საქართველო VS ესპანეთი - ქართული ამბიცია "სიკვდილის ჯგუფში"

AutoSharing Option
26 მარტიდან თბილისში ქართველ გულშემატკივარს ჩინებული სანახაობის ხილვა შეეძლება - "მიხეილ მესხსა" და "დინამო არენაზე" ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტრაუნდის მატჩები გაიმართება.

ამ მნიშვნელოვანი ტურნირის შესახებ სისტემატურად ვწერდით, ელიტრაუნდის დაწყების დღეს კი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს წარმოგიდგენთ და მოკლედ მეტოქეებსაც გაგაცნობთ.

მანამდე კი თბილისური ელიტრაუნდის კალენდარს შეგახსენებთ:

26 მარტი
მ. მესხი. 14:00
საქართველო-ესპანეთი
არბიტრი: კრის რაიში (ლუქსემბურგი)

ეროვნული. 16:00
ინგლისი-უკრაინა
არბიტრი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია)

28 მარტი
მ. მესხი. 14:00
საქართველო-ინგლისი
არბიტრი: კრის რაიში (ლუქსემბურგი)

ეროვნული. 16:00
ესპანეთი-უკრაინა
არბიტრი: ნიკოლაი იორდანოვი
(ბულგარეთი)

31 მარტი
მ. მესხი. 14:00
საქართველო-უკრაინა
არბიტრი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია)

ეროვნული. 16:00
ესპანეთი-ინგლისი
არბიტრი: ნიკოლაი იორდანოვი (ბულგარეთი)

შეგახსენებთ, ფინალურ ეტაპზე მასპინძელ სლოვენიასთან ერთად, მხოლოდ ელიტრაუნდის ჯგუფების გამარჯვებულები ითამაშებენ. ფინალური ეტაპი 4 მაისს დაიწყება და 16-ში დასრულდება.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველი ეტაპის შეხვედრები მოლდოვაში ჩაატარა - პირველ ტურში ბულგარეთს 3:2 სძლია, მერე მასპინძელ მოლდოვას 2:1 აჯობა, ბოლოს კი არაფრისმომცემი შეხვედრა შვედეთთან 0:2 დათმო.

* * *
ახლა კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები
ალექსანდრე ადამია (ოლიმპი, თბილისი)
პირველ ეტაპზე: 2 მატჩი
ნაკრების ძირითადი მეკარეა. კარის ხაზზე დამაჯერებელია, მაგრამ დასახვეწი აქვს გამოსვლებზე თამაში. მწვრთნელთა აზრით, დაცვას უფრო აქტიურად უნდა უხელმძღვანელოს და კონცენტრაცია არ დაკარგოს.

ნიკოლოზ შერმადინი (უკლუბო)
პირველ ეტაპზე: 1 მატჩი
სამწვრთნელო შტაბს მის მიმართაც იგივე შენიშვნები აქვს. ხაზზე კი ისიც მაღალ დონეზე თამაშობს.

მცველები
გიგა სამხარაძე (დინამო, თბილისი)
პირველ ეტაპზე არ უთამაშია
ფლანგის მცველი. კლუბში საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებს, მაგრამ სანაკრებო ექსპერიმენტმა გაამართლა და მაისურაძემ მისი სახით საიმედო მარცხენა მცველი იპოვა.

ნიკოლოზ ჭანტურია (ლოკომოტივი, თბილისი)
პირველ ეტაპზე: 2 მატჩი, 1 გოლი
ცენტრალური მცველი. ასაკის მიუხედავად, აზრიანი და დაკვირვებული თამაშით გამოირჩევა. ამასთანავე, არც ძალისმიერ ორთაბრძოლებში შესვლას ერიდება.

ალექსანდრე გურეშიძე (დინამო, თბილისი)
პირველ ეტაპზე არ უთამაშია
ცენტრალური მცველი. ბოლო დროს მისი პროგრესი აშკარა გახდა. უპირველესად, ფიზიკური კონდიციები გაიუმჯობესა და ნაკრებშიც მოხვდა.

ლაშა დვალი (ოლიმპი, თბილისი)
პირველ ეტაპზე: 3 მატჩი
ცენტრალური მცველი. ფიზიკურად და "მეორე სართულზე" ძლიერია, გასაუმჯობესებელი აქვს ტექნიკა.

გიორგი გოროზია (ლოკომოტივი, თბილისი)
პირველ ეტაპზე: 3 მატჩი
ფლანგის მცველი. ადრე საყრდენი ნახევარმცველი იყო, პოზიციის შეცვლას იოლად შეეგუა და დაკისრებულ მოვალეობებს თავს დამაჯერებლად ართმევს.

ნახევარმცველები
გიორგი აბურჯანია (ოლიმპი, თბილისი)
პირველ ეტაპზე: 2 მატჩი
ცენტრალური ნახევარმცველი. გუნდის ლიდერი და კაპიტანია. თანაგუნდელებთან შედარებით მეტი გამოცდილება აქვს. რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული რუსთავის "მეტალურგის" მთავარ გუნდში, გასულ ზაფხულს ევროტურნირებზეც ითამაშა.

ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (დინამო, თბილისი)
პირველ ეტაპზე: 3 მატჩი, 2 გოლი
ცენტრალური ნახევარმცველი. პირველ შესარჩევ რაუნდში 2 გოლით ნაკრების ბომბარდირი გახდა. შეუძლია თამაშის რიტმის წარმართვა, "ბურთის დაჭერა" და შორეული დარტყმებიც კარგად გამოსდის. ნაკრების ვიცე-კაპიტანია, ყველა მატჩს შესაძლებლობების ზღვარზე ატარებს.

მათე ცინცაძე (ლოკომოტივი, თბილისი)
პირველ ეტაპზე: 3 მატჩი
ცენტრალური ნახევარმცველი. აბურჯანიასა და ჭეჭელაშვილთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში მძლავრ ტრიოს ქმნის და იგივე დადებითი მხარეები აქვს, რაც ზემოთ ნახსენებ ორ ფეხბურთელს.

გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი)
პირველ ეტაპზე: 3 მატჩი, 1 გოლი
შემტევი ნახევარმცველი. ტექნიკურია, შეუძლია თამაშის გამწვავება და მოედნის ხედვა და დარტყმაც კარგი აქვს. უკეთეს პოზიციაში მდგომ თანაგუნდელს პასს არ უგვიანებს.

ნიკოლოზ ახვლედიანი (ბაია, ზუგდიდი)
პირველ ეტაპზე: 3 მატჩი, 1 გოლი
შემტევი ნახევარმცველი. შეუძლია სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღება, აქვს კარგი ტექნიკა და სისწრაფე. კარგად გამოსდის ნებისმიერი დისტანციიდან დარტყმა.

ოთარ კაკაბაძე (დინამო, თბილისი)
პირველ ეტაპზე: 2 მატჩი
ფლანგის ნახევარმცველი. სტაბილური ფეხბურთელია, სწრაფია და ძლიერია ერთი-ერთზე ბრძოლისას. ბევრს მოძრაობს და პასიც ეხერხება.

არჩილ მესხი (დინამო, თბილისი)
პირველ ეტაპზე არ უთამაშია
ფლანგის ნახევარმცველი. ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ტექნიკურია და დრიბლინგითაც გამოირჩევა. ფიზიკური კონდიციები თუ აიმაღლა, კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.

თავდამსხმელები
დავით დარციმელია (ლოკომოტივი, თბილისი)
პირველ ეტაპზე: 2 მატჩი
კლუბში ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებს, ნაკრებს კი შეტევაში დასჭირდა. მშრომელი და მონდომებულია, თუმცა შეტევის დასკვნით ფაზაში უნდა დაიხვეწოს.

ალექსანდრე მზევაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი)
პირველ ეტაპზე არ უთამაშია
ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი ტრავმის გამო გაუცდა. სასურველ ფორმაში ჯერ არ არის, მაგრამ ნაკრების სამწვრთნელო შტაბს მისი შესაძლებლობების სჯერა და საელიტრაუნდოდ ამიტომაც უხმო.

დავით ჯიქია (ლოკომოტივი, თბილისი)
პირველ ეტაპზე არ უთამაშია
ნაკრებში ისიც ბოლო ხანს დამკვიდრდა და საერთაშორისო ტურნირებსა თუ საკონტროლო მატჩებში არაერთი გოლი გაიტანა.

ვანო წილოსანი (დინამო, თბილისი)
პირველ ეტაპზე არ უთამაშია
შეტევა შეუძლია როგორც ცენტრიდან, ასევე ფლანგებიდან. ფიზიკურად ძლიერი და შრომისმოყვარეა.

ესპანეთი საუკეთესო ბომბარდირის გარეშე
ჯგუფის უდავო ფავორიტი ესპანეთია, თუმცა ბრძოლა ყველასთან შეიძლება. ამაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა გასული წლის ივნისშიც დაგვარწმუნა, როცა მაისურაძის გუნდმა ესპანელ 17-წლამდელებს ბაქოში გამართულ "კასპიის თასზე" ტოლი არ დაუდო და ფრედ, 1:1 ეთამაშა.

ესპანელები ტურნირის ფინალში მხოლოდ გატანილ-მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით გავიდნენ.

ჩვენს წისქვილზე წყალს ის ფაქტიც დაასხამს, რომ ტრავმის გამო ესპანეთის ნაკრებს თბილისში საუკეთესო ბომბარდირი სანდრო რამირესი ვერ მოჰყვება. იგი ტრავმირებულია. ცნობისთვის, რამირესმა პირველი შესარჩევი ეტაპის სამ მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ესპანელებმა პირველ რაუნდში სამივე შეხვედრა მოიგეს - ჩერნოგორიასთან 2:1, მალტასთან 6:0 და პოლონეთთან 2:0.

ელიტრაუნდს სწორედ სანტი დენიას გუნდთან დაპირისპირებით ვიწყებთ და ბრძოლის გასაგრძელებლად მინიმუმ არწაგება გვჭირდება.

ესპანეთის ნაკრების თბილისური შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები: რუბენ ვეიგა ("სელტა"), ანდერ არმენდარისი ("ოსასუნა");
მცველები: ალეხანდრო გრიმალდო ("ბარსელონა"), ივან ხიმენესი ("რეალი" მადრიდი), ხოსე ლუისი ("ვალენსია"), ვიქტორ რამოსი ("მალაგა"), რამონ გოსალბო ("ვილეარეალი"), ხაიმე სანჩეს მუნიოსი ("კადისი"), ექტორ მორუნო ("არსენალი", ინგლისი);
ნახევარმცველები: სამპერ მონტანა ("ბარსელონა"), ბორხა მარტინეს სანჩესი ("ატლეტიკო" მადრიდი), ანტონიო პერესი ("სევილია"), ივან რუის კალერო ("ატლეტიკო" მადრიდი), ალვარო სანდოვალი ("სპორტინგი", ხიხონი), ხოაკინ მორენო ("ალმერია"), სამუელ ასუაგა ("მალაგა");
თავდამსხმელები: ალეხანდრო გარსია "ალექსი" ("სპორტინგი", ხიხონი), ხუან რუისი "ხუანხე" ("სევილია"), დანიელ გაგო ("დეპორტივო", ივან კალერო ("ატლეტიკო", მადრიდი)

მთავარი მწვრთნელი: სანტი დენია

ინგლისს ვარსკვლავების შვილები დააკლდა
ტრავმების გამო ინგლისის ნაკრებს ორი ცნობილი საფეხბურთო გვარის წარმომადგენელი დააკლდება - დევენტ კოული და დიეგო პოიეტი. პირველი ინგლისელი ფორვარდის, ენდი კოულის ვაჟია, მეორე კი არანაკლებ ცნობილი ურუგვაელი ნახევარმცველის, გუსტავო პოიეტის შვილი გახლავთ.

ინგლისელთა თავკაცი ჯონ პიკოკი კი თბილისში ადრეც ყოფილა - 2010 წლის შემოდგომაზე, როცა საქართველოს დედაქალაქმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი რაუნდის ჯგუფს უმასპინძლა. მაშინ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა პიკოკის მიერ გაწვრთნილ ინგლისელებთან 1:1 ითამაშა.

ელიტრაუნდში ინგლისმაც 9 ქულით გააღწია. ბრიტანელებმა ლატვია 4:0 გაანადგურეს, ბოსნია 2:0 დაამარცხეს, ხოლო ჰოლანდიას მინიმალურად, 1:0 მოუგეს.
პიკოკის რჩეული 18 ფეხბურთელი:

მეკარეები: ჯორჯ უილისი ("შეფილდ იუნაიტედი"), ანგუს განი ("მანჩესტერ სიტი");
მცველები: ჯოშ ვები ("ასტონ ვილა"), ლუკ შოუ ("საუთჰემპტონი"), ლეო ჩემბერსი ("ვესტ ჰემი"), ისააკ ჰეიდენი ("არსენალი"), რაიან ინისი ("კრისტალ პალასი"), ალესტერ გორდონი ("ჩელსი");
ნახევარმცველები: კირონ უოლასი ("ნოტინგემ ფორესტი"), კალუმ ჩემბერსი ("საუთჰემპტონი"), ჯონ სვიფტი ("ჩელსი"), ჯეკ ჯები ("არსენალი"), ჯორდან გრემი ("ასტონ ვილა"), ლუკ ვუდლენდი ("ბოლტონი");
თავდამსხმელები: მეისონ ბენეტი ("დერბი ქაუნთი"), ჩუბა აკპომი ("არსენალი"), უილ ჰაგისი ("დერბი ქაუნთი"), კალუმ რობინსონი ("ასტონ ვილა").
მთავარი მწვრთნელი: ჯონ პიკოკი

უკრაინაც ძველი ნაცნობია
უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებთან ქართველებმა რამდენიმე თვის წინ, მინსკის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ითამაშეს და დამარცხდნენ. 2:0 ბელგიასთან, 0:1 ხორვატიასთან და 0:0 აზერბაიჯანთან - ასე მძიმედ გავიდნენ უკრაინელები ელიტრაუნდში.

სათბილისოდ უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ეს შემადგენლობა შეარჩია:

მეკარეები: ბოგდარ სარნავსკი ("არსენალი", კიევი), იაროსლავ სტავიცკი ("შახტარი", დონეცკი);
მცველები: მიკიტა ბურდა ("დინამო", კიევი), ტარას კაჩარაბა ("ლვოვი"), ვიაჩესლავ ლუხტანოვი ("დინამო", კიევი), პავლო პოლეენკო ("დინამო", კიევი), ედუარდ სობოლი ("დინამო", კიევი), იური ტკაჩუკი ("მეტალისტი", ხარკოვი), რომან იარემჩუკი ("დინამო", კიევი);
ნახევარმცველები: არტემ გაბელოკი ("შახტარი", დონეცკი), იგორ ხარატინი ("დინამო", კიევი), რომან ლაზაროვიჩი ("ვოლინი"), ვიაჩესლავ ტანკოვსკი ("შახტარი", დონეცკი), იური იასტრუბი ("ლვოვი");
თავდამსხმელები: დმიტრო ბილონოგი ("შახტარი", დონეცკი), არტურ მირანიანი ("შახტარი", დონეცკი), არტემ რადჩენკო ("მეტალისტი", ხარკოვი), ტარას ზავისკი ("კარპატი", ლვოვი), მაქსიმ ტიშჩენკო ("დინამო", კიევი), მიკიტა ვეტროვი ("მეტალურგი", ზაპოროჟიე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული