ოთარ კორღალიძე: საქართველოს ამ ნაკრებს ძალიან ბევრი შეუძლია!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის ქალაქ პორტოში ახლახან დასრულებული ტრადიციული ოთხთა ტურნირის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. მართალია, მასპინძლებთან პირველ ტურში 0:5 დამარცხდა, მაგრამ მეორე დღეს დასვენებულმა ქართველმა 19-წლამდელებმა საფრანგეთი 3:0 დაამარცხეს, ბოლოს კი სერბებიც ზედ მიაყოლეს (3:2) და პრესტიჟულ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავეს.

მალე 19-წლამდელთა მორიგი შეკრება დაიწყება და გუნდი ხორვატიაში 25-30 მაისს დანიშნული ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩებისთვის მზადებას შეუდგება.

გველაპარაკება ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ კორღალიძე:

- ფედერაციაში უკვე შევიტანე ელიტრაუნდისთვის მომზადების გეგმა. შეკრებას 13 მაისს დავიწყებთ, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაში"
დავბინავდებით და იქვე ბუნებრივსაფარიან მოედანზე ვივარჯიშებთ. თუ ამინდი გაუარესდება, მაშინ საგურამოშიც მოგვიწევს ასვლა, მაგრამ ბაზაზე ხელოვნურ მოედანზე არავითარ შემთხვევაში არ ვივარჯიშებთ. ეს საფარი მოსამზადებლად არ წაგვადგება.

- საკონტროლო შეხვედრები თუ დაგეგმეთ?
- სომხეთის ნაკრები ჩამოვა და 16 ან 17 მაისს ვეთამაშებით. ისინიც ელიტრაუნდში გავიდნენ და მათაც სპარინგის პრობლემა ჰქონდათ.

- შეკრებაზე რამდენ მოთამაშეს გამოიძახებთ?
- სულ 23 მოთამაშე გვეყოლება, ხორვატიაში კი 18-ს წავიყვანთ.

- ხორვატიაში როდის გაემგზავრებით?
- ფედერაციის პრეზიდენტისგან, ზვიად სიჭინავასგან მივიღეთ მყარი გარანტია, რომ ხორვატიაში 21 მაისს გავფრინდებით. ადგილზე დროულად უნდა ჩავიდეთ, აკლიმატიზაციაც რომ გავიაროთ და მოედანზე ბიჭები გადაღლილები არ გავიდნენ, როგორც ეს პორტუგალიაში მასპინძლებთან მოხდა.

- ბოლო დროს, ასაკობრივი ნაკრებების შეხვედრების შემდეგ იკვეთება აზრი, რომ მჭიდრო სათამაშო გრაფიკის დროს გუნდებს არ აქვთ თანამედროვე აღდგენითი პრეპარატები და ვიტამინები. ეს პრობლემაც მოგვარდება?
- ფედერაცია დახმარებას გვპირდება და მჯერა, ამის გამო არ დავზარალდებით. ნაკრების ექიმს ველაპარაკე და ვთხოვე, ჩამოეწერა 13-იდან 30 მაისამდე სამყოფი ვიტამინების, წვენებისა და ტაბლეტების სრული სია, რაც მოთამაშეებს ძალების აღსადგენად სჭირდებათ. ფეხბურთელებმა სრული ვიტამინიზაცია უნდა გაიარონ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გაზაფხული ორგანიზმისთვის განსაკუთრებით რთული პერიოდია და აღდგენებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

- პორტუგალიურმა ტურნირმა ჩვენი გუნდის და მოთამაშეების შესახებ რა წარმოდგენა შეგიქმნათ?
- ის, რომ ჩვენს გუნდს ძალიან ბევრი შეუძლია და სიმართლე გითხრათ, ბიჭების თამაშის ცქერა მსიამოვნებდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შეგნებულ ბიჭებთან ვმუშაობ.

რა თქმა უნდა, პორტუგალიასთან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ საფრანგეთთან ჩვენს გამარჯვებას არავინ ელოდა. კიდევ კარგი, რომ წავაგეთ და ბევრი მინუსიც დავინახე. ადრეც გითხარით, რომ ბიჭებთან მწვავე ლაპარაკი მომიხდა. გვარს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ძალიან გამაოცა, როდესაც ამ შეკრებაზე წამოდგა და საჯაროდ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ცუდი თამაშისა და შეხვედრის დროს ემოციური რეპლიკებისთვის ბოდიში მოგვიხადა. მაშინ მივხვდი, რომ ის არა მხოლოდ შეგნებული მოთამაშეა, არამედ დიდი ფეხბურთელიც გაიზრდება.

კიდევ ერთი პლუსი: ტურნირზე სათამაშო სქემაც შევცვალეთ. ჩემამდე გუნდი 4-3-3-ს თამაშობდა და მისი შეცვლა მიზანშეწონილად არ მიმაჩნდა, მაგრამ წაგებიდან და მოთამაშეებიდან გამომდინარე, სხვა სქემის გამოყენება აუცილებელი გახდა. გადავერთვეთ 4-1-4-1 განლაგებაზე, სადაც ვაკო ყაზაიშვილი თავდამსხმელების უკან გავამწესე და უნდა გენახათ, რა კარგად ითამაშა. ფრანგებთან ბიჭებმა დავალებები ისე ზუსტად შეასრულეს და ისეთი მაღალი სათამაშო დისციპლინა აჩვენეს, მეგონა, ვარჯიშს ვატარებდით. დამეთანხმებით, ასეთი რამ იშვიათად ხდება, მით უფრო, საფრანგეთთან - მასთან მოგება ხუმრობა არაა.

ბოლო შეხვედრა სერბეთის მშვენიერ გუნდთან ბიჭებმა ისე დავიწყეთ, მე-20 წუთისთვის 4:0 უნდა ყოფილიყო, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და გულში გამკრა, რამე ცუდი არ მოხდეს-მეთქი. ასეც მოხდა - გოლი გავუშვით და მერე პენალტიც დაგვინიშნეს. კიდევ კარგი, ლეგაშვილმა მოიგერია. მეორე ტაიმში კი ბიჭებმა ბურთი ისე გააგორეს, მართლა ძალიან სასიამოვნო საცქერი იყო. კარგად შემოვიდა შეცვლაზე გელაშვილი, რომელმაც თავადაც გაიტანა და პარუნაშვილსაც გაატანინა.

ბიჭები "დაქოქილები" იყვნენ. ეტყობა, სქემაც სწორად შევარჩიეთ. საერთოდ, მთელმა გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა. მომეწონა ყაზაიშვილი, პარუნაშვილი, პაპავა, ზარნაძე, ენდელაძე. დაცვამ იდეალურად ითამაშა. ლაშა პარუნაშვილი ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს. სამწუხაროა, საუკეთესო ბომბარდირისთვის პრიზი რომ არ დააწესეს და ყაზაიშვილი მხოლოდ გუნდური თასით წამოვიდა.

ახლა მთავარია, ელიტრაუნდისთვის კარგად მოვემზადოთ. შეკრებაზე დაგვემატებიან აჩიკო ტვილდიანი, დავით გიგაური, დავით სხირტლაძე, გიორგი ჭანტურია და იმედი მაქვს, არა მხოლოდ ღირსეულად, წარმატებითაც გამოვალთ. საამისოდ პირველ შეხვედრაში ბოსნიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ. იმედია, ყისმათიც ჩვენს მხარეს იქნება და 17-წლამდელთა წარმატებას გავიმეორებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამაგებინეთ ამ ჯგუფიდანაც პირველ ადგილზე გასული გადის მარტო? როგორც 17 ცლამდელებზე იყო?
mesiii
15:26 25-04-2012
0
კი, მხოლოდ პირველ ადგილზე გასული მიდის ევროპაზე.
Tornike
21:28 25-04-2012
0

სიახლეები პოპულარული