კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართულ ფეხბურთს ახალი თაობა უაღრესად ნიჭიერი ჰყავს
მოგებულ თამაშზე წერა ყოველთვის სასიამოვნოა, ასევე დიდი სიამოვნებით მივულოცავთ ამ გამარჯვებას ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, თითოეულ ფეხბურთელს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ცალკე უნდა შევაქოთ "ქართული სპორტის ქომაგები", რომლებმაც მთელი ამ ტურნირის განმავლობაში დაუღალავი გულშემატკივრობით ჩვენს გუნდს უდიდესი სამსახური გაუწიეს.
პირველი ტაიმი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და საგოლე შანსებიც გვქონდა. შეხვედრა ხუთი წუთის დაწყებულიიყო, ლუკას ჰუფნაგელმა მახვილგონივრული გადაცემით რომ მოძებნა ავთო ენდელაძე, რომლის ფლანგური გადაცემის შემდეგაც ნიკა დიასამიძემ არაზუსტად დაარტყა. პირველ ტაიმში ორჯერ შეეძლო გატანა ჩვენს მთავარ ფორვარდ ბაჩანა არაბულს, რომელსაც ჯერ ჯარიმა აუღო შვედთა მეკარემ, მერე კი თავური ვერ გაიტანა.
ასეთი მატჩიდან ვინმეს გამორჩევა შეიძლება არც ღირდეს, მაგრამ გურამ სამუშიამ განსაკუთრებული შექება მაინც დაიმსახურა. ვერცხლისწყალივით მოძრავმა ფლანგელმა მეტოქეს უამრავი თავსატეხი გაუჩინა და ისიც ლოგიკურია, გამარჯვების გოლი მან რომ გაიტანა. ლუკას ჰუფნაგელის "გაქართველება" კი აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია. ეს 17 წლის ბიჭი ასაკისთვის შეუფერებელი სიდინჯითა და საფეხბურთო აზროვნებით გამოირჩევა. თუმცაა კიდევ გავიმეოროთ, რომ გამარჯვებისთვის ყველამ თავი დადო...
შესვენების შემდეგ შვედები საგრძნობლად გამოცოცხლდნენ, ქართველები კი ისე ყოჩაღად ვეღარ უტევდნენ. თამაშის სადავეებს მაინც ვაკონტროლებდით, მაგრამ დაძაბულობა წუთიდან წუთამდე იზრდებოდა - მეტოქეს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და მთელი ძალებით უტევდა. ჩვენთვის ყველაზე სახიფათო სტალის მიერ ახლო მანძილიდან აცილებული თავური იყო. 77-ე წუთზე კი გაბრიელ თებიძემ სოდერსტრიომის არცთუ სახიფათო, მაგრამ მეკარისთვის მაინც უსიამოვნო შორეული დარტყმა მოიგერია.
თითქოს ყველაფერი ჩვენთვის სასურველი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ წინ წასულმა შვედებმა ზურგი მოაშიშვლეს, რამაც ქართველებს სწრაფი კონტრშეტევის განხორციელების საშუალება მისცა. შეცვლაზე შესულმა თემურ მარკოზაშვილმა ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას სამუშიამ დაასწრო და ეფექტური თავურით გამარჯვება და ელიტრაუნდი დაგვიბევა.
23.10. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 4 000 მაყურებელი
საქართველო-შვედეთი 1:0
1:0 სამუშია (80)
საქართველო შვედეთი
4-2-3-1 4-4-2
თებიძე სტერლანდერი
მთივლიშვილი იესპერ ანდერსონი
კახიძე იოჰან ანდერსონი
სანდოხაძე აუგუსტინსონი
მონიავა ფორსელი
გოგიჩაიშვილი ლარსონი
ჰუფნაგელი სტალი
დიასამიძე ოვუსუ
ენდელაძე ისლამოვიჩი
სამუშია ესპლინგი
არაბული პივოვსკი
მწვრთნელი მწვრთნელი
კ. ჟორჟიკაშვილი რ. ლარსონი
საქართველო
50. გოგიჩაიშვილი – მარკოზაშვილი
50. დიასამიძე - ფანცულაია
64. კახიძე – ცნობილაძე
სათადარიგოები: მიქავა, კვარაცხელია, სარჯველაძე, ჭიღვარია
შვედეთი
41. ესპლინგი – შიობერგი
59. ოვუსუ – ტიბლინგი
71. აუგუსტინსონი – სოდერსტრიომი
სათადარიგოები: მიულერი, ბლომკვისტი, ლინდგრენი, ჟივანოვიჩი
არბიტრი: გ. სპირკოსკი (მაკედონია)