კობა ჟორჟიკაშვილი - ფეხბურთელებს თავში არაფერი ავარდნიათ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გუშინ ურეკში გაემგზავრა შეკრებაზე. ამგავარად, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი 2 თებერვლამდე, მარტში საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩებისთვის მოემზადება. თუმცა, ჟორჟიკაშვილის აზრით, დალაგებულ ქვეყანაში ნაკრებისთვის მსგავსი საწვრთნელი შეკრებების მოწყობა უადგილო იქნებოდა - თუ რატომ, ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ჯერ ის ვთქვათ, ურეკში მოსამზადებლად კარგი პირობებია?
- რა თქმა უნდა, სხვაგვარად არც წავიდოდით. დავბინავდებით კომფორტულ სასტუმრო "თბილისში", სადაც ფეხბურთელებს არ შეაწუხებენ. მეორეც, საკმაოდ კარგი მოედნებია სასტუმროს სიახლოვეს და იქ ხარისხიანად ვარჯიში შეიძლება. ცხადია, პირობები წინასწარ ვნახეთ და წასვლა
ამიტომაც გადავწყვიტეთ.

- საკონტროლო შეხვედრები თუ დაგეგმეთ?
- პირველი და უმაღლესი ლიგების კლუბებს წინასწარ მოველაპარაკეთ და ოთხი თამაში გვექნება - ოზურგეთის "მერცხალთან", ლანჩხუთის "გურიასთან", ბათუმის "დინამოსთან" და, ალბათ, ფოთის "კოლხეთთან".

- შეკრებაზე ყველა სასურველი ფეხბურთელი მიგყავთ?
- სულ ოცდაოთხნი იქნებიან, მათგან სამი მეკარეა. ეს ბიჭები შეადგენენ ნაკრების ბირთვს და ვინც თავს უკეთ გამოავლენს, ელიტ რაუნდში მას დავეყრდნობით. ახლა მხოლოდ ბაჩანა არაბული და ლუკა ჰუფნაგელი გვაკლიან.

- არაბულის ამბავი ცნობილია, კიევის "დინამო 2"-ში ვარჯიშობს, ჰუფნაგელის მდგომარეობაზე რა იცით?
- ლუკას რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე. თავს კარგად გრძნობს, ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა და მიუნხენის "ბაიერნის" ასაკობრივ გუნდში ჩვეულებრივი დატვირთვით ვარჯიშობს. ორიოდე დღის წინ გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა.

- შეკრებაზე რა მიზანს ისახავთ?
- მზადება ჯერ კიდევ 3 იანვარს დავიწყეთ და ეს ეტაპი ურეკის შეკრების შემდეგ დასრულდება. ახლა ბიჭებს ფიზიკურად ვამზადებთ, საფრანგეთში გასამართი მატჩებისთვის გამძლეობის, სისწრაფის და სხვა კომპონენტებისთვის საფუძველი რომ ჩავყაროთ.

- საერთოდ, მსგავსი სახის შეკრებას ევროპაში აწყობენ?
- ქვეტექსტი მესმის და გეთანხმებით, არ აწყობენ, მაგრამ ბავშვების მოსამზადებლად 6-დან 8 კვირამდეა აუცილებელი. წესით, ისინი კლუბებში უნდა ემზადებოდნენ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართული კლუბების უმეტესობას არ ულხინს და ფეხბურთელების მოსამზადებლად საჭირო პირობები არ გააჩნიათ.

ამიტომაა, ბავშვებს შეკრება რომ მოვუწყვეთ. ამ შეკრებით მარტის თამაშებისთვის უკეთ მოემზადებიან. სხვაგვარად ელიტ რაუნდში ღირსეული გამოსვლა გაგვიჭირდება. აბა, კლუბებს რომ არ უჭირდეთ, ბიჭებს იქიდან არც წამოვიყვანდით, როგორც, მაგალითად, ჰუფნაგელს. რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ ეს ბიჭი "ბაიერნიდან", როდესაც მიუნხენში საუცხოო პირობებში ვარჯიშობს? დალხენილები რომ ვიყოთ, ნაკრები მაქსიმუმ ერთკვირიან შეკრებას გაივლიდა და ტურნირებში ვითამაშებდით.

- ურეკის შემდეგ რა ხნით შეისვენებთ?
- თბილისში 2 თებერვალს დავბრუნდებით და ფეხბურთელები კლუბებს მიაშურებენ, თუმცა მცირე ხნით. დაახლოებით 16 ან 17 თებერვალს თბილისში შევიკრიბებით და მადრიდში გავემგზავრებით, სადაც 21 და 25 თებერვალს ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ.

- ესპანეთი, ჩვენი არ იყოს, ელიტრაუნდის მონაწილეა, მაგრამ მას სპარინგისთვის მოწინააღმდეგის შერჩევა არ გაუჭირდება - თამაშებზე როგორ დაითანხმეთ?
- საჩვენოდ რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ჯერ ის, რაც თქვენ ბრძანეთ, ელიტრაუნდის მონაწილეა და სპარინგი სჭირდება. მეორე ის, რომ სხვადასხვა ჯგუფში მოვხვდით და შეხვედრა პრობლემა არ არის.

მესამე - ჩვენ ძლიერი ჯგუფიდან გავედით და მიიჩნევენ, რომ ძლიერი ნაკრები გვყავს, რომელთან თამაში წაადგებათ. რა თქმა უნდა, პირადმა კონტაქტებმაც გაჭრა. ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელ ხინეს მენელენდესს მეც კარგად ვიცნობ, გაიოზ დარსაძეც და ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლებიც. ის თბილისში "ა" კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზირებისას ლექციების წასაკითხადაც იყო ჩამოსული, უეფას მწვრთნელია, ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს და აფასებს. ხანგრძლივი ლაპარაკი არც დაგვჭირვებია, უმალ დაგვთანხმდა.

- სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს მცირედი წარმატებაც კი თავში უვარდებათ. თქვით, რომ ნაკრები 3 იანვრიდან ემზადება და მსგავსი რამ შესარჩევი ჯგუფის მატჩების შემდეგ თქვენს ხელქვეითებსაც ხომ არ დაემართათ?
- საბედნიეროდ, ასეთი რამ არ შემინიშნავს, რაც ძალიან მახარებს. ცხადია, ამაზეც ვმუშაობდით. მხოლოდ შვედეთთან მოგების საღამოს მივეცით თავს უფლება, გვემხიარულა და წარმატება აღგვენიშნა, მეორე დღიდან კი ახალი ეტაპისთვის მზადება დავიწყეთ და ეს ბიჭებს გარკვევით ვუთხარი, წარსულით ცხოვრება არავის წაადგა და ჩვენც არას გვარგებს-მეთქი. მიხარია, რომ ბიჭებს ეს ისედაც კარგად ესმით.

პირიქით, ახლა უფრო უნდა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, რადგან საფრანგეთში მეტი სელექციონერი დაგვაკვირდება და წინსვლის პერსპექტივა ექნებათ.

- საერთოდ, თაობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- ჩვეულებრივი ქართული თაობაა, არც ცუდი და არც გადასარევი. მართალია, ჩვენ გიორგი ჭანტურიას დარი ფეხბურთელი არ გვყავს, მაგრამ ბევრი ბიჭია, შრომით დიდ ფეხბურთს რომ ითამაშებს. მაგალითად, ბაჩო არაბული და კიდევ არაერთი სხვაც. მთავარია, ბიჭები სწორად განვითარდნენ და მეტის და მეტის მიღწევა დაისახონ მიზნად.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული