გადამწყვეტი მატჩის წინ: საქართველო ინგლისთან საბრძოლველად მზადაა

AutoSharing Option
28 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის მეორე, უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.

26 მარტს ესპანელთა წინააღმდეგ ნათამაშები ფრეს შემდეგ ჩვენმა გუნდმა აღდგენის პროცესი სრულად გაიარა და ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.

27 მარტს, შუადღისას, ვასილ მაისურაძის გუნდმა 45-წუთიანი ვარჯიში გამართა "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე. მანამდე კი იქ ინგლისელებმაც ივარჯიშეს.

საღამოს საქართველოს ნაკრები საკმაოდ დიდხანს გადიოდა თეორიულ მეცადინეობას. სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ფეხბურთელები თავიანთი და მეტოქე გუნდის თამაშების ვიდეოანალიზით იყვნენ დაკავებულები.

როგორც U17-ის მცველმა, ნიკა ჭანტურიამ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში განაცხადა,
ინგლისთან მატჩის წინ გუნდი უფრო მეტად მობილიზებული და მოტივირებულია, რადგან ფეხბურთელებმა ე.წ. სასტარტო მღელვარება დაძლიეს და თავიანთი ძალების ირწმუნეს.

ნიკა ჭანტურია: "დღევანდელ ვარჯიშზე მხოლოდ მსუბუქად დავიტვირთეთ. გუნდში არსებულ განწყობაზე ლაპარაკიც ზედმეტია - ყველა საბრძოლველად ვართ განწყობილი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი კარგი და შედეგიანი თამაშით ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ამ მატჩში წარმატების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი შევინარჩუნოთ".

- საღამოს თეორიულ მეცადინეობაზე რაზე გააკეთეთ აქცენტი?
- უპირველესად, ესპანეთთან მატჩში დაშვებული ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ. დიდი ყურადღება დავუთმეთ დაცვის ხაზში არსებულ პრობლემებს და იმედია, 28 მარტის შეხვედრაში იგივე შეცდომებს არ გავიმეორებთ.

შემდეგ ვუყურეთ ინგლისისა და უკრაინის თამაშის ჩანაწერს. მოგეხსენებათ, ჩვენი პირველი მეტოქისგან განსხვავებით, ინგლისი სრულიად განსხვავებული სტილის გუნდია. ძალიან კარგად ასრულებენ სტანდარტულ სიტუაციებს. მათი ფეხბურთელები, განსაკუთრებით, ფლანგის მოთამაშეები, ძალიან სწრაფები არიან, მცველები კი - ძალისმიერები. თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრით, ესპანეთი მათზე უკეთესი გუნდია.

- შენი აზრით, ჩვენ რა პლუსები გვექნება მეტოქესთან?
- ვფიქრობ, უპირველესად, ეს არის მოტივაცია და გუნდური თამაში. დაცვიდან კონტრშეტევაზე თუ მაქსიმალურად სწრაფად გადავალთ, მეტოქეს ბევრ პრობლემას შევუქმნით. როგორც გითხარით, მათ ძალიან კარგი ფლანგის მოთამაშეები ჰყავთ და ასევე, ცენტრფორვარდი. სიმართლე გითხრათ, მათი ცენტრალური მცველები ცოტა მოუქნელად გამოიყურებიან...

ახლა ისე არ გამომივიდეს, თითქოს გადავუარე ინგლისის ნაკრებს, მაგრამ მეორე მხრივ, ისინიც ჩვენი ტოლი ბიჭები არიან, შეცდომები მათაც მოსდით და მინუსები მათაც აქვთ. სწორედ ეს მინუსები უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ. ამასთან, ჩემი აზრით, ერთი-ერთზე თამაშში უნდა ვაჯობოთ.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელი გუნდის სახელით, უდიდესი მადლობა ვუთხრა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს თამაშზე მოვიდნენ და ასე გულით გვიგულშემატკივრეს. იმედი გვაქვს, რომ მათი თანადგომა ამ მატჩშიც არ მოგვაკლდება, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენი მხრივ კი, ვეცდებით, ბრძოლა და თავდადება დავანახოთ ყველას. ასეთი შანსი მოგვეცა, რომ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და წარმატების მისაღწევად ვიბრძვით - ისეთი წარმატების, რომელიც რეალურია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთა მატჩი "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება და დასწრება უფასოა.

16:00 საათზე კი "ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე" ჯგუფის მეორე შეხვედრა დაიწყება, სადაც ესპანეთის ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი გუნდია, შეტევაში განსაკუთრებით,,, ერთი რაც არ მომეწონა ართმევაზე თამაშია, ყოველთვის ცდილობენ ე.წ "პატკატებით" გაიდნენ ფონს და ფეხზე მდგარინი იშვიათად ახერხებენ ბურთის ართმევას....
არადა ფეხებში ვარდნა საშიშია ჯარიმის აკიდების კუთხითაც და ასეთ დროს წარუმატებელი მცდელობისას თამაშიდან ეთიშები დროებით, რითაც სივრცეები თავისუფლდება
enemi
13:41 28-03-2012
0
ვულოცავ ბიჭებს ამ გამარჯვებას, თუ შრომას მოუმატეს ეს ნაკრები ბევრ სიხარულს მოგვანიჭებს. მეკარე ადამია შესანიშნავი ფეხბურთელია და ერთერთი გამორჩეული იყო დღესაც, ეტყობოდა რომ ბიჭები მეკარეს ენდობოდნენ
ზვიადი
16:06 28-03-2012
0

სიახლეები პოპულარული