ახალგაზრდული: ილურიძე და ძალამიძე - მხოლოდ სლოვაკეთთან, ანანიძე სათუოა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროშესარჩევში მომდევნო მატჩები 14 და 18 ნოემბერს აქვს - ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი ჯერ შოტლანდიას ესტუმრება სენტ მირენში, მერე კი სლოვაკეთს გორში დაუხვდება. შოტლანდიური მატჩი ჩვენი დროით 23:30 საათზე დაიწყება, გორში კი - 14 საათზე.

ჩივაძეს ამ მატჩებისთვის სპლიტის "ჰაიდუკის" შემტევის, გიორგი ილურიძისა და პოლონური "იაგელონიას" წინახაზელ ნიკა ძალამიძის გამოძახებაც უნდოდა, თუმცა შოტლანდიაში ისინი გუნდს ვერ დაეხმარებიან და მხოლოდ სლოვაკეთთან მატჩისთვის იქნებიან ჩივაძის განკარგულებაში.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს წინა ორი შეხვედრა შინ ჰქონდა - ჯერ ჰოლანდიასთან, მერე -
შოტლანდიასთან. ილურიძე და ძალამიძე მაშინ ვერ ჩამოვიდნენ ნაკრებში. ძალამიძეს ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და "იაგელონიამ" თხოვნით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სანაკრებო მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით; ილურიძის მიზეზი კი ბუნდოვანი დარჩა.

5 ნოემბერს 21-წლამდელთა ნაკრების მენეჯერ ლევან რამიშვილს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ ილურიძე და ძალამიძე სავიზო პრობლემების გამო ვერ ჩავლენ შოტლანდიაში. ისინი პირადად უნდა გამოცხადებულიყვნენ ბრიტანეთის საელჩოში, თითის ანაბეჭდები დაეტოვებინათ და მხოლოდ ამის მერე მოხერხდებოდა მათზე ვიზის გაცემა. რადგან ილურიძე და ძალამიძე ახალგაზრდულის წინა შეკრებაზე ვერ ჩამოვიდნენ თბილისში, ამ პროცედურის გავლა ვერ მოხერხდაო.

ილურიძისა და ძალამიძის გარდა, ჩივაძემ 14 და 18 ნოემბრის მატჩებისთვის ეს ფეხბურთელები შეიგულა:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), კახა მეშველიანი ("ზესტაფონი"), გაბრიელ თებიძე ("ლოკომოტივი", თბილისი);
მცველები: არჩილ ტვილდიანი ("სიონი", ბოლნისი), თედორე გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), მამუკა კობახიძე ("დილა"), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), დავით უბილავა ("ტორპედო", ქუთაისი);
ნახევარმცველები: ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ლაშა ჩაფიძე, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - "სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი პაპავა ("დინამო", თბილისი), ლაშა პარუნაშვილი ("სიონი", ბოლნისი), ჯაბა ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (ორივე - "ჩიხურა"), დავით კირკიტაძე ("მეტალურგი", რუსთავი), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი), მერაბ გიგაური ("ტორპედო", ქუთაისი);
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ქვილითაია ("დილა"), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია).

ტრავმის გამო სიაში არ არის უკრაინული "ილიჩევეცის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო, რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, მისი ნაკრებში ჩამოსვლა სათუოა - მასაც ტრავმა აწუხებს და თუ 8 ნოემბერს, "ურალთან" რუსეთის პრემიერლიგის მატჩისთვის მწყობრში იქნება, ნაკრებშიც ჩამოვა.

ამ 22-კაციანი, გაფართოებული სიიდან ჩივაძე შოტლანდიაში 20 ფეხბურთელს წაიყვანს. ახალგაზრდულის თავკაცი საბოლოო გადაწყვეტილებას დამდეგ უქმეებზე გასამართი ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის შემდეგ მიიღებს.

ნაკრები შოტლანდიაში 11 ნოემბერს გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავარი ვარსკვლავები კი არ არის მთავარი გუნდია. ამ ბოლო დროს კვეკვე არ მინახია, კიდე ღიპი აქვს? ასეთი ფეხბურთელები მარტო ამის გამო არ უნდა ათამაშო.
ramo
06 ნოემბერი 2013 18:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული