრდული ჩივაძეს ჩააბარეს
სოსო ჭედიას ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობამ რამდენიმე თვეს გასტანა - იგი ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტობას განაგრძობს, ახალგაზრდულში კი ალექსანდრე ჩივაძე დანიშნეს. თბილისის "დინამოს" ლეგენდარულ კაპიტანს მწვრთნელად მხოლოდ ეროვნულ გუნდში უმუშავია - იქ ორჯერ მივიდა და ნაკრები შესარჩევ ჯგუფში ორივეჯერ მესამე ადგილზე გაიყვანა.

ჩივაძე
სამწვრთნელო საქმიანობას 2003 წლის გაზაფხულზე შეეშვა, როცა ევრო-2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წარუმატებლად დაწყების შემდეგ (1 ქულა 3 მატჩში) თანამდებობიდან გადადგა.

შეკითხვაზე, თუ როგორ გაართმევს ახალ საქმეს ცხრაწლიანი უპრაქტიკობის შემდეგ, ჩივაძემ ასე უპასუხა:

"მთელი ეს წლები ნაკრებებს ვკურირებდი და მათი მუშაობის სპეციფიკაში კარგად ვერკვევი. მოედნიდან შორს არასდროს ვყოფილვარ და ამიტომაც მჯერა, რომ ახალ გამოწვევას თავს ღირსეულად გავართმევ".

ჩივაძის ხელმძღვანელობით ჩვენი ახალგაზრდული მიმდინარე შესარჩევში სამ მატჩს ჩაატარებს - ორს ესტონეთთან და ერთს ხორვატიასთან და მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ხელმოცარული სტარტის შემდეგ შეუძლია, ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაა.

"სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებაზე ყოველთვის ვფიქრობდი. კაბინეტში მუშაობისას ყოველთვის მქონდა უკმარისობის შეგრძნება და ბედნიერი ვარ, ჩემს საყვარელ
საქმეს რომ დავუბრუნდი.

სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და საქმეს უკვე შევუდექით. თემურ ქეცბაიასა და სხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან ერთად ჩვენს სამომავლო ერთობლივ საქმიანობაზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან კოორდინაცია მუდმივად უნდა შევინარჩუნოთ", - თქვა ჩივაძემ, რომელიც სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე რჩება.

გუშინ ისიც შევიტყვეთ, რომ 21 მარტს ჩვენი ახალგაზრდული სტუმრად ამხანაგურ მატჩს თურქეთის ნაკრებთან გამართავს და რაკი ეს დღე სანაკრებო არ არის, ჩივაძის გუნდი ფონს უმეტესად საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებით გავა.

აქცენტი 1992 და შემდგომ წლებში დაბადებულ ფეხბურთელებზე გაკეთდება, რადგან მათზე ერთი-ორი წლით უფროსებს შემდეგ შესარჩევში მონაწილეობის უფლება აღარ აქვთ. თუმცა ჩივაძე ხელაღებით არც 1990-91-იანებზე ამბობს უარს და ამ ასაკის რამდენიმე მოთამაშეს ნაკრებში დატოვებს. ახალ მწვრთნელს დიდი სურვილი აქვს, ახლად გამოჯანმრთელებული ლევან ყენია თავის გუნდში რაც შეიძლება მალე მიიწვიოს.

21-წლამდელთა ძველი სამწვრთნელო შტაბი კი უცვლელი რჩება - ჩივაძეს ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი და მეკარეთა მწვრთნელი დავით გვარამაძე დაეხმარებიან.

კაჭარავა 19-წლამდელებში
კახა კაჭარავას 19-წლამდელებში დანიშვნა რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, ოღონდ ეს გუნდი გიორგი დევდარიანის 19-წლამდელებში არ უნდა აგვერიოს. დევდარიანის ნაკრები მაისში ელიტრაუნდში ითამაშებს, კაჭარავას გუნდს კი 19-წლამდელთა ნაკრების სტატუსი შემოდგომიდან ექნება, როცა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება. პირველ რაუნდს ჩვენები ხორვატიაში ჩაატარებენ, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად აზერბაიჯანი და ისლანდია ეყოლება. ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორი გუნდი გადის.

კაჭარავამ ამ თანამდებობაზე კობა ჟორჟიკაშვილი შეცვალა, რომელიც დღეს რუსთავის "მეტალურგს" წვრთნის.

19-წლამდელების სამწვრთნელო შტაბში რჩება გოჩა ავსაჯანიშვილი, მეკარეთა მწვრთნელი გუშინ არ დასახელებულა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ამ ფუნქციებს გრიგოლ ჭანტურიას დააკისრებენ.

აკობია ერთი ასაკით ზემოთ
ნოდარ აკობიამ 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გელა შეყილაძე შეცვალა, რომელიც ბელგიაში ამხანაგურად განცდილი 0:9-ის გამო მოხსნეს. აკობიას გუნდი 17-წლამდელთა სტატუსს მას შემდეგ შეიძენს, რაც ელიტრაუნდს ვასილ მაისურაძის 17-წლამდელები ჩაამთავრებენ.

შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის ერთ-ერთ ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკრაინა, შოტლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან და ელიტრაუნდში თამაშის უფლებას ორი გუნდი მოიპოვებს. აკობიას თანაშემწეები კახა გოგიჩაიშვილი და ჯუმბერ ბურჯანაძე იქნებიან.

ამავდროულად, აკობია უახლოეს პერიოდში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებშიც იმუშავებს და ამ გუნდს თბილისში აპრილში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე გაუძღვება.

გამონაკლისი დევდარიანისთვის
სიჭინავა გიორგი დევდარიანის თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დანიშვნასაც გამოეხმაურა:

"ფეხბურთის ფედერაცია არ მიესალმება მწვრთნელის ნაკრებსა და კლუბში პარალელურად მუშაობას, მაგრამ გავითვალისწინეთ ის გარემოება, რომ გიორგი დევდარიანი წლებია, ამ კონტინგენტთან ერთად მუშაობს და ელიტრაუნდამდეც არც ისე დიდი დრო რჩება, 19-წლამდელთა ნაკრებში ახალი მწვრთნელის დანიშვნა გაუმართლებლად მიგვაჩნია.

გიორგის ვესაუბრეთ და მან პირობა მოგვცა, რომ ნაკრების საწვრთნელ პროცესსა და მატჩებს ერთი დღითაც არ დააკლდება და სწორედ ამ გარემოებების გამო მისთვის გამონაკლისი დავუშვით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული