U17. საქართველო-ჰოლანდია 0:1 - ასე შორს ვერ წავალთ

AutoSharing Option
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის წინ საქართველოსა და ჰოლანდიას ელიტრაუნდის საგზურები განაღდებული ჰქონდათ.

წინა ორ ტურში 16 გოლის გამტანი ჰოლანდია რომ ფავორიტი იყო, ისედაც ცხადი იყო. თამაშიც ისე წარიმართა, სტუმრებმა ფავორიტის სტატუსი დამაჯერებელი, ბევრად უფრო გააზრებული თამაშით დაამტკიცეს.

ჰოლანდიასთან გამოჩნდა, რომ ფარერებსა და სან მარინოსთან მატჩებში ჩვენს 17-წლამდელებზე შექმნილი შთაბეჭდილება მცდარი არ ყოფილა - საქართველოს ნაკრებმა ამჯერადაც ვერ მოგვხიბლა.

ისიც სათქმელია, რომ წინა თაობები - ვასილ მაისურაძისა და გიორგი დევდარიანის 17-წლამდელები, ბევრად სოლიდურად გამოიყურებოდნენ...

ჰოლანდია მშვიდად და აუღელვებლად
მიიწევდა მიზნისკენ, რაშიც მე-4 წუთზე ხელი შეუწყო ჩვენი შემტევის, ნიკა ლაშხიას ტრავმამაც. მას მხარი ამოუვარდა და ნოდარ აკობია იძულებული გახდა, გიორგი ბერიძით შეეცვალა.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ვერ ახერხებდა არათუ სწრაფ თამაშს, არამედ მეტოქის აღელვებასაც კი. თითქოს, სტუმრებმა წინასწარ იცოდნენ ჩვენების თითოეული მოძრაობა და შეტევებს უპრობლემოდ იგერიებდნენ.

ჩვენთან შედარებით, ჰოლანდია რომ სხვა პლანეტაა და ყველა ლოგიკით ასეთი შედეგიც უნდა ყოფილიყო, სადავო არ არის, მაგრამ დიდი ხანია, ეს ნაკრები ჩამოყალიბდა, ბირთვიც გამოკვეთილი იყო და გულშემატკივარი მისგან ბევრად უკეთეს ფეხბურთს ელოდა...

მე-10 წუთზე მეკარე ოთარ გოშაძემ გადაგვარჩინა - მარლონ სლაბეკორნის გადაცემით, მასთან პირისპირ ეზრა ვალიანი გავიდა, მაგრამ გოშაძემ დაადასტურა, რომ ნიჭიერი მეკარეა და კარი ღირსეულად დაიცვა.

ჩვენები კვლავ აგრძელებდნენ დაულაგებელ თამაშს. მეტისმეტი და გაუმართლებელი ინდივიდუალიზმი გუნდურ ჩარჩოში არ ჯდებოდა. ამას ემატებოდა ძალიან ცოტა მოძრაობა. ჰოლანდიელები კი სწორედ გაუთავებელი მოძრაობით, თითქოს პრიმიტიულად, სინამდვილეში კი გენიალური სიმარტივით თამაშობდნენ და შედეგსაც მიაღწიეს: 26-ე წუთზე სლაბეკორნი საჯარიმოში იოლად გასცდა მცველებს და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 0:1.

ჰოლანდიელებს კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა. ბოლო წუთზე კარის წინ მარტო დარჩენილ დანი ვან დერ მუტს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბურთი ტრიბუნებზე გაუშვა.

თუმცა ჩვენებმა ესეც ვერ მოახერხეს და ელიტრაუნდში გასვლის მიუხედავად, ბევრი საფიქრალი დაგვიტოვეს.

მატჩის შემდეგ:
მაარტენ სტეკელენბურგი (ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი):
"უპირველესად, ტურნირის ჩინებულ ორგანიზაციას აღვნიშნავ. ჩვენთვის ყველაფერი კარგად აეწყო. ფეხბურთელების მოქმედებით კმაყოფილი ვარ, მათ შორის - დღევანდელ შეხვედრაშიც.

ქართველებს ძლიერი დაცვა ჰყავდათ და სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს".


ნოდარ აკობია (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):
"ჰოლანდია ძლიერი მეტოქეა, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტიც კი იყოს. ჩვენთვის კი ეს ტურნირი კარგი პრაქტიკა გამოდგა.

მომავალში ხარვეზების აღმოფხვრაზე უნდა ვიმუშაოთ. თუმცა ბევრ ისეთ პრობლემას ვაწყდებით, რასაც ფეხბურთელებს 7 წლიდან უნდა ასწავლიდნენ - ბურთის მიღებას, ართმევას, საბაზისო ტექნიკას, პასს... ჩვენ ყველა გადაცემისას ვწვალობთ, ვკარგავთ დროს და სივრცეს, ბურთის კართან მიტანა გვიჭირს...

ასე შორს ვერ წავალთ. ზღაპარია იმაზე ლაპარაკი, რომ ელიტრაუნდამდე ამ ყველაფერს გამოვასწორებთ. ამაზე ფეხბურთელებმა თავადაც უნდა იმუშაონ. ჰოლანდიელები კი ძალიან სწორად თამაშობდნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს".

U17. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. XI ჯგუფი. ბოლო ტური
22.10. თბილისი. "მიხეილ მესხი". 1 500 მაყურებელი
საქართველო-ჰოლანდია 0:1
0:1 სლაბეკორნი (26)
საქართველო (4-2-3-1): გოშაძე, ქობულაძე, კევლიშვილი, კაკიაშვილი, ნადარაია, მიქელთაძე (60. კიკნაძე), მამუჩიშვილი, ლაშხია (4. ბერიძე), ბიძინაშვილი (41. ქორიძე), კომახიძე, ჯობავა.
ჰოლანდია (4-1-4-1): ბლადერენი, ავესტი, ვეენდორპი, ვერდონკი, ვერლოო, ნური, ბერენსტეინი (60. ოვობოვალე), ვან დე ბეკი, შურმანი (54. ვან დერ მუტი), სლაბეკორნი, ვალიანი (54. ვან ჰაარენი).
გაფრთხილება: ჯობავა (44), ქორიძე (55), ვერდონკი (74)
არბიტრი: ა. ჰარკამი (ავსტრია)

ფარერები-სან მარინო 1:0

საბოლოო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 3 3 0 0 17-0 9
2. საქართველო 3 2 0 1 5-2 6
3. ფარერები 3 1 0 2 1-6 3
4. სან მარინო 3 0 0 3 1-16 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ფარერები დაამარცხა [VIDEO]

U17. საქართველო-სან მარინო 3:1 - როცა მოგების შემდეგ უკმაყოფილო ხარ... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით ბატონო ნოდარ,ბავშვებისთვის რომ გახსნილი თამაშის უფლება მიგეცათ ბევრად უკეთეს თამაშს აჩვენებდნენ.
inga
00:40 24-10-2013
0
ბ-ნო ნოდარ! გეთანხმებით, რომ ფეხბურთელებს 7 წლიდან უნდა ასწავლიდნენ - ბურთის მიღებას, ართმევას, საბაზისო ტექნიკას, პასს... ჩვენ ყველა გადაცემისას ვწვალობთ, ვკარგავთ დროს და სივრცეს, ბურთის კართან მიტანა გვიჭირს...

იქნებ დაგესახელებინათ ეს ყველაფერი ვის უნდა ესწავლებინა?
guja_kakhadze
13:36 23-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული