დავეტოლებით ესპანეთს თუნდაც 4 წლის შემდეგ? [+VIDEO]

AutoSharing Option
ამ მატჩის წინ ჩვენი პროგრამა-მინიმუმიცა და, ალბათ, პროგრამა-მაქსიმუმიც ის იყო, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი პირველივე ტურში არ დაეკარგა. საამისოდ კი ფავორიტ ესპანეთთან ფრე მაინც იყო საჭირო.

საბოლოოდ ელიტრაუნდის სასტარტო შეხვედრა სწორედ საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ჩვენს ბიჭებს ბრძოლისა და თავდადებისთვის მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნით. მაქსიმუმი გააკეთა სამწვრთნელო შტაბმაც, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ 26 მარტს იღბალი საქართველოს ნაკრების მხარეს იყო.

ბუნებრივია, როცა მატჩის დებიუტშივე წინ გადიხარ, გამარჯვების სურვილიც გიჩნდება, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ,
რომ გუშინ სამი ქულა არ დაგვიმსახურებია. მართალია, ესპანელებისგან უფრო მეტს ველოდით, მაგრამ მათ გუშინ იმდენი მაინც შეძლეს, რომ მასპინძლებზე უფრო მწვავედ შეეტიათ და ქართველებზე გაცილებით მეტი საგოლე მომენტი გაეფუჭებინათ.

დებიუტი ისეთი გამოდგა, უკეთესს ვერც ვინატრებდით. პირველივე წუთზე ესპანელთა კაპიტანმა ივან საესმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და ლუქსემბურგელმა არბიტრმა, რომელსაც ურიგოდ ნამდვილად არ უმსაჯია, სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა პენალტი უნაკლოდ გამოიყენა - 1:0.

ამის შემდეგ ესპანელთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა, საქართველოს ნაკრებმა კი შეგნებულად აირჩია "მეორე ნომრის" როლი. შესვენებამდე გოლს სამჯერ გადავურჩით - ივან კალეროს დარტყმა ძელს მოხვდა, ალეხანდრო გრიმალდომ მიზანს მცირედით ააცილა, ერთ ეპიზოდში კი ჩვენმა მეკარემ ალექსანდრე ადამიამ მართლაც ჩინებული რეაქცია გამოავლინა.

შესვენებამდე მცირე ხნით ადრე საქართველოს ნაკრებს ლიდერი და კაპიტანი გიორგი აბურჯანია დაუშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

მეორე ტაიმის დებიუტში კი ვიხილეთ ეპიზოდი, რომელსაც მატჩის ბედის ჩვენდა სასარგებლოდ გადაწყვეტა შეეძლო. ესპანელი მცველების შეცდომის წყალობით ბურთს გიორგი პაპუნაშვილი დაეუფლა და სტუმართა კარს ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

ამას ალეკო მზევაშვილის ნაკლებად სახიფათო მომენტი მოჰყვა, რის შემდეგაც თამაშის სადავეები მთლიანად ესპანელთა ხელში გადავიდა. საესმა პირველ წუთზე დაშვებული შეცდომა კუთხურისას გამოისყიდა, როცა ბურთს თავი მოხდენილად შეაგება და ანგარიში გაათანაბრა.

ესპანეთის ნაკრების უკეთესი ფიზიკური მომზადება ბოლოსკენ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ბოლო წუთებში ორჯერ გადავრჩით - ჯერ მეკარე ალექსანდრე ადამიამ მოიგერია შეცვლაზე შესული დანიელ იგლესიასის დარტყმა, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი უმეთვალყურეოდ დარჩენილი ალვარო ბუსტოსი დააღალატა მიზანმა.

მოკლედ, მთავარი ის არის, ელიტრაუნდმა ჩვენთვის აზრი შეინარჩუნა. თბილისური ჯგუფის ფავორიტებად კვლავ ესპანეთი და ინგლისი რჩებიან, მაგრამ ვნახოთ, ამ ასაკში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 28 მარტს "მიხეილ მესხზე" საქართველო-ინგლისია.

მატჩის შემდეგ
ვასილ მაისურაძე: ინგლისი უფრო ფეთქებადი გუნდია, ვიდრე ესპანეთი

26.03. თბილისი. მ. მესხი. 2 000 მაყურებელი
საქართველო-ესპანეთი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ჭეჭელაშვილი (2. პენ.), 1:1 საესი (59)

საქართველო ესპანეთი
4-4-2 4-1-4-1
ადამია ბლანკო
კაკაბაძე ბელერინი
ნ. ჭანტურია ხ. სანჩესი
ლ. დვალი საესი
სამხარაძე გრიმალდო
ახვლედიანი კასტილეხო
აბურჯანია სერანო
ჭეჭელაშვილი ბ. სანჩესი
პაპუნაშვილი სამპერი
მზევაშვილი ბუსტოსი
დ. ჯიქია კალერო

მწვრთნელი მწვრთნელი
ვ. მაისურაძე ს. დენია

საქართველო
33. აბურჯანია - გოროზია
54. ახვლედიანი - მესხი
62. ჯიქია - წილოსანი
სათადარიგოები: შერმადინი, ცინცაძე, ა. გურეშიძე, დარციმელია

ესპანეთი
41. სერანო - არგესი
53. კასტილეხო - იგლესიასი
73. ბ. ხანჩესი - კოტანი
სათადარიგოები: კანტერო, რუისი, ფერნანდესი, გაია

გაფრთხილება: დვალი (24), ბელერინი (28), კაკაბაძე (38), მესხი (68), კოტანი (74), ჭეჭელაშვილი (80), მზევაშვილი (80)

არბიტრი: კ. რაიხი (ლუქსემბურგი)

U17. ელიტრაუნდი. III ჯგუფი
ინგლისი-უკრაინა 1:0 (იხილეთ ვრცლად)

ა გ თ მ ფ წ ქ

1. ინგლისი 1 1 0 0 1-0 3
2. საქართველო 1 0 1 0 1-1 1
3. ესპანეთი 1 0 1 0 1-1 1
4. უკრაინა 1 0 0 1 0-1 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული