ჰოლანდია-საქართველო 2:0 - მადლობა ყველაფრისთვის! [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ბოლოსწინა, 79-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ჰოლანდიელმა იორიტ ჰენდრიქსმა ჩვენს საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი საქართველოს ნაკრების კარში უცნაური ტრაექტორიით ჩაეშვა.

ქართველებმა ერთიც გაიბრძოლეს, მაგრამ შეუძლებელი ვეღარ შეძლეს - დარჩენილ დროში ჰოლანდიელებმა კიდევ გაიტანეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩამდე ერთადერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. ორმაგად გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში რიცხობრივ უმრავლესობაში მყოფმა მეტოქემ ბევრით ვერაფრით გვაჯობა და თერთმეტმეტრიანების სერიამდე მცირედი დაგვაკლდა (რეგლამენტის მიხედვით, დამატებითი დრო არ დაინიშნებოდა).

ჩვენზე კლასით საგრძნობლად მაღლა
მდგომ მეტოქესთან რომ წაგვეგო, მომხდარს შევეგუებოდით, მაგრამ როგორი ასატანია ის ამბავი, რომ რუმინელმა არბიტრმა მარიუს ავრამმა ჯერ კიდევ მე-16 წუთზე ქართველები ყოვლად აბსურდული გადაწყვეტილებით ათი კაცის შემადგენლობით დატოვა?

მან ჩვენი გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო და, ამის მიუხედავად, ვასილ მაისურაძის ბიჭებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს და საქმე კინაღამ პენალტებამდე მიიყვანეს, სადაც, რა თქმა უნდა, გამარჯვების შანსი მათაც ექნებოდათ. ხოლო მსაჯის ტენდენციურობა რომ არ ყოფილიყო, საქართველოს ნაკრები მხოლოდ "მეორენომრობას" არ დასჯერდებოდა, შემტევ პოტენციალსაც გამოავლენდა და ჰოლანდიელთა დამარცხების რეალური შანსიც მიეცემოდა.

ეს არის ყველაზე გულსატკენი, თორემ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მისვლაც ძალიან დიდი მიღწევაა და ჩვენი ბიჭებისა და სამწვრთნელო შტაბის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის და არც იმის თქმა მოგვერიდება, რომ ეს მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ იყო.

ცხელ გულზე მატჩის პერიპეტიების გახსენება იოლი არ არის და ამიტომაც მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს გავიხსენებთ. მე-15 წუთზე მთავარმა მსაჯმა ნიკა ჭანტურია გააფრთხილა და ჩვენს კარში ჯარიმა დანიშნა. რამდენიმე წამში კი საქართველოს ნაკრების კაპიტანს მეორე ყვითელი ბარათი ჰოლანდიელის დარტყმაზე ნაადრევად გადაფარებისთვის უჩვენა.

ავრამმა ამით მხოლოდ საქართველოს ნაკრებს კი არ ავნო, მთლიანად მატჩი და მისი სანახაობრივი მხარე გააფუჭა.

პირველ ტაიმში ჰოლანდიელებმა წინა ხაზზე ბევრი ვერაფერი ქნეს, მეორის დასაწყისში კი ჩვენმა მეკარე ალექსანდრე ადამიამ პირისპირ გასულ მეტოქეს არ გაატანინა.

ქართველებს შეხვედრის ბოლოს დაღლილობა მოეძალათ, ორი ძირითადი ცენტრალური მცველის არყოფნაც შეეტყოთ (ლაშა დვალი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა) და ჰოლანდიის ნაკრებმა თვალსაჩინო ინიციატივა დასკვნით წუთებშიღა იგდო ხელთ.

75-ე წუთზე ჰოლანდიელთა კაპიტანმა ნათან აკემ ბურთი ხარიხას გაარტყა. ცოტა ხანში კი ჩვენი კარის ბადე მაინც შეირხა...

ასე დასრულდა ქართული ისტორია, რომელმაც მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა. ჩვენი 17-წლამდელები, რომლებიც ოთხ საუკეთესო ევროპულ გუნდში ღირსეულად მოხვდნენ, სამშობლოში თავაწეულები ბრუნდებიან. მათ ბევრად მეტი შეძლეს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ტურნირზე წარმატებაა.

მათ ქართული ფეხბურთის გაბრწყინების იმედი დაგვიბრუნეს!

13.05. ლუბლიანა. სტოჟიცე. 400 მაყურებელი
ჰოლანდია-საქართველო 2:0 (იხილეთ ვიდეო)
1:0 ჰენდრიქსი (79), 2:0 ჰაიე (80)

ჰოლანდია საქართველო
4-3-3 4-2-3-1
ოლი ადამია
ანდერსონი კაკაბაძე
ბაზური ნ. ჭანტურია
ჰენდრიქსი გაბაძე
ფუსტი სამხარაძე
ჰაიე გოროზია
აკე პაპუნაშვილი
მენიგი მზევაშვილი
ვილიენა აბურჯანია
ლუმუ წილოსანი
ფლუტი დარციმელია

მწვრთნელები
ა. სტუივენბერგი ვ. მაისურაძე

ჰოლანდია
58. ფლუტი - ჰუსერი
70. ლუმუ - აკოლასტე
სათადარიგოები: ჰავეკოტე, ვან ფლერკენი, ვალში, ვან დენ ბოომენი, მარინუსი

საქართველო
60. მზევაშვილი - ჯიქია
71. აბურჯანია - ჭეჭელაშვილი
სათადარიგოები: შერმადინი, მესხი, ცინცაძე, ახვლედიანი

გაფრთხილება: ჭანტურია (15), ჭანტურია (16), აბურჯანია (19), ფუსტი (20), კაკაბაძე (69)

გაძევება: ჭანტურია (16)

არბიტრი: მ. ავრამი (რუმინეთი)

მატჩის სტატისტიკა
ჰოლანდია-საქართველო
5 კარში დარტყმა 0
6 კარისკენ დარტყმა 3
3 კუთხური 2
9 ჯარიმა 9
1 გაფრთხილება 4
0 გაძევება 1

მეორე ნახევარფინალური მატჩი
გერმანია-პოლონეთი 1:0
გოლი: 1:0 გორეტცკა (34)

ფინალი
16 მაისი
გერმანია-ჰოლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბიჭებმა ითამაშეს როგორც შეძლეს. ძალიან მაგარ შედეგსაც მიაღწიეს. თუმცა ეს არ არის ამ თაობის შესაძლებლობის ზღვარი. მთავარია ბიჭებმა, მწვრთნელებმა, ფეხბურთის ფედერაციამ, მთავრობამ ირწმუნონ, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტის მიღწევაც. ოღონდ ამას შესაბამისი მიდგომა და ხელშეწყობა სჭირდება, განსაკუთრებით თვითონ ფეხბურთელების მხრიდან. რეჟიმი, ვარჯიში მათი მხრიდან, ხელშეწყობა და პირობები მეორე მხრიდან და რამოდენიმე წელიწადში მათ შეუძლიათ არა მარტო ევროპაში, მსოფლიოშიც საუკეთესონი გახდნენ. მე მჯერა, რომ თუ ამ კომპონენტთა ერთობლიობა შედგება, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს თაობა სასწაულს მოახდენს და არ გამოვრიცხავ მსოფლიო ჩემპიონებიც გახდნენ.
0
ამ დამპალ რუმინელს ფული ექნება აღებული!!!
Nikolo
18:05 14-05-2012
0

სიახლეები პოპულარული