სანტი დენია: ჩვენთვის საწყენია, მაგრამ საქართველომ ევროფინალი დაიმსახურა!

AutoSharing Option
"ყანებში" გაზრდილმა ბიჭებმა უკან ჩამოიტოვეს ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა, უდიდესი სენსაცია გამოაცხვეს და დაამტკიცეს, რომ ქართველები ფეხბურთში უნიჭონი ნამდვილად არ ვართ.

თბილისში ჩატარებულ ელიტრაუნდის შეხვედრებში ქართველმა ახალგაზრდებმა შეიძინეს არა მხოლოდ უზარმაზარი გამოცდილება, ბევრი მათგანი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშიც მოხვდა. ელიტრაუნდის შეხვედრებს ესწრებოდნენ ინგლისელი, ესპანელი და სხვა ევროპული ქვეყნების სელექციონერები.

მართალია, ინტერვიუს არ თანხმდებოდნენ, მაგრამ პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ქართველი ბიჭების თამაში მათთვის დიდი სიურპრიზი იყო. თუმცა, იმასაც არ მალავდნენ, რომ თუ დროულად არ გადაიყვანენ ამ ბიჭებს ევროპაში, საქართველოში მათი დაოსტატება
ძალიან გაჭირდებაო.

ცხადია, ასეც იქნება: ესპანეთის ნაკრებში "რეალის", "ბარსელონასა" და სხვა ესპანური გრანდების ფეხბურთელები თამაშობდნენ და ხვალ-ზეგ ისინი ძალიან წინ წავლენ, რადგან მათი და ჩვენი ბიჭების პირობები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

საერთოდ, ესპანეთის ნაკრები ამ ტურნირის გამოცანად დარჩა. ცხადია, ამ ქვეყნის ნაკრები ყველა ტურნირის ფავორიტია. გუნდს პოტენციალი აშკარად ეტყობოდა, საქართველოსთან ფრეს შემდეგ უკრაინასთანაც ჩინებული ფეხბურთი აჩვენა, ინგლისი კი მეორე ტაიმში მიწასთან გაასწორა, მაგრამ ჯგუფში მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სანტი დენიას კომენტარი ვთხოვეთ:

- თქვენი აზრით, რის ხარჯზე მიაღწია საქართველოს ნაკრებმა წარმატებას?
- საქართველომ აჩვენა, რომ ფეხბურთში დიდი და პატარა ქვეყნები არ არიან. ბრძოლა ყველასთან შეიძლება, მით უფრო, ამ ასაკში. მთავარია, რომ ნებისმიერ მეტოქესთან, თამაშის ნებისმიერ მონაკვეთში კონცენტრაცია შეინარჩუნო და თითოეული ბურთისთვის იბრძოლო.

ასეთ შემთხვევაში ფავორიტი პირობითი ცნება ხდება, მთავარი ფაქტორები კი - ბრძოლისუნარიანობა და სწორი თამაშია.

- თქვენი აზრით, ჯგუფში ადგილები ლოგიკურად განაწილდა?
- შედეგი ყოველთვის ლოგიკურია. ჩვენთვის საწყენია, მაგრამ მოიგო იმ ნაკრებმა, რომელმაც ყველა თამაშში განსაკუთრებული მონდომება და ჟინი გამოავლინა.

თქვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებ. საქართველოს გუნდმა ეს დაიმსახურა.

აქვე მინდა ტურნირის ორგანიზატორებს კარგი მასპინძლობისა და ორგანიზაციისათვის მადლობა გადავუხადო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული