- თბილისში ჩატარებული შესარჩევი ტურნირის მერე მცირე დრო გავიდა, წინ კი ელიტრაუნდია. რის გაუმჯობესებას ისურვებდით გუნდის თამაშში?
- ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ მწრთნელი ბოლომდე
- ცალკეულ ფეხბურთელებს თუ გამოარჩევდით?
- ვფიქრობ, საუკეთესოები მაყურებელმა თავად შეარჩია - არაბული, ჰუფნაგელი, თებიძე, სანდოხაძე, დიასამიძე, სამუშია... თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა საბოლოო წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ძლიერი ინდივიდუალისტების სიმრავლის მიუხედავად, ჩვენი მთავარი კოზირი კარგი კოლექტიური თამაშია. ამასთანავე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კარგად დაბალანსებული გუნდია, ჩვენთან არ არსებობს ძლიერი და სუსტი რგოლები - დაკისრებულ მოვალეობებს ყველა ამპლუა ერთნაირად ართმევს თავს. ამასთანავე, ისიც მინდა ყველას ესმოდეს, რომ ამ ასაკში წარმატება ჯერ კიდევ არ არის სამომავლო გამარჯვებების გარანტი. მთავარია, ინგლისის, შვედეთისა თუ პოლონეთის მსგავს ძლიერ საფეხბურთო ქვეყნებს ეროვნული ნაკრებების დონეზე ვეთამაშოთ ასე დამაჯერებლად, საამისოდ კი სწორი კომპლექსური მუშაობაა საჭირო.
- როდის ჩატარდება ნაკრების უახლოესი შეკრება?
- ახლა ნაკრების წევრები საკუთარ კლუბებში ვარჯიშობენ და ამ პროცესში ჩემს რჩევა-დარიგებებს ითვალისწინებენ. უახლოეს შეკრებას კი დეკემბერში მოვაწყობთ - ბაკურიანში წავალთ, სადაც აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე გავაკეთებთ. ბაკურიანში ლუკას ჰუფნაგელის გარდა, ნაკრების ყველა წევრი წამოვა, სავარაუდოდ, რამდენიმე სხვა ფეხბურთელსაც გამოვიძახებთ. როგორც იცით, ელიტრაუნდი გაზაფხულზე გაიმართება და მანამდე სხვა შეკრებებიც აუცილებლად გვესაჭიროება. პროგრამაში შეტანილი გვაქვს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მოსაწყობი შეკრებები, აუცილებლად უნდა ჩავატაროთ საერთაშორისო ამხანაგური მატჩები. ძლიერ მეტოქეებთან სპარინგის გარეშე გუნდის პროგრესი წარმოუდგენელია. ყველაფერი უფრო დეტალურად ელიტრაუნდის წილისყრის შემდეგ გაირკვევა. ჩვენი მომავალი მეტოქეების ვინაობა როგორც იცით, დეკემბერში გახდება ცნობილი.
- როგორი სტილის მოწინააღმდეგებთან გირჩევნიათ ელიტრაუნდში დაპირირისპირება?
- დამეთანხმებით, თბილისში საკმაოდ ძლიერი და სახელიანი გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ. ამ მატჩებმა ყველა დაგვარწმუნა, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგეების ვინაობას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მით უფრო, რომ ელიტრაუნდში სუსტი გუნდის გასვლა ფაქტობრივად, გამორიცხულია. როგორც იცით, ვერ შევხვდებით ინგლისის ნაკრებს, რადგან პირველ ეტაპზე ერთ ჯგუფში ვიყავით. უხერხულ მეტოქედ ვერავის დავასახელენ. თუმცა ელიტრაუნდში ნამდვილად არიან ისეთი გუნდები, რომლებთან თამაშსაც ვისურვებდი. მაგალითად, ბელარუსი და ლატვია, რომელთან პალანგის საერთაშორისო ტურნირზე დამაჯერებლად მოვუგეთ და მათზე გაცილებით ძლიერი გუნდი გვყავს. როგორც უკვე ვთქვი, ელიტრაუნდში გაცილებით მძიმე ბრძოლები გველის, მაგრამ თუ სათანადოდ მოვემზადეთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად ვიბრძოლებთ.
- ელიტრაუნდის თბილისში ჩატარება მთლიანად გამორიცხულია?
- უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ამის შანსი გვაქვს, ოღონდ - მიზერული.
- თქვით, რომ ყველა რგოლით კმაყოფილი ხართ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ელიტრაუნდამდე ნაკრების შემადგენლობა საერთოდ არ შეიცვლება?
- ბირთვი ნამდვილად უცვლელი დარჩება, მაგრამ რამდენიმე კონკრეტულ პოზიციაზე გაძლიერება არ გვაწყენდა. სასელექციო პროცესს აქტიურად გავაგრძელებთ და თუ რომელიმე ახლად აღმოჩენილმა ფეხბურთელმა კონკურენტს აჯობა, ნაკრებშიც მოხვდება. ჯანსაღი კონკურენცია გუნდის განვითარებისთვის აუცილებელია, ყველანაირად ვეცდებით, რომ ნაკრებისთვის საჭირო მოთამაშეები თვალთახედვის არედან არ გამოგვეპაროს.
- ამას წინათ თქვით, რომ დააკვირდებით ლეგიონერებსაც.
- ლუკას ჰუფნაგელის მაგალითმა დაგვარწმუნა, რომ საზღვარგარეთ ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელის პოვნა შეიძლება. სხვადასხვა ქვეყნებში რამდენიმე ქართველი 17-წლამდელი თამაშობს და ფეხბურთის ფედერაციის თანადგომით მათ აუცილებლად დავაკვირდებით. ვინც სანაკრებო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, აუცილებლად ვიზრუნებთ იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მიეცეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"