ვასილ მაისურაძე: ამ წაგებამ ჩვენი ნაკლიც გამოაჩინა და პლუსიც

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება პოლონეთთან ორი ტესტ-მატჩით დაიწყო.

პირველი თამაში 14 ივნისს გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. მაისურაძის თქმით, მარცხის ერთ-ერთი მიზეზი რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნაც იყო:

"წაგების მიუხედავად, ეს იყო სასარგებლო თამაში, რადგან ჩვენი ნაკლიც გამოჩნდა და პლუსიც. დღეს დაშვებულ შეცდომებს კი სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებთ.

წაგების ერთ-ერთი მიზეზი რამდენიმე მოთამაშის არყოფნაც არის: სამ ფეხბურთელს სიცხე ჰქონდა და ვერ დაგვეხმარა. მაგალითად, ნადარაია, რომელიც დაცვის ცენტრალური ფიგურაა. სიცხიანი იყო და მეორე ტაიმში ამიტომ შევცვალეთ ალთუნაშვილი,
ხოლო შეკრებამდე ამავე მიზეზით ლოჩოშვილი გამოგვაკლდა".

19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ გუნდი თამაშს გააუმჯობესებს:

"წინ მეორე სპარინგია და შესაძლებელია, ხარვეზები გამოვასწოროთ და შეცდომები აღარ გავიმეოროთ. დარწმუნებულიც ვარ, რომ მომავალში უკეთ ვითამაშებთ. ამის კონტურებიც გამოიკვეთა.

მაგალითად, იმან დამაიმედა, რომ ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და რეალური საგოლე მომენტები შევქმენით. ხომ ნახეთ, ბერიძე ორჯერ მეკარესთან პირისპირ გავიდა...

სამწუხაროდ, შანსები ვერ გამოვიყენეთ. რას ვიზამთ, ასეც ხდება. მთავარია, ეს ხარვეზები ოფიციალურ შეხვედრებამდე გამოვასწოროთ".

მეორე ამხანაგური მატჩი პოლონეთთან დღეს, 16 ივნისს, კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს 5-2 მოვუგეთ.რატომ არ წერთ? პოლონეთს გადავუარეთ!რომ წაგვეგო მაშინვე ფილოსოფობას დაიწყებდით.
Rezo
01:27 17-06-2015
0

სიახლეები პოპულარული