ვასილ მაისურაძის გაწვრთნილები საკმაოდ სოლიდურ ჯგუფში მოხვდნენ: ჩვენი მეტოქეები ავსტრია, ალბანეთი და უელსი არიან. ამ მინი-ტურნირის მატჩები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ და სათადარიგო მოედნებზე გაიმართება. პირველ ტურში საქართველოს უელსი დაუპირისპირდება...
19-წლამდელთა მთავარ მწვრთნელ ვასილ მაისურაძეს "ლელო" მოსამზადებელ ეტაპზე, გუნდის შემადგენლობასა და სხვა სიახლეებზე ელაპარაკა...
- შესარჩევი ეტაპი კარს მოგვადგა, პირველი მატჩი 12 ნოემბერს უელსთან გაიმართება და
- შეკრებას 8 ნოემბერზე ადრე ვერ დავიწყებთ, რადგან 7-ში ჩემპიონატის ტურია და იმავე დღეს გაიმართება დუბლშემადგენლობათა მატჩები. ასე რომ, ფეხბურთელებს მხოლოდ მეორე დღეს თუ გამოვიძახებთ. იმ დღესაც აღდგენები დასჭირდებათ და რა გამოდის? - სრულფასოვანი ვარჯიშისთვის სამი დღეღა გვრჩება.
- გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე 6 საკონტროლო მატჩი გამართა. ბუნებრივია, ამ ფორმაციის 19-წლამდელთა პლუს-მინუსებზე სრულ წარმოდგენას შეიქმნიდით...
- საკონტროლო მატჩები კი გავმართეთ, მაგრამ ბოლოს ლატვიასთან ძირითადი შემადგენლობის ბირთვი სრულად მაინც ვერ შევკრიბე, რადგან გიორგი არაბიძე და გიორგი ბერიძე გვაკლდნენ. ისინი კი ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალას წარმოადგენენ. რომ არ დავმალო, საკონტროლო მატჩებით დიდად კმაყოფილი არ ვარ, რადგან პრობლემური პოზიციები გამოიკვეთა. ამას გარდა, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს. ამის მიუხედავად, შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის იმედი მაქვს.
- სასურველი მოთამაშეები უკვე შეარჩიეთ?
- 20 მოთამაშე გამოვიძახე, მათგან 2 - მეკარეა. საბოლოო შემადგენლობას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ. ერთიცაა - 7 ნოემბრის თამაშებს ველოდებით, როცა "ლოკომოტივი" "ზუგდიდს" შეხვდება, "საბურთალო" - "მერანს", პლუს, თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის თამაშია და რამდენიმე მოთამაშის საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება. სულ კი 2 მეკარე და 16 ფეხბურთელი უნდა გვყავდეს.
- ბოლო პერიოდში ფიზიკური მომზადების პრობლემა სულ უფრო ხშირად გვახსენებს თავს. თქვენი გუნდის მოთამაშეები ამ მხრივ როგორ მდგომარეობაში არიან?
- ეს ახალი პრობლემა არ არის. ამას ემატება ჩემპიონატის არც ისე მაღალი დონე და თამაშებში დაბალი ინტენსივობა - უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ჩემპიონატში ნაკლებია მოძრაობა, დატვირთვა, სისწრაფეები, გამძლეობა და ასე შემდეგ. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ მხოლოდ ფიზმომზადების პრობლემა არ გვაქვს. ბევრს ნიშნავს, რამდენად სწორი რეჟიმით ცხოვრობენ ბიჭები, როგორ იკვებებიან, რა დროს უთმობენ დასვენებას და რამდენად არიან კომპიუტერზე დამოკიდებულები - მესმის, 21-ე საუკუნეა და კომპიუტერთან ჯდომას ვის აუკრძალავ, მაგრამ ამით ზედმეტად გართობა არავის არგებს.
ეს კომპონენტები რომ იკრიბება, ჯამში ვიღებთ ფეხბურთელთა მდგომარეობას. 19-წლამდელთა ნაკრებში კი უკვე ისეთი ასაკის მოთამაშეები ხვდებიან, რომლებიც უკვე საკუთარი ქვეყნების დიდების გუნდებში იმკვიდრებენ ადგილს, ბევრი კი მაღალი დონის კლუბშიც თამაშობს. ამიტომ მეტი და უკეთესი ფიზიკური მომზადება გვჭირდება.
თუმცა, არ დავმალავ, საჩვენოდ ის ფაქტი მოქმედებს, რომ ჩვენთვის საინტერესო 6 ფეხბურთელი "საბურთალოში" და რამდენიმეც "ლოკომოტივის" შემადგენლობაში, უმაღლეს ლიგაში თამაშობს. რომ არა ეს, უარესი სურათი გვექნებოდა.
- მეტოქეებზე ინფორმაციების მოპოვება არ უნდა გაგჭირვებოდათ...
- ასეც არაა საქმე. სამწუხაროდ, ალბანეთზე ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ პირველ ტურში დავაკვირდებით და შევისწავლით. უელსსა და ავსტრიაზე კი მეტი ინფორმაცია გვაქვს.
ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. მატჩების განრიგი
12 ნოემბერი
"მიხეილ მესხი" (სათ). 13:00
ავსტრია-ალბანეთი
"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-უელსი
14 ნოემბერი
"მიხეილ მესხი" (სათ). 13:00
ავსტრია-უელსი
"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-ალბანეთი
17 ნოემბერი
"მიხეილ მესხი". 14:00
უელსი-ალბანეთი
"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-ავსტრია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"