შეკრებაზე იყო ყველა ფეხბურთელი, გარდა 4 მოთამაშისა, რაზეც შემდეგ მოგახსენებთ. წესით, არ უნდა ყოფილიყო გიორგი თევზაძეც, მაგრამ გუშინ მან 19-წლამდელებში ივარჯიშა. სამწუხაროდ, დაშავდა აკაკი შულაია და მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მარტვილის "მერანის" შემტევი სიფრთხილის გამო გაიყვანეს, თორემ საშიში არაფერია.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ელიტრაუნდისთვის სამზადისზე ეს გვითხრა:
- ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჯერჯერობით ჩვენთან ერთად არ ვარჯიშობენ ჭანტურია და თასის ფინალში გასული გუნდების წევრები, აგრეთვე, "ზესტაფონის" თავდამსხმელი
"ემპოლი"ჭანტურიას მხოლოდ 26 მაისს გამოუშვებს, ერთი დღის შემდეგ კი ნაკრებს საქართველოს თასის ფინალში გასული გუნდების ფეხბურთელებიც შემოუერთდებიან: "დინამოდან" კიტეიშვილი, ხოლო "სამტრედიიდან" - კერძევაძე. ისინი, ფაქტობრივად, ჩვენთან მხოლოდ ერთი დღე ივარჯიშებენ და ბუნებრივია, ეს ესპანეთთან მოსაგებად არასაკმარისი დროა, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას ვეცდებით.
- რთულ ჯგუფში მოხვდით და, ცხადია, ევროპის ჩემპიონატზე უეჭველ გასვლას ვერავინ მოგთხოვთ. თავად წარმატებად რა შედეგს ჩათვლით?
- პირველ ორ ტურში 4 ქულა თუ დავაგროვეთ, ეს კარგი შედეგი იქნება, მაგრამ ესპანეთი და პორტუგალია ისეთი ძლიერი ნაკრებებია, მათთან მოგებას ვერავინ დაგეგმავს. ეს გუნდები ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე ყოველთვის ფავორიტებად ითვლებიან და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, მათთან პაექრობებში სასურველ შედეგებს რომ მივაღწიოთ.
ფაქტობრივად, ეს მინი-ტურნირი ფინალური ეტაპია და გამოჩნდება, რეალურად რა ძალის გუნდი გვყავს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ არის ბევრი არგუმენტი, რის გამოც ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ.
- საჩვენო არგუმენტად რას დაასახელებთ?
- იმას, რომ თამაშები თბილისში იმართება და ჩვენ უფრო გვინდა მოგება, ვიდრე დამშვიდებულ და აწყობილ ევროპელებს. საჩვენოდ ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"