ლაშა დვალი ინგლისის პრემიერლიგაში აღზევებულ "რედინგში" ისინჯება

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია, რომელიც ლონდონის "არსენალის" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა, სამშობლოში ბრუნდება.

უკვე ვწერდით, რომ 17 წლის ქართველმა "არსენალის" რეზერვისტებში "ნორვიჩის" დუბლებთან მეორე ტაიმი ითამაშა. შეხვედრას "არსენალის" პირველი გუნდის მთელი სამწვრთნელო შტაბი უყურებდა და ჭანტურიამ დადებითი შეფასება დაიმსახურა.

ინგლისელთა კეთილგანწყობაზე გამოცემა younggunsblog.co.uk წერილი მეტყველებდა, ქართველმა სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მცველი "არსენალის" კლასიკური ფეხბურთელის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ლონდონში უკვე მოსწონთო, მაგრამ ყველაფერი ისე არ ყოფილა, ჩვენ რომ გვეიმედებოდა.

"დღეს გვითხრეს, რომ ნიკა ძალიან მოეწონათ, ყველა მწვრთნელმა დადებითი
შეფასება მისცა, მაგრამ ჩვენთან კონტრაქტის გაფორმება პირველი გუნდის ფეხბურთელობას ნიშნავს და, ალბათ გესმით, ამისთვის ჯერ მზად არ არისო.

ამიტომ დაკვირვებას გააგრძელებენ, სექტემბერში თბილისში გვესტუმრებიან და თამაშებში ადგილზე ვნახავთო.

ჩვენ კი გვთხოვეს, რომ შესაფერისი თამაშების განრიგი მივაწოდოთ. მერე ზამთარში შეხედავენ. ნიკა 18-ის გახდება და კონტრაქტზე ამის მერე კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთო.

როგორც ჩანს, ახლა მას საფუძვლიანად დააკვირდნენ და ჩათვალეს, რომ პოტენციალი გააჩნია, მაგრამ მუშაობა ჯერ კიდევ სჭირდება"
, - გვითხრა ფიფას აგენტმა ბესო აბაშიძემ, რომელიც "არსენალში" ქართველის ჩაყვანის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

ნიკა თბილისში დაბრუნდება და "ლოკომოტივში" ივარჯიშებს, რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის. მაგრამ საკითხავია, როდემდე, რადგან ნიკას მიმართ ინტერესს სხვა ევროპული კლუბებიც გამოხატავდნენ.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ნიკა ჭანტურიას პარტნიორი და თანაამპლუელი ლაშა დვალი პრემიერლიგაში აღზევებულ "რედინგში" იმყოფება.

"ლაშა უკვე ინგლისშია და კლუბთან ერთად ისინჯება. "რედინგის" პასუხი 10 დღეში გვეცოდინება.

სწორედ ამ ვარიანტის გამო ვიკავებდით თავს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტისა" და კიევის "დინამოს" შემოთავაზებებზე, რადგან ნიჭიერი ბავშვის ევროპაში გაზრდა უფრო სასურველი გვგონია.

და თუ ლაშა ინგლისში არ დარჩა, მაშინ კიევში ან სანკტ-პეტერბურგში ითამაშებს"
, - გვითხრა ლაშა დვალის ბავშვობის მწვრთნელმა გუბაზ დოლიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკა ჭანტურიამ ლონდონის "არსენალის" ფორმით პირველი მატჩი ჩაატარა
17-წლამდელების მომავალი: მეკარეები გუნდებში დაბინავდნენ, ლაშა დვალი ინგლისს ელის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული