ლუკა ზარანდია: ამათგან "ვიტესი" ყველაზე სასურველია

AutoSharing Option
ლუკა ზარანდია ქართველმა გულშემატკივარმა 2012 წლის შემოდგომაზე გაიცნო. გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

ტურნირზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ზარანდია გახლდათ - არაორდინარული, ტექნიკური და შედეგიანი ფეხბურთელი.

ზარანდიამ სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. თავი მხოლოდ უკრაინასთან (1:3) ვერ გამოიჩინა, ლუქსემბურგთან (3:1) მეტოქის კარი ერთხელ აიღო, ხოლო გადამწყვეტ მატჩში შოტლანდიასთან (3:0) დუბლი შეასრულა.

ზარანდია 35-ე სკოლის გაზრდილია, შარშან კი თბილისის "ლოკომოტივმა" აიყვანა, რომელიც ბოლო წლებში ტალანტების კოლექციონერს ემსგავსება.

ლუკა თავის თაობაში ყოველთვის მოწინავეთა შორის იყოს.
2012 წელს ბაქოში გამართული "კასპიის თასის" საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. წლეულს კი უცნაური ამბავი მოხდა: იანვარში საქართველოს 17-წლამდელები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე უიღბლოდ კი გამოვიდნენ (8 გუნდში მე-7 ადგილი), მაგრამ საუკეთესო ფორვარდად ლუკა ზარანდია დაასახელეს.

ბოლოადგილოსანი გუნდიდან მოთამაშეს იშვიათად აღიარებენ და ესეც მეტყველებს მის ნიჭზე.

ლუკა ზარანდია სეზონისთვის თბილისის "ლოკომოტივში" ემზადებოდა. ორიოდე დღის წინ გუნდი თურქეთიდან დაბრუნდა. თავდამსხმელმა არ დაგვიმალა, რომ მალე, შესაძლოა, ერთ-ერთი ძლიერი ევროპული ლიგის კლუბში აღმოჩნდეს.

"ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ რამდენიმე ევროპული კლუბი დაინტერესდა - გერმანული "ჰოფენჰაიმი", სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი", უკრაინის ორივე გრანდი - დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო", ორიც ჰოლანდიური - არნემის "ვიტესი" და ამსტერდამის "აიაქსი".

ჯერ ეს ყველაფერი ინტერესია და კონკრეტულად არაფერი გადაწყვეტილა. მეც ნაკრებთან ერთად ელიტრაუნდისთვის უნდა მოვემზადო და სატრანსფერო ამბებისთვის მერე მოვიცლი.

მინდა, რომ სანაკრებო თამაშებს კარგ ფორმაში შევხვდე. მანამდე კლუბიდან კლუბში სიარული არ მარგებს. "ლოკომოტივში" კი მშვენიერი შეკრება გავიარე",
- ამბობს ზარანდია.

17 წლის თავდამსხმელი არ მალავს, რომ დასახელებული ვარიანტებიდან ყველაზე მეტად მერაბ ჟორდანიას "ვიტესი" იზიდავს:

"დაინტერესებულ კლუბებს ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირთ, მაგრამ ყველაზე რეალური ვარიანტი მაინც "ვიტესი" მგონია.

ჩემი წასვლა 2012 წელსაც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შესარჩევი ციკლის თამაშები გველოდა, სულ შეკრებებზე დავდიოდი და ვეღარ წავედი. თუმცა, არნემული კლუბი დღეისათვის ყველაზე რეალური და სასურველი ვარიანტია.

ელიტრაუნდის თამაშები 25 მარტს დაიწყება და სავარაუდოდ, ამის შემდეგ "ვიტესში" წავალ. როდესაც თბილისში ჩამოვიდა, კლუბის პრეზიდენტს მერაბ ჟორდანიას ველაპარაკე.

მითხრა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომ არ ვართ, ამის გამო ჯერ კონტრაქტს ვერ გავაფორმებ, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე 3 თვით სტაჟირებაზე ჩავალ, საქართველოშიც კავშირი მექნება და მათი ზედამხედველობით ვივარჯიშებ".


ზარანდია ამბობს, რომ მინსკის ტურნირზე წარუმატებლობის მიუხედავად, ნაკრების სჯერა:

"ბელორუსში ძალიან არ გაგვიმართლა. დიდი ანგარიშით მოგების ნაცვლად, ლიტვასთან 0:3 წავაგეთ, მაგრამ ეს იყო უიღბლობა და არა კანონზომიერი შედეგი.

მინსკში ჩვენი გუნდი ყველას მოეწონა და ამიტომაც მჯერა, რომ ელიტრაუნდში გაცილებით უკეთესად ვითამაშებთ".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: ფორმის პიკზე ელიტრაუნდისთვის გავალთ
მკითხველის კომენტარები / 8 /
აუუუუფ გააააგიჟეს ეს ბავშვიც - ბარსელონა და მილანი ან მანჩესტერ იუნაიტედი არ ინტერესდება? დამშვიდდით ყველა ყველაფერს თავის დრო აქ.
chala
22:41 20-02-2013
0
ლუკამ მართლა შევარდენზე დაიწყო ვარჯიში , გია ნავროზაშვილი ავარჯიშებდა, თავიდანვე ეტყობოდა ნიჭიერი რომ იყო, მაგარი ტალანტია, წარმატებები ლუკას.
merani
11:52 20-02-2013
0

სიახლეები პოპულარული