U19. საქართველო-თურქეთი 2:4 - მშვიდობით, ევროპა!

AutoSharing Option
სერბეთთან წაგების შემდეგ, ფაქტობრივად, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის იმედი საქართველოს გადაეწურა. მაგრამ ჩვენი 19-წლამდელების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე იმედოვნებდა, რომ ბოლო თამაშში მაინც გავიმარჯვებდით.

შეხვედრაც ისე დაიწყო, უკეთესს ვერც ვინატრებდით. უკვე მე-3 წუთზე გურამ სამუშიას გადაცემის შემდეგ, საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ავთო ენდელაძემ შეუჩერებლად დაარტყა და კარის "ცხრიანი" შეარხია - 1:0.

ეს ევროპის ჩემპიონატზე ქართველების გატანილი პირველი გოლი იყო. ამის შემდეგ გუნდმა გაილაღა, ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა გიორგი ფანცულაიას, მაგრამ მეკარე ონურჯან პირის ერთხელაც ვერ აჯობა.

Sportall.Geთურქები გონს მალე მოეგნენ
და ანგარიში გაათანაბრეს: მე-16 წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე რეჯებ ნიაზმა გაიყვანეს, რომელმაც არ იხარბა და კარის წინ მარტო დარჩენილ ოქან დენიზს გაატანინა - 1:1. გავიდა ორი წუთიც და ზუსტად იგივე განმეორდა: ნიაზი კვლავ დასარტყმელ პოზიციაში გავიდა და დენიზს დუბლი შეასრულებინა - 1:2.

საქართველოს ნაკრებს ყურები არ ჩამოუყრია, კვლავ შეუტია და შანსიც გაჩნდა: ჰაკან ჩინერმემ საჯარიმოში ნიკა კაჭარავა წააქცია - მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. დარტყმა თავად დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ამან ჩვენებზე დამთრგუნველად იმოქმედა, თურქებმა კი მწვავე შეტევების ორგანიზება შეძლეს - ჰეთ-თრიქის შესრულების შანსი გაუშვა დენიზმა, ჩენკ ჩახინის დარტყმის შემდეგ საოცარი რეაქცია გამოავლინა ბაჩო მიქავამ, საგოლე მომენტი ჰქონდა ოკან აიდინსაც.

ტაიმის ბოლოს თავის გამოჩენა ისევ კაჭარავას შეეძლო, რომელმაც რეალური საგოლე შესაძლებლობით ამჯერადაც ვერ იხეიარა.

შესვენებამ ჩვენებზე დადებითად იმოქმედა და მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ დაიწყეს. 50-ე წუთზე საგოლე მომენტი ენდელაძემ გააფუჭა, თუმცა, შეტევა გაგრძელდა და სამუშიას გადაცემით კაჭარავამ ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

თურქებმა მაინც იძალეს: ნიაზმა 58-ე წუთზე თავისიანები კიდევ ერთხელ დააწინაურა. ჩვენების გაბრძოლება 76-ე წუთზე ლიტველმა მსაჯმა გედიმინას მაჟეიკამ დაასრულა: დავით მთივლიშვილს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, მოედანზე 10 კაცით დავრჩით და ცხადი გახდა - ევროპის ჩემპიონატს მოუგებლად ვტოვებდით.

მე-80 წუთზე ჩენკ შახინმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:4). საქართველო ევროპის ჩემპიონატს იმით დაემშვიდობა, რითაც ჩავიდა - ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

გულზე ხელი რომ დავიდოთ, ეს დღეისათვის ჩვენი ზღვარია და ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც წარმატებაა. და როდესაც საქართველო სხვა სფეროსა და სახეობაში მოხვდება ევროპის 8 საუკეთესოთა შორის, ჯგუფში ჩარჩენა ტრაგედიად მერე მოვნათლოთ.

* * *
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლიდერმა სერბეთმა საფრანგეთთან 1:1 ითამაშა, რაც ორივესთვის მისაღები შედეგი იყო და ნახევარფინალში გავიდნენ.

B ჯუგფი
საფრანგეთი-სერბეთი 1:1
1:0 იუნუ (31), 1:1 პავლოვსკი (77)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 3 2 1 0 4-2 7
2. საფრანგეთი 3 1 2 0 3-2 5
3. თურქეთი 3 1 0 2 6-6 3
4. საქართველო 3 0 1 2 2-5 1

A ჯგუფი
ლიტვა-პორტუგალია 2:4
ჰოლანდია-ესპანეთი 2:3

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 3 3 0 0 6-2 9
2. პორტუგალია 3 2 0 1 8-4 6
3. ჰოლანდია 3 1 0 2 6-9 3
4. ლიტვა 3 0 0 3 4-9 0

ამგვარად, ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სერბეთი-პორტუგალია და ესპანეთი-საფრანგეთი. საქართველომ კი ევროპის ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა, რადგან მასპინძელმა ლიტვამ ქულაც ვერ მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
თურქული ... მოხვდათ
gela
12:08 27-07-2013
0
ჯგუფიდან უნდა გასულიყვნენ ბიჭები...
maqsime mesxi
14:45 27-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული