ოთარ კორღალიძე: მძიმე მდგომარეობაში ვართ, უეფას დამოკიდებულება მაოცებს

AutoSharing Option
25 მაისს ხორვატიაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შეხვედრები იწყება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი ხორვატია, ავსტრია და ბოსნია იქნებიან.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ ნაკრები 14 მაისს ეროვნული გუნდის საწვრთნელ ცენტრ "ბასაში" შეკრიბა, გუნდი იქვე დაბინავდა და ვარჯიში დაიწყო.

კორღალიძეს სერიოზული საფიქრალი გაუჩნდა - კლუბების გამო 19-წლამდელები სრულად შემადგენლობით შეკრებას მხოლოდ ხორვატიაში მოახერხებენ.

ოთარ კორღალიძეს მზადებასა და არსებულ პრობლემებზე ველაპარაკეთ.

- რა ცვლილებებია შემადგენლობაში?
- შემადგენლობა თითქმის უცვლელია. ზუგდიდის "ბაიადან" დავიმატეთ მეკარე ზუროშვილი, ცხინვალის "სპარტაკიდან" კი - მცველი ბურძენაძე. სამწუხაროდ,
ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარებიან "ზესტაფონის" მცველი თორნიკე გრიგალაშვილი და თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ბუბა რუხაძე.

თუმცა კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები შეგვექმნა და არც ვიცი, რა ვქნა.

- რას გულისხმობთ?
- გიგაურის გარდა, დროულად არცერთი ლეგიონერი არ ჩამოდის. "ვიტესი" ვაკო ყაზაიშვილსა და გიორგი ჭანტურიას არ უშვებს, დანიური "ორჰუსი" კი - დავით სხირტლაძეს. ეს მოსამზადებელ ეტაპზე სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის.

სამწუხაროდ, მათ კლუბები არ უშვებენ. ჰოლანდიის ერედივიზიეში პლეი ოფის მატჩები გრძელდება, "ვიტესი" ფინალში გავიდა და "ვალვაიკს" შეხვდება. მატჩები კი 20 მაისს მთავრდება. ამიტომ გვითხრეს, მხოლოდ ამის შემდეგ გამოემგზავრებიანო. მომზადების გადამწყვეტ ეტაპზე კი წამყვანი მოთამაშეების არყოფნა გუნდს აზარალებს.

ყაზაიშვილი წინა შეკრებაზე კარგად გავიცანი და პრობლემა არაა. ჭანტურიასაც ვიცნობ და წარმოდგენა მაქვს, რა შეუძლია და რა დავალება შეიძლება მივცეთ. სხირტლაძის შემთხვევაში კი კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ: დანიის ჩემპიონატში შეხვედრა 23 მაისს აქვს, ხორვატიაში კი მხოლოდ 24 მაისს თუ შემოგვიერთდება. წარმოიდგინეთ, ბავშვს სახითაც არ ვიცნობ, გუნდთან ერთად მხოლოდ ერთხელ თუ ივარჯიშებს და როგორ უნდა შემექმნას წარმოდგენა, რა შეუძლია და სად და როგორ ვათამაშო, ან როგორ უნდა მოვახერხო ერთ დღეში ჩემი ჩანაფიქრის გადაცემა?

მგონი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

- ფედერაციამ ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოახერხა?
- ფედერაციას რა უნდა ექნა, როდესაც კლუბი უეფას დადგენილ ნორმებს იყენებს? დანიელებს ვერც აუხსნი, რომ საქართველოს ნაკრებს თავისი ინტერესი გააჩნია, როდესაც კლუბს საკუთარი პრობლემების იქით არაფერი აინტერესებს. ეკუთვნის ფეხბურთელი და უნდა გაუშვებს, უნდა დაიტოვებს და ვერც გაამტყუნებ.

ამ შემთხვევაში მე უეფას პოზიცია მაოცებს. არ მესმის, რა წესებს იგონებენ. კლუბს უფლებას აძლევს, ფეხბურთელი ნაკრებში მხოლოდ მატჩის წინა დღეს გაუშვას. ბოლოს და ბოლოს, უეფა ნაკრების ინტერესებს კლუბისაზე დაბლა რატომ აყენებს?

- ხორვატიაში გამგზავრებამდე საკონტროლო შეხვედრას თუ ჩაატარებთ?
- აქაც მაგარი კაზუსი მოხდა. სომხებთან ამხანაგურ შეხვედრაზე შევთანხმდით, მაგრამ ახლახან შემოგვითვალეს, თუ გინდათ, ერევანში ჩამოდით, თბილისში თამაში არ გვაწყობსო და სახტად დაგვტოვეს. არადა, ასე არ ვიყავით შეთანხმებულნი, თბილისში ჩამოსვლაზე თავიდანვე დაგვთანხმდნენ.

ახლა ერთი ვარიანტია - კახა კაჭარავას 19-წლამდელებს ვეთამაშოთ, მაგრამ საამისოდ ჯერ ნაკრების წევრების გამოძახებაა საჭირო, რასაც საკმაო დრო დასჭირდება.

- თქვენი აზრით, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 19-წლამდელების მოხვედრა რეალურია?
- რეალური მაშინ იქნებოდა, დღესვე სრული შემადგენლობით რომ შევკრებილიყავით. სამი წამყვანი ფეხბურთელი თამაშის წინა დღეს რომ შეგიერთდება, უკვე აღარც ვიცი, რა ვიფიქრო.

მერე ვიღაცა შემომიტრიალდება და იტყვის, ეს რა ნაკრები ჰყოლიაო. არადა, კარგი ბიჭები გვყავს, მაგრამ ამ პრობლემებს რა მოვუხერხოთ?

- მგზავრობის პრობლემა ახლა მაინც თუ მოგვარდა?
- საბედნიეროდ, ახლა მაინც აღარ მოგვიწევს ზედ მატჩის წინა დღეს 19-საათიანი მგზავრობა. ხორვატიაში სამი დღით ადრე, 22 მაისს გავემგზავრებით.

* * *
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: დავით ლეგაშვილი (უგუნდო), ლევან ტყეშელაშვილი ("დინამო" თბილისი), სანდრო ზუროშვილი (ზუგდიდის "ბაია").
მცველები: არჩილ ტვილდიანი, ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე (ყველა - "დინამო" თბილისი), თედო გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე (ორივე - "ზესტაფონი"), კოტე ზარნაძე ("ბაია", ზუგდიდი), ლევან გეგეჭკორი ("მერანი", მარტვილი), გიორგი ჯგერენაია ("გაგრა"), უჩა ბურძენაძე (ცხინვალის "სპარტაკი").
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი (ყველა "დინამო" თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით გიგაური (იაგელონია", პოლონეთი), ნიკა ჭკუასელი ("გაგრა"), ნოდარ კიკნაველიძე ("გაგრა").
თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი"), ოთარ კვერნაძე ("ზესტაფონი"), ავთო ენდელაძე ("ბაია", ზუგდიდი), დავით გელაშვილი ("სპარტაკი", ცხინვალი)

ელიტრაუნდის მატჩები განრიგი
25 მაისი
საქართველო-ბოსნია-ჰერცგოვინა
27 მაისი
ხორვატია-საქართველო
30 მაისი
საქართველო-ავსტრია

"ელიტრაუნდისთვის მზადება დაიწყეს" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული