[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!

AutoSharing Option
გია ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდს შორის ითამაშებს. გუნდის წარმატებამ ყველას გულები გაგვინათა და იმედებით აგვავსო.

მაგრამ ნაკრების წევრებს ხალხი კარგად არ იცნობს. ამიტომ "ლელომ" გადაწყვიტა იმ მოთამაშეებისა და მწვრთნელების წარდგენა, რომლებმაც უზომო სიხარული მოგვანიჭეს.

ახალ რუბრიკას ვიწყებთ გუნდის ერთ-ერთი წარმატებული მოთამაშით, თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის ფორვარდით, ბუდუ ზივზივაძით.

დოსიე
ბუდუ ზივზივაძე
დაიბადა: 1994 წლის 10 მარტს, ქუთაისში
პოზიცია: თავდამსხმელი
თბილისის "დინამოშია" 2011 წლიდან
2012-13 - "დინამო 2" - 19 მატჩი, 14 გოლი

სანაკრებო კარიერა (ოფიციალური მატჩები)
დებიუტი: 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი (ელიტრაუნდი)
2011 წლის 27 მარტი: ბელორუსი 1:0 საქართველო
საქართველო U-17 (3 მატჩი, 0 გოლი)
საქართველო U-19 (3 მატჩი, 1 გოლი)

* * *
19 წლის თავდამსხმელს შესარჩევ ციკლში არ უთამაშია, მაგრამ გია ცეცაძემ ზუსტად მიაგნო მოთამაშეს, რომელმაც გუნდი გააძლიერა - ბუდუმ ელიტრაუნდში სამივე შეხვედრა ძირითადში ითამაშა, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა და ამ სტატისტიკის მიღმა, გუნდს ბევრი სასარგებლო საქმე გაუკეთა.

ბუდუ ზივზივაძეს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა.

- ევროპის ჩემპიონატზე გასვლით განებივრებულები არ ვართ. ბოლო ორი წელია, სასწაული ხდება - ბელგიაში წარმატება რამ განაპირობა?
- ძალიან მოკლედ გეტყვით - ერთსულოვნებისა და რწმენის ხარჯზე გავიმარჯვეთ. მწვრთნელმა მაგრად დაგვმუხტა და ის დავალებები მოგვცა, რამაც ეს შედეგი მოგვიტანა.

- დეტალებია საინტერესო - ამას როგორ ახერხებდა?
- გია ცეცაძე გვეუბნებოდა, რომ ჩვენ უნდა მოგვეხსნა მეორეხარისხოვანი ადამიანების სინდრომი და შეგვეტია; თქვენ ეს შეგიძლიათ, ნუ გეშინიათო. დამიჯერეთ, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა.

- თუმცა, რეალურად ძალიან ძნელია, ბევრად უკეთეს პირობებში მომზადებულ ინგლისელ, შოტლანდიელ, ბელგიელ ახალგაზრდებს შეუტიო და დაამარცხო.
- გეთანხმებით, მაგრამ გააჩნია, სიტყვებს ვინ ამბობს. გია სულ გვარწმუნებდა, რომ "პირველ ნომრად" უნდა გვეთამაშა და მისმა თავდაჯერებულობამ წნეხი მოგვიხსნა.

- პირადად შენს თამაშზე რას იტყვი?
- ცეცაძის ნდობამ გამახარა და მინდოდა, მადლობა კარგი თამაშით გადამეხადა. განსაკუთრებით ბედნიერი შოტლანდიელებთან ვიყავი: როდესაც 1:0-ზე მსაჯმა არაბული გაგვიგდო და 9 კაცით დავრჩით, მეორე გოლი გავიტანე. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი მომგები არც შოტლანდია იყო და არც ბელგია, რომელსაც ბოლო ტურში უნდა შევხვედროდით.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- ევროპის ჩემპიონატზე რა იმედით მიემგზავრებით?
- გია ცეცაძემ თქვა ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს - ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა ან მინიმუმ სამეულში მოხვედრა მაინც გვსურს.

რაც უნდა წარმოუდგენლად გეჩვენოთ, ეს არ არის მხოლოდ ხმამაღალი სიტყვები. ელიტრაუნდზე ბიჭების თამაშმა დამაჯერა, რომ ძლიერ გუნდებთან კარგად თამაში და მოგება შეგვიძლია.

- დიდი ხანია, მსგავსი სიტყვები არ გვსმენია და ეს ამბიცია ყურს უცნაურად ხვდება, მაგრამ სასიამოვნოა...
- იცით, ბელგიაში მთავარი რა მოხდა? მივხვდით, ჩვენ თუ მეორეხარისხოვანი ერის ფსიქოლოგიას არ მოვიცილებდით, არაფერი გამოგვივიდოდა. როდესაც მოედანზე გადიხარ, ასეთი სულისკვეთებით თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომაა, ლიტვაში გასამართ თამაშებს დიდი იმედით რომ ველით - ჩვენ შიშს უკვე ვძლიეთ.

- ეს შიში მეტოქეების სიძლიერით იყო გამოწვეული თუ საკუთარი ძალების ურწმუნოებით?
- ალბათ, მეორე. ქართველს შიში მაშინ ეწყება, როდესაც მეტოქე ინგლისი, ესპანეთი, გერმანია ან სხვა გრანდია. ისინი კლასით სანამ გვაჯობებენ, ხშირად თამაშს თავად ვაგებთ.

ჩვენც ქართველები ვართ, სხვებისგან არაფრით განვსხვავდებით და კარგად გვესმოდა, რომ ძლიერი მეტოქეები გვყავდა, მაგრამ იმდენად მონდომებულები ვიყავით და მწვრთნელებმა ისე დაგვქოქეს, ინგლისსაც ვაჯობეთ, შოტლანდია-ბელგიასაც და მართლა გამართული ფეხბურთი ვაჩვენეთ. ეს თავდაჯერებულობა სერბეთთან გასვლაზე მოგებით დაიწყო.

სხვათა შორის, ბელგიაში მეტოქეებზე არანაკლებად, ამინდებს ვუფრთხოდით. სერბეთში სიცხეში ვითამაშეთ, ბელგიაში კი ბრიტანული ამინდი დაგვხვდა, ცივი და ნესტიანი. ვფიქრობდით, ასეთ პირობებში ინგლისსა და შოტლანდიას როგორ მოვუგებდით, მაგრამ ამინდსაც ვაჯობეთ.

Sportall.Ge

- პირადად შენზეც ვილაპარაკოთ: სად ვარჯიშობდი, ვისთან და როგორ მოხვდი ნაკრების მწვრთნელთა ყურადღების არეალში?
- ქუთაისელი ვარ. 8 წლიდან "იმედის" საფეხბურთო სკოლაში "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი მამუკა ხუნდაძე მავარჯიშებდა. მან შემაყვარა ფეხბურთი და მისი ანი-ბანი მასწავლა. 15 წლისა ნაკრების შერჩევებზე მომიწვიეს, სადაც გოჩა ავსაჯანიშვილმა შემნიშნა და 35-ე სკოლაში თემურ ლორთქიფანიძესთან მიმიყვანა. მისგან ასევე ბევრი ვისწავლე.

17 წლისა თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის სელექციონერმა თემურ უგრეხელიძემ დუბლებში მიმიწვია და მას შემდეგ ვარ კლუბში, რომელიც ძალიან მიყვარს. პირველად გიორგი დევდარიანმა მათამაშა, დასრულებულ სეზონში კი რამაზ მუმლაძე მენდობოდა, პირველ ლიგაში მათამაშებდა და კარგი პრაქტიკაც მივიღე.

- სანაკრებო კარიერა როდის დაიწყე?
- კობა ჟორჟიკაშვილმა 17-წლამდელთა ნაკრებში გამომიძახა. მაშინ გუნდი ელიტრაუნდში მოხვდა და ევროფინალში გასასვლელად ვიბრძოდით.

- ელიტრაუნდის შემდეგ შენით რომელიმე ევროპული კლუბი დაინტერესდა?
- კონკრეტული წინადადება ჯერ არ მქონია. თანაც, "დინამოს" ვეკუთვნი და ჯერ აქ დამკვიდრებაზე ვფიქრობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დაუსვი კითხვა გია ცეცაძეს
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 3 /
ესაა მთავარი, ვერასოდეს ვერ გახდები დიდი გუნდი სანამ მე-2 ნომრად თამაშს არ დაივიწყებ. როგორც დიდი გუნდი, ინგლისი ან გერმანია არავისთან არ იკადრებს მეორე ნომრად თამაშს, აი ეგაა დიდი გუნდობა. მაგალითად, ხორვატია ევროპის 9 საუკეთესო გუნდში იყო, მაგრამ მყარად ვერასოდეს ვერ ჩამოყალიბდება, ვერ გახდება დიდი გუნდი სანამ სივრცეების ჩაკეტვას და შედეგზე თამაშს არ მოიშლის, ვერ გახდება დიდი გუნდი და ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.
Giorgi
04:28 07-06-2013
0
ვისოლ, გაიღვიძე!
სად გვაქვს დასაკარგი ქუთაისლები..
Georgi
15:26 06-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული