საკლუბო ფეხბურთის კვალად, სანაკრებოც დაგვიბრუნდა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება, "მიხეილ მესხის" სათადარიგო მინდორზე სლოვაკი თანატოლები მიიღო და ევროპულად განსწავლულ, აწყობილ მეტოქეს მინიმალური ანგარიშით აჯობა.
მზიანი დარი იდგა. თამაშს დამფასებელი არ აკლდა. ვეტერან ქართველ ფეხბურთელთა მთელ კოჰორტასთან ერთად შეხვედრას უცქერდნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე, მისი ასისტენტი ოთარ გაბელია და თურქული "ქასიმფაშას" თავკაცი შოთა არველაძე, ვინც საქართველოს ერთი დღით ეწვია...
ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის
ეს, ალბათ, არც მწვრთნელის ბრალია და არც ფეხბურთელების - საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრები ისეა დამოკიდებული გიორგი არაბიძეზე, როგორც ძუძუთა ბავშვი დედაზე. ამ შეხვედრაშიც გამორჩეული იყო გიორგი - გოლი ხომ გაიტანა და რამდენჯერმე ჩვეულად დააწიოკა სლოვაკები...
თამაში საქართველოს ნაკრების მიერ მეტოქის კართან შექმნილი საგოლე მომენტით დაიწყო. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ყველას დაასწრო ვატო არველაძემ და მძლავრადაც დაარტყა, თუმცა სლოვაკებს მშველელად ხარიხა მოევლინათ.
ეს იყო და, არაბიძემ გამოიდო თავი. საქართველოს ნაკრების ლიდერმა, შეტევის მარჯვენა ფრთაზე რომ გახლდათ გამწესებული, ორი ჩინებული პასი უბოძა პარტნიორებს, ამათ კი გადამწყვეტ სიტუაციაში სიზუსტე დააკლდათ.
პირველი ტაიმი ისე მიილია, რომ სახიფათო მომენტი არც ერთ კართან აღარ შექმნილა. ის კი არა, მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში სლოვაკები ჩვენს კარს საერთოდ არ დამუქრებიან. ქართველები ბურთს უფრო ხშირად კი ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის კარგად ორგანიზებულ დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ.
გაცილებით უკეთესი სანახავი გამოდგა მატჩის მეორე ტაიმი. ორივე გუნდმა მეტი ყურადღება დაუთმო შეტევას და ამან გაამართლა კიდეც. რაც მთავარია, მანამდე უკან "ჩამჯდარი" სლოვაკებიც გაიხსნენ.
50-ე წუთზე არაბიძე ორ მეტოქეს გასცდა და ბენიამინ შარაზის კარის მიმართულებით ძლიერად დაარტყა - ბურთი სლოვაკთა კარს მცირე მანძილით ასცდა. ამ ეპიზოდის შემდეგ კი ანგარიშიც გაიხსნა.
ქართველთა გოლის შემოქმედად ორივე გუნდის შემადგენლობაში აშკარად საუკეთესო - არაბიძე მოგვევლინა. მან ფლანგზე მიიღო ბურთი და ეშმაკური დარტყმით გაგზავნა მეტოქის კარისკენ. ეს იყო ნახევრად დატყმა და ნახევრად ჩაწოდება. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ გიორგის ბურთი ფეხზე აეჭრა, მაგრამ ასე არ ყოფილა. ამ სიტყვების ავტორი ეპიზოდთან ახლოს გახლდათ და შეუძლია, ამტკიცოს - არაბიძემ ყველაფერი შეგნებულად გააკეთა.
ცნობილია, რომ ასეთ ბურთებზე თამაში მეკარეებს არ უყვართ. შარაზი დაიბნა, დაიბნენ მცველებიც და ბურთი სლოვაკთა კარში აღმოჩნდა. მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა სლოვაკეთის ნაკრები.
62-ე წუთზე სტუმრებმა გოლის გატანის შესანიშნავი შანსი მიიღეს. ტუპტამ ყურშავიშვილის შეცდომით ისარგებლა და ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა საბოლოო დარტყმას სიზუსტე დააკლო.
სამ წუთში სლოვაკთა სამარქაფო ფორვარდი - დუბეცი, პრაქტიკულად, პირისპირ შეეყარა ქართველთა მეკარე ლევან ისიანს, თუმცა გიორგი ბერძენაძემ იმარჯვა და ჩვენს კარს საფრთხე აარიდა. იმავე ბერძენაძემ მერე იასურეკიც ალაგმა.
სლოვაკებმა საენდშპილო შტურმი ეგრეც ვერ მოგვიწყვეს. საქართველომ დამსახურებულად მოიგო და 26 თებერვალს, იქვე, კიდევ ერთხელ გაეჯიბრება სლოვაკებს.
სამი მარტიდან კი ტყებუჩავას ნაკრები გერმანიაში გააგრძელებს მზადებას ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
24.02. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 500 მაყურებელი
U17. საქართველო-სლოვაკეთი 1:0
გოლი: 1:0 არაბიძე (56)
საქართველო (4-3-3): ისიანი - ბერძენაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (44. ბულუხაძე), კობოური - ყურაშვილი, არველაძე (74. არდაზიშვილი), კუხიანიძე (63. სამურკასოვი) - არაბიძე, გვასალია (58. მუზაშვილი), კოხრეიძე (57. ბუღრიძე).
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ჭურაძე
მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა
სლოვაკეთი (4-5-1): შარაზი - შულეკი, შტრაბა, შიმკო, იასურეკი - ტესლარი (46. ვარგა), დანჩაკი (57. პასტორეკი), ჰერცი, კოლეზარი (72. სუსოლიკი), ლავკო (57. კელე) - ტუპტა (63. დუბეცი).
სათადარიგოები: ვავრუსი, ჰალოში
მწვრთნელი: ლადისლავ ჰუდეცი
გაფრთხილება: იასურეკი (6), გვასალია (45)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი (საქართველო)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"