გაორებული შთაბეჭდილება

AutoSharing Option
ახლახან დასრულებული შესარჩევი ციკლი ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებისათვის წარუმატებელი იყოო, ამას ნამდვილად ვერავინ იტყვის; ეგ კი არა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ბევრი ვერც იფიქრებდა ქართველი ახალგაზრდებისგან ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებას. უფრო მეტსაც ვიტყვით: ის ხომ, საერთოდ, წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, უკანასკნელ ტურამდე... პლეი-ოფის შანსიც რომ გვექნებოდა?! და რა იყო საჭირო იმისთვის, რომ იღბლიან 14 გუნდში (უფრო ზუსტად, ათივე ჯგუფის ოთხ საუკეთესო მეორეადგილოსნებში) რომ მოვხვედრილიყავით? რა, და პარალელურად მიმდინარე რამდენიმე მატჩის ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დასრულება, პლუს, რაღა თქმა უნდა, ერთი შეხედვით,
"დაგეგმილი და მოსალოდნელი" გამარჯვება სომხეთის ნაკრებთან. გუნდთან, სულ ცოტა ხნის წინ სტუმრად რომ მოვუგეთ, მერე ჩვენი უშუალო კონკურენტი თურქეთიც დავამარცხეთ (ისიც - სტუმრად!) და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს თავის ისტორიაში პირველად გაუჩნდა რეალური შანსი მომდევნო ეტაპზე გასულიყო!

სამწუხაროდ, ყველაფერი ჩვენდა სავალალოდ დამთავრდა: ჩვენმა ბიჭებმა, ეტყობოდა, ასეთ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლეს და შესარჩევი ციკლის უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგეს. არადა, მართლაც უცნაური სიტუაცია შეიქმნა: ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტს თურქეთის ნაკრებს ორივე მატჩი მოვუგეთ, მაგრამ ეს მაინც საკმარისი არ აღმოჩნდა. არადა, როგორი კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა მაინც და მაინც გადამწყვეტ შეხვედრაში ვერ ითამაშა ისე, ქომაგები რომ ითხოვდნენ და რაც მთავარია, სასურველ შედეგსაც ვერ მიაღწია. მართლაც უცნაურ სიტუაციებზე ვსაუბრობთ და ახლაც არაერთგვაროვანი, უფრო ზუსტად, გაორებული შთაბეჭდილების ქვეშ ვართ; ვიდრე შესარჩევი ციკლი დაიწყებოდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისგან... ღირსეულ ასპარეზობას ვითხოვდით; ამ "ღირსეულ ასპარეზობაში" კი, რაღა თქმა უნდა, ქრონიკული წარუმატებლობების დავიწყება და ჯგუფში... ბოლო ადგილზე არგასვლა იგულისხმებოდა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წინა ორი შესარჩევი ციკლი ჩვენმა ნაკრებმა ხომ ბოლო ადგილზე დაასრულა; იმის წინ (2004-06 წლებში) შვიდგუნდიან ჯგუფში V ადგილზე გავედით, უფრო ადრე კი, ზედიზედ ორჯერ შესარჩევი ეტაპს ბოლო ადგილზე ვამთავრებდით. ანუ, ვერაფრით ხერხდებოდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საუკეთესო შედეგის არათუ გაუმჯობესება, გამეორებაც კი: 1996-98 წლებში ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით II ადგილზე გავედით, 1998-2000 წლებში კი - მესამეზე (მწვრთნელი - მურთაზ ხურცილავა). როგორც ამჩნევთ, შედეგი ვერც ახლა გავაუმჯობესეთ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წინა შესარჩევ ეტაპებთან შედარებაც არ შეიძლება. ამას გარდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ შესარჩევი ტურნირი... ბურთების დადებითი ბალანსით (12-9) დავასრულეთ და, რაც მთავარია, აქამდე 4 გამარჯვებაც არასდროს გვქონია.
...როცა ესა თუ ის ტურნირი მთავრდება და კონკრეტული გუნდის ასპარეზობის შეფასების დრო დგება, კაცს არაფერი უნდა გამოგრჩეს. აი, ვთქვათ, თუ როგორ წარუმატებლად დავიწყეთ ეს შესარჩევი ციკლი (მარცხი ესტონეთში), თუ როგორ ვერ ხერხდებოდა ხშირ შემთხვევაში ოპტიმალური შემადგენლობის დაყენება (ფეხბურთელების ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციის გამო) და ასე შემდეგ. ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სტატისტიკას ქვემოთ გაეცნობით და თავად დარწმუნდებით, თუ როგორ გვაკლდებოდნენ წამყვანი ფეხბურთელები: ჯანო ანანიძე, ლევან ყენია, მათე ვაწაძე; ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის არცთუ მთლად დამაჯერებელ ასპარეზობაზე ნეგატიური გავლენა უგუნდოდ ყოფნამაც იმოქმედა; ვერც იმას "გავექცევით", რომ, ალბათ, გარკვეული შეცდომები სელექციაშიც იყო დაშვებული (განსაკუთრებით - ციკლის დასაწყისში), ანუ, ვიდრე შემადგენლობა სტაბილურ სახეს მიიღებდა.
სამწუხაროდ, ისიც ხდებოდა, როცა თავის გუნდში მეტ-ნაკლებად ნორმალურად მოასპარეზე ფეხბურთელი ნაკრებში თავის შესაძლებლობებს ვერ ავლენდა; გარკვეული კითხვები ჩნდებოდა იმ კონკრეტული ფეხბურთელების მიმართებაშიც, ნაკრებში ნაკლები სათამაშო დრო რომ ეძლეოდათ ან კიდევ, ნაკლებად რომ ენდობოდნენ. ამ შემთხვევაში, კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შეიძლება: გუშინაც აღვნიშნეთ და დღესაც იმ აზრის ვართ, რომ ბოლო შეხვედრაში გიორგი ჭედიას გამოყვანა, ალბათ, ბევრად ადრე შეიძლებოდა (ისე როგორც ვაწაძის შემოყვანა შვეიცარიელებთან საშინაო მატჩში); აღარაფერს ვამბობთ იმ, ცოტა არ იყოს, უცნაური ფაქტზე, როცა ახალგაზრდულ ნაკრებში ადგილი არ მოეძებნა აწ უკვე "ტორპედოს" ცეტრფორვარდს ვახტანგ კვარაცხელიას; თანაც, კვარაცხელიას გოლის ალღო რომ აქვს, თავის ყოფილ კლუბშიც ("ვიტ ჯორჯიაში") არაერთხელ დაუმტკიცებია და... საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც რაღა შორს მივდივართ: საქართველო-ირლანდიის საშინაო მატჩი გავიხსენოთ, როცა შეცვლაზე შემოსულმა კვარაცხელიამ შეხვედრის მიწურულს ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
თუმცა ვატყობთ, უკვე მწვრთნელთა კომპეტენციაში ჩარევა გამოგვდის, ჩვენთან კი, მოგეხსენებათ, მსგავსი რამ "აკრძალულია", უფრო ზუსტად - ნებისმიერ საკითხზე ასევე ნებისმიერი განსხვავებული აზრი, თურმე, "დაუსაბუთებელ კრიტიკად" და "ჩასაფრებად" აღიქმება. უჩვეულო სტერეოტიპია დამკვიდრებული - თუ სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ, მაშინ ყველაფერი... არბიტრებს უნდა დავაბრალოთ ან სხვა "გარეშე ძალებს". აღარაფერს ვამბობთ იმ "დაუწერელ კანონზე", წაგებას ღირსეულად რომ უნდა შეხვდე (რაოდენ მტკივნეული მარცხიც არ უნდა იყოს) - რაც სომხეთთან მატჩის მერე მოხდა, რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს?
გასაგებია, რომ უპრინციპულესი მატჩი იყო, მსაჯების ზოგიერთი გადაწყვეტილებაც საკამათოზე მეტი იყო (უფრო ხშირად, მეტოქის სასარგებლოდ ცდებოდნენ), შესაძლოა, მოწინააღმდეგის ფეხბურთელების პროვოკაციულ ქმედებებსაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ მოედანზე "ქუჩურ" ჩხუბს გამართლება მაინც არა აქვს. თანაც, რაც ყველაზე სამწუხაროა, ფეხბურთელების გარდა ამ ჩხუბში... ჩვენი სამწვრთნელო შტაბის ზოგიერთი წევრიც აქტიურად იყო ჩართული. სხვათა შორის, კიდევ კარგი, რომ ამ მომენტისათვის სტადიონი, ფაქტობრივად... ცარიელი იყო; საწინააღმდეგო შემთხვევაში, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია, რა მასშტაბებს მიიღებდა მოედანზე მიმდინარე გუნდი-გუნდზე ხელჩართული და დაუნდობელი (!) ჩხუბი...
...არ გვინდა ისე მიიღოს ვინმემ, მხოლოდ ნეგატიურს ვხედავდეთ; პირიქით, ამ შესარჩევ ციკლში ჩვენი ახალგაზრდულის ასპარეზობას, მთლიანობაში, დადებითად ვაფასებთ. ყოველივე ეს კი, ცალკეულ ფეხბურთელებთან ერთად, რაღა თქმა უნდა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ოთარ გაბელიას და მისი თანამოაზრეების (ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი, დავით გვარამაძე) დამსახურებაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთი-ორი შემთხვევის გარდა, ნაკრებში გამოძახებულ-არგამოძახებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებითაც საკამათო არაფერი ხდებოდა. ანუ, ისე ნამდვილად აღარ იყო, როგორც წინა შესარჩევ ციკლში - პეტარ შეგრტის ხელმძღვანელობით ჩვენ ახალგაზრდულში 44-მა (!) ფეხბურთელმა იასპარეზა.
ახლა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა იყო, როცა ამა თუ იმ მოთამაშის ნაკრებში გამოძახება გვიკვირდა; ან, პირიქით - ჩვენი აზრით, იმსახურებდა, მაგრამ ნაკრებს მიღმა რჩებოდა. რაც მთავარია, ნაკრებს ჰყავდა ძირითადი ბირთვი, მთელი შესარჩევი ეტაპი სტაბილურად რომ ჩაატარეს - როინ კვასხვაძე, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი ხიდეშელი, ლაშა თოთაძე, ბუბა დაუშვილი, გიორგი ივანიშვილი; ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად წარმოჩინდა მუდამ ენერგიული ირაკლი კლიმიაშვილი, ხოლო ჯანო ანანიძეზე ახალი რაღა უნდა ვთქვათ: 17 წლის ბიჭი ახალგაზრდულის კი არა, უკვე... ეროვნული ნაკრებისათვის არის შეუცვლელი ფეხბურთელი. ნიკა კვეკვესკირიც უნდა ვახსენოთ - 18 წლის ბიჭმა მყარად დაიმკვიდრა ადგილი ნაკრების ძირითადში და სხვა თანაგუნდელებთან (თორნიკე ოქრიაშვილი, დავით შარაშენიძე, ნიკა ძალამიძე) ერთად მომავალ შესარჩევ ციკლში, ალბათ, უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერობაზეც უნდა ჰქონდეს პრეტენზია.
დაბოლოს, ისღა დაგვრჩენია, კვლავაც უკეთესი მომავლის იმედად დავრჩეთ...
გია ტუხაშვილი


ბოლო შესარჩევის ყველა მატჩი

ესტონეთი-საქართველო 2:0
05.09.09. ტალინი. ლე კოკ არენა
1:0 მოშნიკოვი (42), 2:0 ანიერი (90)
საქართველო: თევდორაძე - თომაშვილი, ხიდეშელი, კაკუბავა, თოთაძე - დაუშვილი, ჯანელიძე (88. ბენაშვილი) - კლიმიაშვილი, კუტალია (69. ჭედია), გუგავა (73. შონია) - ივანიშვილი.
სათადარიგოები: რ. კვასხვაძე, მაისურაძე, ხატიაშვილი, ხურცილავა.
გაფრთხილება: კაკუბავა, ხიდეშელი.
არბიტრი: მ. ტორისონი (ისლანდია)

საქართველო-თურქეთი 4:0
09.09.2009. ზესტაფონი. ცენტრალური
1:0 ივანიშვილი (1), 2:0 ხიდეშელი (35), 3:0 თოთაძე (80), 4:0 გუგავა (88)
საქართველო: რ. კვასხვაძე - თომაშვილი, ხიდეშელი, კაკუბავა, სანაია - შონია (71. ჯანელიძე), კლიმიაშვილი - ივანიშვილი, ყენია, ანანიძე (82. გუგავა) - ვაწაძე (61. თოთაძე).
სათადარიგოები: თევდორაძე, ხატიაშვილი, ჭედია, კუტალია
გაფრთხილება: სანაია, ყენია
გაძევება: სანაია (56)
არბიტრი: ა. პერესი (ესპანეთი)

ირლანდია-საქართველო 1:1
09.10.2009. დუბლინი. ტალაფი.
1:0 ჯაჯი (28), 1:1 ივანიშვილი (89)
საქართველო: რ. კვასხვაძე - თომაშვილი (88. ჭედია), ხიდეშელი, კაკუბავა, თოთაძე - დაუშვილი, კლიმიაშვილი - ივანიშვილი, ყენია, გუგავა (62. კუტალია) - ვაწაძე (73. ჯანელიძე).
სათადარიგოები: თევდორაძე, ხატიაშვილი, ნემსაძე, ადამაძე
გაფრთხილება: ყენია, ხიდეშელი, კუტალია
არბიტრი: დ. კალოპულოსი (საბერძნეთი)

საქართველო-ირლანდია 1:1
14.11.2009. თბილისი. მიხეილ მესხი.
0:1 კერი (48), 1:1 ვ. კვარაცხელია (84)
საქართველო: რ. კვასხვაძე - თომაშვილი, გეთიაშვილი, კაკუბავა, თოთაძე (53. გაბედავა) - კვეკვესკირი, დაუშვილი - კლიმიაშვილი (78. ჭედია), ოქრიაშვილი, ანანიძე - ივანიშვილი (70. ვ. კვარაცხელია).
სათადარიგოები: თევდორაძე, ხატიაშვილი, ნემსაძე, შონია
გაფრთხილება: დაუშვილი, ანანიძე
არბიტრი: ტ. ჰაგენი (ნორვეგია)

შვეიცარია-საქართველო 1:0
1:0 გავრანოვიჩი (43)
საქართველო: კვასხვაძე - თომაშვილი, ხიდეშელი, კაკუბავა, სანაია - დაუშვილი, ნემსაძე (65. ვ. კვარაცხელია) - ჭედია (77. გაბედავა), ოქრიაშვილი (90. კვეკვესკირი), კლიმიაშვილი - ივანიშვილი.
სათადარიგოები: თევდორაძე, ხატიაშვილი, კუტალია, შონია.
გაფრთხილება: ხიდეშელი, ნემსაძე, თომაშვილი
არბიტრი: ნ. პანიჩი (ბოსნია)

საქართველო-ესტონეთი 2:0
03.03.2010. თბილისი. მიხეილ მესხი.
1:0 ბარაბაძე (44), 2:0 ანანიძე (90)
საქართველო: რ. კვასხვაძე - თომაშვილი, ხიდეშელი, კაკუბავა, სანაია (80. თოთაძე) - განუგრავა, დაუშვილი - კლიმიაშვილი, ოქრიაშვილი (74. ივანიშვილი), ანანიძე - ბარაბაძე (90. ძალამიძე).
სათადარიგოები: ბახტაძე, კანდელაკი, ხატიაშვილი, ჭედია
გაფრთხილება: სანაია, თომაშვილი, ბარაბაძე.
არბიტრი: მ. სტამატისი (კვიპროსი)

საქართველო-შვეიცარია 0:0
30.05.2010. თბილისი. ეროვნული.
საქართველო: რ. კვასხვაძე - კვეკვესკირი, ხიდეშელი, კაკუბავა, თოთაძე - დაუშვილი, კლიმიაშვილი (11. განუგრავა, 85. ბენაშვილი) - ივანიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე - ბარაბაძე (87. ვაწაძე).
სათადარიგოები: ბახტაძე, მირცხულავა, ძალამიძე, ბ. გოცირიძე
გაფრთხილება: დაუშვილი, ბარაბაძე, განუგრავა
არბიტრი: რ. ტრუტცი (სლოვაკეთი)

სომხეთი-საქართველო 2:3
11.08.2010. ერევანი. რესპუბლიკური.
0:1 ანანიძე (36), 0:2 ვაწაძე (50), 1:2 მხითარიანი (78), 1:3 კვეკვესკირი (81), 2:3 პოღოსიანი (88)
საქართველო: რ. კვასხვაძე - კვეკვესკირი, ხიდეშელი, კაკუბავა, თოთაძე - განუგრავა (68. თომაშვილი), კლიმიაშვილი - ივანიშვილი (84. ძალამიძე), ოქრიაშვილი, ანანიძე - ვაწაძე.
სათადარიგოები: ბახტაძე, რეხვიაშვილი, ილურიძე, ჭედია, თექთურმანიძე.
გაფრთხილება: კვასხვაძე, ხიდეშელი.
არბიტრი: დ. მეცკაროვსკი (მაკედონია)

თურქეთი-საქართველო 0:1
04.09.2010. საქარია. ადაპაზარი ათათურქი.
0:1 კალდირიმი (50-საკ. კარში)
საქართველო: რ. კვასხვაძე - კვეკვესკირი, თომაშვილი, კაკუბავა, თოთაძე - განუგრავა, დაუშვილი - კლიმიაშვილი (81. შარაშენიძე), ოქრიაშვილი, ივანიშვილი - ბარაბაძე (71. წინამძღვრიშვილი).
სათადარიგოები: ბახტაძე, რეხვიაშვილი, შონია, ჭედია, გუგუჩია
არბიტრი: ი. ვინჩიჩი (სლოვენია)

საქართველო-სომხეთი 0:2
07.09.2010. თბილისი. მიხეილ მესხი
0:1 დაშიანი (90+2), 0:2 პოღოსიანი (90+3)
საქართველო: რ. კვასხვაძე - კვეკვესკირი, თომაშვილი, კაკუბავა, თოთაძე - განუგრავა (85. ჭედია), დაუშვილი - კლიმიაშვილი (68. წინამძღვრიშვილი), ოქრიაშვილი, ივანიშვილი (60. შარაშენიძე) - ბარაბაძე.
სათადარიგოები: ბახტაძე, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, გუგუჩია.
გაფრთხილება: ბარაბაძე, კლიმიაშვილი, განუგრავა, კაკუბავა, ოქრიაშვილი
არბიტრი: ა. კუჩინი (ყაზახეთი)


2011 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 10 მატჩი ჩაატარა და ამ შეხვედრებში მონაწილეობა 30-მა ფეხბურთელმა მიიღო: მეკარეები - როინ კვასხვაძე (9 მატჩი), რევაზ თევდორაძე (1); მცველები - ლევან კაკუბავა (10), გულვერდ თომაშვილი (9), ლაშა თოთაძე (9), გიორგი ხიდეშელი (7), ნიკა კვეკვესკირი (6), ამირან სანაია (3), გიორგი გეთიაშვილი (1); ნახევარმცველები: ირაკლი კლიმიაშვილი (10), ბუბა დაუშვილი (8), თორნიკე ოქრიაშვილი (7), გიორგი განუგრავა (5), ჯანო ანანიძე (5), გიორგი ჭედია (5), გიორგი გუგავა (3), გიორგი ჯანელიძე (3), ალექსი ბენაშვილი (2), ნიკა ძალამიძე (2), დავით შარაშენიძე (2), ლევან კუტალია (2), ლევან ყენია (2), თეიმურაზ შონია (2), ვაჟა ნემსაძე (1); თავდამსხმელები: გიორგი ივანიშვილი (10), მათე ვაწაძე (4), რევაზ ბარაბაძე (4), ვახტანგ კვარაცხელია (2), გიორგი გაბედავა (2), რატი წინამძღვრიშვილი (2).
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეთა კარში 12 გოლი გაიტანა: ანანიძე - 2, ივანიშვილი - 2, ვაწაძე - 1, ბარაბაძე - 1, კვარაცხელია - 1, თოთაძე - 1, გუგავა - 1, კვეკვესკირი - 1, ხიდეშელი - 1, ქალდირიმი (თურქეთი, ავტოგოლი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული