17-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.

17 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ნოდარ აკობიას შეგირდებმა სან მარინოს თანატოლთა ნაკრებს ანგარიშით 3:1 სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. საქართველოს ნაკრები წინ მე-8 წუთზე გიორგი ბერიძემ გაიყვანა, მე-19 წუთზე თავის გამოჩენა ვლადიმერ მამუჩაიშვილმა შორეული დარტყმით შეძლო, 33-ე წუთზე კი მესამე გოლი ნიკა ლაშხიამ შეაგდო.

მეორე ტაიმში სტუმრებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს - 67-ე წუთზე უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ანდრეა ტამანინიმ გაიტანა და თავის გუნდს უდიდესი სიხარული მიანიჭა
- 3:1.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც მანამდე გაიმართა, ჰოლანდიელმა 17-წლამდელებმა "დინამო არენაზე" ფარერებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და შესაბამისად, ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ.

ჯგუფში მომდევნო შეხვედრას ქართველი 17-წლამდელები 19 ოქტომბერს, 16:00 სთ-ზე ფარერებთან, კვლავაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ, მანამდე კი ჰოლანდია სან მარინოს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული