კობა ჟორჟიკაშვილი: "ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას. ძალიან რთული მატჩი მოვიგეთ. იმის მიუხედავად, რომ შვედეთის ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, საქმე არცთუ სუსტ მეტოქესთან გვქონდა. შვედების მიერ ჩატარებული წინა ორი შეხვედრის ვიდეოჩანაწერი დეტალურად გავარჩიეთ და სათანადო დასკვნებიც გამოვიტანეთ. როგორც ნახეთ, აქცენტი დაცვაზე არ გაგვიკეთებია. პირველ ტაიმში გოლი რომ გაგვეტანა, გამარჯვება გაცილებით გაგვიადვილდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და შესვენების შემდეგ ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა.
ჩვენმა ფეხბურთელებმა დიდი ბრძოლები გადაიტანეს და დარწმუნდნენ, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეუძლიათ. სწორედ ესაა მთავარი, რაც ამ ტურნირმა მოგვცა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ელიტრაუნდისთვისაც ღირსეულად მოვემზადოთ.
დიდი მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ქართველი გულშემატკივრები, რომლებმაც ნამდვილი მეთორმეტე მოთამაშის როლი უმაღლეს დონეზე შეასრულეს".
გურამ სამუშია: "ჩემი გოლი დამუშავებული კომბინაციის შედეგია. უბედნიერესი ვარ, ამ გოლმა ქართველი გულშემატკივრები რომ გაახარა".
გაბრიელ თებიძე: "გუნდი ერთ ეპიზოდში გოლისგან გადავარჩინე. აუღებელი დარტყმა ნამდვილად არ იყო, მისი გაშვებნა არ ღირდა".
ავთო ენდელაძე: "დღევანდელმა გამარჯვებამ ძალიან გამახარა, მაგრამ მთავარი ინგლისთან მიღწეული დადებითი შედეგია. ისინი ხომ დიდი კლუბების სისტემაში თამაშობენ, ჩვენ კი – ჭაბუკთა ლიგაში".
ლუკას ჰუფნაგელი: "ძალიან დაძაბული თამაში იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, გამარჯვება ჩვენ რომ დაგვრჩა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, თბილისიდან მიუნხენში დადებითი ემოციებით აღსავსე ვბრუნდები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"