U17. საქართველო-სან მარინო 3:1 - როცა მოგების შემდეგ უკმაყოფილო ხარ... [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევის ეტაპი მოგებით დაიწყო. ნოდარ აკობიას გუნდს წილისყრამ აშკარად გაუმართლა: ჯგუფში ერთდროულად ევროპის ორი უსუსტესი წარმომადგენელი - ფარერები და სან მარინო დაუჯდა.

პირველ მატჩში პატარა "ჯვაროსნებმა" სან მარინო ძალების დაუძაბავად დაამარცხეს - 3:1.

მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მირკო პაპინიმ საინტერესო ამბავი გაგვიმხილა. მოგეხსენებათ, სან მარინო პატარა ქვეყანაა - სულ რაღაც 32 ათასი ადამიანი ცხოვრობს (ლამის ამდენს იტევს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, სადაც 17 ოქტომბერს სტუმრებმა ითამაშეს).

"ლელო" დაინტერესდა, რამდენი მოთამაშე მოხვდა მის თვალსაწიერში სელექციისას. აღმოჩნდა, რომ
გაფართოებულ სიაში პაპინის 28 მოზარდი ჰყავდა...

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აკობია დაფიქრებული ჩანდა და სამართლიანადაც აღნიშნა, რომ გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო. გამოცდილ მწვრთნელს მიზეზი ნამდვილად ჰქონდა.

საერთოდ, მის გაწვრთნილ გუნდებს ჰქონდათ ხელწერა, რაც, უპირველესად, სწრაფ და ეფექტურ შეტევებში გამოიხატებოდა. სან მარინოსთან მატჩში კი 17-წლამდელთა ნაკრებში ეს სისწრაფე და ეფექტურობა მხოლოდ ეპიზოდურად ჩანდა, უფრო - პირველ ტაიმში.

Sportall.Ge...ჩვენებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, სტუმრები საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს და ანგარიშიც მალევე გახსნეს: მე-8 წუთზე ნიკა ლაშხიას მშვენიერი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა გიორგი ბერიძე, რომელმაც მეკარეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო - 1:0.

აკობიას შეგირდები მომენტებს მაშინ ქმნიდნენ, როცა აფეთქებასა და სწრაფ თამაშს ახერხებდნენ. სანმარინოელებს ქართველებთან გამკლავება უჭირდათ, მაგრამ მასპინძლები უფრო ინდივიდუალურად ცდილობდნენ მეტოქის კარამდე მისვლას, ვიდრე - გუნდურად.

...მე-13 წუთზე, ნიკა ქორიძის მშვენიერი გადაცემით, დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა ლაშხია, რომელსაც მცველი დროულად გადაეღობა და ვითარება განმუხტა. სხვათა შორის, ლაშხია ბევრს მოძრაობდა და აქტიურობდა.

მალე მან კიდევ ერთხელ სცადა ბედი - ამჯერად, საჯარიმო შეასრულა, მაგრამ მეკარე სიმონე ბენედეტინიმ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა...

სტუმართა წინააღმდეგობამ დიდხანს ვერ გასტანა - ლადო მამუჩიშვილმა საჯარიმო დარტყმა დაახლოებით 27-28 მეტრიდან ზუსტად შეასრულა და - 2:0.

ტაიმის დასრულებამდე ჩვენების უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა: ბერიძემ საჯარიმოში ლაშხია მოძებნა, რომელმაც ცენტრისკენ შეიწია, კარიდან წინ გამოსული მეკარე შენიშნა და ბურთი თავზე გადაუგდო - 3:0.

ანგარიშის გაზრდა შეეძლო გიორგი ჯობავასაც, რომელიც ბერიძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ბენედეტინის ვერ აჯობა.

ძნელი სათქმელია, რა მოუვიდათ მეორე ტაიმში ჩვენებს, მაგრამ აშკარად მოეშვნენ. თუმცა მომენტები მაინც შექმნეს - გიორგი კიკნაძემ (ორჯერ), საბა ცინცქალაძემ და ლაშხიამ ამით ვერ ისარგებლეს.

იმის მაგივრად, რომ უპირატესობა გაეზარდათ (ამის შანსები ნამდვილად ჰქონდათ), მეორე ტაიმში ჩვენებმა გოლი იქით გაუშვეს. სან მარინომ ერთი ხეირიანი კომბინაცია გაითამაშა - მარცხენა ფლანგიდან ფილიპო ბერტიმ მეკარის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ანდრეა ტამანინი შენიშნა და სხვაობა შემცირდა - 3:1.

ეტყობა, სტუმრებს გოლი ჩვენს ეროვნულ ნაკრებზე მეტად ჰქონდათ მონატრებული და ისე გაიხარეს, შემტევთან მისალოცად მეკარეც კი გამოქანდა და იყო ერთი ჟრიამული...

ჩვენებმა კი მეტი ვერაფერი მოახერხეს და, რაც მთავარია, გუნდური თამაში და მწვრთნელის დარიგებები დაივიწყეს. ამიტომაც იყო, მატჩის შემდეგ აკობია პრესკონფერენციაზე დაფიქრებული რომ გამოცხადდა, მაშინ, როცა მისი კოლეგა გოლის გატანით კმაყოფილი ჩანდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
მირკო პაპინი (სან მარინოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"საქართველოს ნაკრების თამაშები არ მენახა და მასზე წარმოდგენა არ მქონდა. ძალიან კარგი გუნდია და კარგი ინდივიდუალისტებიც ჰყავს. გამოვარჩევდი ლაშხიას - ის საუკეთესო იყო.

ჩვენ კი ახალი გუნდი გვყავს, თანაც, ამ ასაკის ბევრი მოთამაშე არ გვეგულებოდა და ამიტომ, ჩვენი ფედერაციის გადაწყვეტილებით, ერთი წლით უმცროსი მოთამაშეები დავიმატეთ, რადგან ამ ასაკში უფრო დიდი არჩევანი გვაქვს. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ დღეს პირველ საერთაშორისო შეხვედრას ვატარებდით და პირველ ტაიმში ნერვიულობა გვეტყობოდა.

შესვენების შემდეგ ბიჭები დამშვიდდნენ და გაიტანეს, მაგრამ კლასში დიდი განსხვავება მაინც იგრძნობოდა".


ნოდარ აკობია (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"რასაც ვგეგმავდით, იმას ფეხბურთელები პირველ ტაიმში დროდადრო მაინც ასრულებდნენ; აი, მეორე ტაიმში კი ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ეს რისი ბრალია, ამას გავაანალიზებთ.

ფაქტია, რომ ბურთს ძალიან ვაყოვნებდით. მეორე მატჩისთვის შემადგენლობაში ცვლილებები გვექნება".


ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. XI ჯგუფი
17 ოქტომბერი
ჰოლანდია-ფარერები 4:0
1:0 სლაბეკოორნი (32), 2:0 ზვეედენი (40), 3:0 ოვობოვალე (46), 4:0 ნური (54)

19 ოქტომბერი
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
სან მარინო-ჰოლანდია 14:00

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-ფარერები 16:00

22 ოქტომბერი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჰოლანდია-საქართველო 15:30

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ფარერები-სან მარინო 15:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
19 ოქტომბერი
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
სან მარინო-ჰოლანდია 14:00

ეეე....მმმ...
goga
10:39 18-10-2013
0

სიახლეები პოპულარული