ვასილ მაისურაძის გუნდმა ფინალური ეტაპისკენ მძიმე გზა განვლო და თავი არც იქ შეირცხვინა - ნახევარფინალში გავიდა და კონტინენტის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
გასულ შემოდგომაზე 17-წლამდელთა შემდეგმა თაობამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი დაძლია, დღეიდან კი გიორგი დევდარიანი და მისი ბიჭები ელიტრაუნდში შეეცდებიან ქართველი გულშემატკივრების გახარებას.
იმედი ვიქონიოთ, რომ თავის სიტყვას ეს თაობაც იტყვის.
რა თქმა უნდა, მთავარი ის არის, რას მიაღწევენ ეს ფეხბურთელები წლების
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად სერბეთი, ირლანდია და ავსტრია ერგო. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ავსტრია უმასპინძლებს.
კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპი 5-დან 17 მაისამდე სლოვაკეთში გაიმართება და იქ თამაშის უფლებას მასპინძელთა გარდა, მხოლოდ ელიტრაუნდის ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ.
ჩვენი გუნდი ელიტრაუნდის სამივე მატჩს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართავს. ჯგუფის სრული კალენდარი ასეთია:
U17. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი
25 მარტი
ვენა. "ჰირშტეტენი". 14:00 სთ (თბილისის დრო)
სერბეთი-საქართველო
არბიტრი: ს. დერენოვი (მოლდოვა)
შვეხატ-რანერსდორფი. "შპორტცენტრუმი". 22:00
ირლანდია-ავსტრია
არბიტრი: მ. სანტოს ფერეირა (პორტუგალია)
27 მარტი
ვენა. "ჰირშტეტენი". 14:00
საქართველო-ირლანდია
არბიტრი: ს. დერენოვი (მოლდოვა)
შვეხატ-რანერსდორფი, "შპორტცენტრუმი". 22:00
სერბეთი-ავსტრია
არბიტრი: ი. კოზიკი (უკრაინა)
30 მარტი
შვეხატ-რანერსდორფი, "შპორტცენტრუმი". 18:00
ირლანდია-სერბეთი
არბიტრი: მ. სანტოს ფერეირა (პორტუგალია)
ვენა, "აუსტრია". 18:00
ავსტრია-საქართველო
არბიტრი: ი. კოზიკი (უკრაინა)
ელიტრაუნდისთვის დევდარიანმა ეს 18 ფეხბურთელი შეარჩია:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - საბურთალო);
მცველები: აკაკი შულაია (მერანი, მარტვილი), ზურაბ გელაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ორივე - საბურთალო), ომარ პატარკაციშვილი (ლოკომოტივი, თბილისი);
ნახევარმცველები: ზურაბ მალანია (ბაია, ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე (ყველა - საბურთალო), თენგიზ გოროზია (დინამო, თბილისი), გიორგი ბერიძე (ჩიხურა, საჩხერე);
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი, თბილისი), ილია კერძევაძე (ჩიხურა, საჩხერე), გრიგოლ ჩაბრაძე, რევაზ ბარამიძე (ორივე - საბურთალო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).
აქვე იმასაც გეტყვით, რომ პირველ შესარჩევ ეტაპზე მიღებული ორი გაფრთხილების გამო, სერბეთთან 25 მარტს გასამართ მატჩს ზურაბ გელაშვილი გამოტოვებს.
* * *
პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი საქართველოს ნაკრებმა თბილისში ჩაატარა და ასპარეზობა უკრაინასთან მარცხით (1:3) დაიწყო. თუმცა დევდარიანის გუნდმა დარჩენილი ორი შეხვედრა მოიგო და ჯგუფში მეორე გამსვლელი ადგილი დაიკავა.
ქართველმა 17-წლამდელებმა ჯერ ლუქსემბურგს 3:1 აჯობეს, შემდეგ კი უშუალო კონკურენტი შოტლანდია 3:0 გაანადგურეს.
პირველ ეტაპზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ყველაზე მეტი, 3 გოლი, ლუკა ზარანდიამ გაიტანა.
ორიოდე სიტყვით მეტოქეების შესახებ:
სერბეთი
სერბეთის ნაკრებმა პირველ ეტაპზე სომხეთი, მოლდოვა და ბელარუსი შესაბამისად, 5:0, 4:0 და 7:0 გაანადგურა.
სერბეთის 17-წლამდელთა ნაკრებს 37 წლის მილან ლესნიაკი წვრთნის, რომელიც საკმაოდ მაღალი დონის ცენტრალური მცველი გახლდათ. კარიერის საუკეთესო წლები მან ბელგიურ "ბრიუგეში" გაატარა, ბუცები კი ლურსმანზე ნაადრევად, 29 წლის ასაკში მძიმე ტრავმის გამო ჩამოკიდა. ბოლოს იგი რუსული "სატურნის" ღირსებას იცავდა.
სერბეთის ნაკრების ლიდერი და კაპიტანია შემტევი ნახევარმცველი ანდრია ჟივკოვიჩი, რომელმაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი გოლი გაიტანა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი 5 გოლით ლუკა ბელიჩია. იგი მთლიანი შესარჩევი ტურნირის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, ლიდერი კი 8 გოლით გერმანელი ტიმო ვერნერი გახლავთ.
სერბეთის ნაკრებს ამ ასაკში განსაკუთრებული წარმატებებისთვის არ მიუღწევია. მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ 1990 წელს კი იუგოსლავიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.
ირლანდია
ირლანდიელები ელიტრაუნდში პირველი ადგილით გავიდნენ - ჯერ შვედეთს დაუზავდნენ (1:1), შემდეგ კი მაკედონიასა და რუმინეთს სძლიეს, შესაბამისად, 4:1 და 2:0.
პირველ შესარჩევ რაუნდში სამი გოლი გაიტანა ჯეკ ბირნიმ, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია, ორი გოლის ავტორი დინ ოჰალორენი კი "ლივერპულის" წევრია. ირლანდიის ნაკრების თავკაცია ტომ მოჰანი.
1998 წელს ირლანდია ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონი გახდა - ფინალში "სამყურებმა" იტალიას 2:1 სძლიეს. მას შემდეგ ირლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებს ღირებული წარმატებისთვის აღარ მიუღწევია.
ავსტრია
ავსტრიელებმა პირველი ეტაპი კვიპროსთან 0:0-ით დაიწყეს, შემდეგ ფარერელები 6:0 გაანადგურეს, ბოლოს კი შვეიცარიელებთან 1:1 ითამაშეს. ჯგუფი შვეიცარიამ მოიგო, ავსტრიის ნაკრები კი, ჩვენს მსგავსად, მეორე ადგილზე გავიდა.
ავსტრიის 17-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელია ჰერმან შტადლერი. პირველ რაუნდში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი 3 გოლით ადრიან გრბიჩი გახდა, რომელიც გერმანული "შტუტგარტის" წევრია.
ავსტრიელები 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები არიან. 1997 წელს ავსტრიის 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან თერთმეტმეტრიანების სერიით დამარცხდა. ბრინჯაოს მედლები კი ავსტრიელებმა 2003 წელს მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის მატჩში მათ ინგლისს 1:0 სძლიეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"