U19. უკრაინა-საქართველო 0:0 - უკრაინამ ვერაფერი დაგვაკლო [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები კიევშია და ელიტრაუნდამდე სამზადისს აგრძელებს. პატარა "ჯვაროსნებმა" უკრაინელ თანატოლებთან დაგეგმილი ორი საკონტროლო შეხვედრიდან პირველი 28 აპრილს გამართეს.

აღსანიშნავია, რომ ოლექსანდრ გოლოვკოს გუნდის ბირთვს იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალისტის, დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელები შეადგენენ: იგორ კირიუხანცევი, ნიკოლაი მატვიენკო, დენის არენდარუკი, ალექსანდრე ზუბკოვი, ანდრეი კოვალენკო, ვიქტორ ბორიაჩუკი და ქართველი ბექა ვაჩიბერაძე. წინასწარ ვიტყვით, რომ ვაჩიბერაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

ტრავმებისა და კლუბებში მნიშვნელოვანი შეხვედრების გამო გუნდს ვერ ეხმარებოდნენ ძირითადი ბირთვის ფეხბურთელები: გიორგი თევზაძე, ილია კერძევაძე, რომან ჭანტურია,
ოთარ კიტეიშვილი, გიორგი კილასონია
და ლუკა ზარანდია.

უკრაინული მედიის ცნობით, მასპინძლები პირველივე წუთებიდან შეეცადნენ ბურთის გაკონტროლებას, სივრცეების ათვისებასა და ჩვენების აქტიური პრესინგით შევიწროებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მეტიც, დევდარიანის გაწვრთნილებმა მეტოქის თამაშს ალღო სწრაფად აუღეს და უკვე მე-9 წუთზე პირველი სახიფათო მომენტი შექმნეს. გიორგი ბერიძემ უძლიერესი დარტყმით სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ მასპინძელთა მეკარე ოლეგ მოზილმა ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გავიდა რამდენიმე წუთი და მათე კვირკვიამ უკრაინელთა დაცვას მორიგი შეცდომა დააშვებინა: ქართველმა ფლანგის შემტევმა საჯარიმოში მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და კარისკენ გაისროლა, მაგრამ მიზანს ააცილა.

უკრაინელები თავად წერენ, რომ მასპინძლები შეტევების ორიგინალობით ვერ გამოირჩეოდნენ და ანგარიშის გახსნას, ძირითადად, ფლანგიდან საჯარიმოში თავდამსხმელზე ბურთის ჩაკიდებით ცდილობდნენ. ქართველ მცველებს ამათი მოგერიება არ გასჭირვებიათ, პირველ ტაიმში ერთი შეცდომა არ დაუშვიათ და უკრაინელებს ერთი საგოლე მომენტიც არ შეაქმნევინეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მეორე ტაიმში მეტოქეთა მწვრთნელებმა შეცვლები განახორციელეს. თამაში უფრო სანახაობრივი გახდა და მომენტებიც ხშირად იქმნებოდა: 54-ე წუთზე ისევ ბერიძემ შეუტია, მაგრამ ახლო კიპერი კუთხეში ჩაუწვა და თავისიანები კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

უკრაინელებმა მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს ჩვენი მეკარის, ოთარ გოშაძის შეწუხება: კომბინაცია დონეცკელებმა გაითამაშეს. მარცხენა ფლანგიდან ვაჩიბერაძის გადაცემის შემდეგ ბურთი კარისკენ ზუბკოვმა გააგზავნა, თუმცა მიზანს მცირედით ააცილა.

გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და მეტოქეებმა მომენტები ისევ გაცვალეს: ჩვენებიდან კვლავ ბერიძემ იაქტიურა, რომელმაც საჯარიმო ჩინებულად შეასრულა, მაგრამ მოზილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და გუნდი კიდევ ერთხელ იხსნა.

ზუბკოვი დასარტყმელ პოზიციაზე მეორედაც გავიდა და სიზუსტემ ამჯერადაც დააღალატა. იგივე დაემართა ვაჩიბერაძეს, რომელსაც 64-ე წუთზე მასპინძელთაგან ყველაზე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა - ამჯერად, ზუბკოვმა ასისტენტობა გაუწია, მაგრამ ჩვენების კარის ბადის შერხევა ბექამაც ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომდევნო მატჩი ხუთშაბათს, 30 აპრილს გაიმართება.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
U19. უკრაინა-საქართველო 0:0
საქართველო: გოშაძე - ჩაბრაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, მალანია - მოხევიშვილი (83. მამუჩაშვილი), ხარაიშვილი - შულაია, ბერიძე, კვირკვია (63. ჭკუასელი) - გოშთელიანი (75. გოგუაძე).
გაფრთხილება: ვაჩიბერაძე (58), მატვიენკო (70), შულაია (80).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული