17-წლამდელებს თემურ ქეცბაიაც ეხმარება

AutoSharing Option
ახლოვდება ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდი და საქართველოს ნაკრებიც სულ უფრო ინტენსიურად ემზადება.

კობა ჟორჟიკაშვილმა გუნდი წლის დასაწყისშივე, 3 იანვარს შეკრიბა და ჯერ თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ავარჯიშა. ვარჯიშები თავიდან ერთჯერადი იყო და აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდებოდა, მერე კი დატვირთვებიც გაიზარდა და წვრთნა უფრო მრავალფეროვანი გახდა.

თავდაპირველად ჟორჟიკაშვილისა და მისი ასისტენტების განკარგულებაში 30 ფეხბურთელი იყო, 20 იანვარს კი 17-წლამდელები ურეკულ შეკრებაზე 24-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრნენ. საბედნიეროდ, გუნდს ტრავმის გამო არავინ გამოჰკლებია, ეს შეკრება მხოლოდ ნაკრების ლიდერს, კიევის ”დინამოში" სინჯებზე მყოფ ბაჩანა
არაბულსა და მიუნხენის ”ბაიერნის" წევრ ლუკას ჰუფნაგელს უცდებათ. ცალკე თემაა ”მიუნხენ 1860"-ის წევრი ლუკა ჩხაიძე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაშის იმედი არ დაუკარგავს, მაგრამ ჯერჯერობით მისთვის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭება ვერ ხერხდება.

ურეკში გუნდი კარგ პირობებშია. საბედნიეროდ, ბიჭებს ამინდმაც ხელი შეუწყო და ვარჯიშებსა და სპარინგმატჩებს შეუფერხებლად ატარებენ. ჟორჟიკაშვილი გუნდის მომზადების დონით კმაყოფილია. ფეხბურთელები ორჯერად ვარჯიშებს თავისუფლად უძლებენ და ოპტიმალურ ფორმას ნელ-ნელა უახლოვდებიან. მწვრთნელების აზრით, გუნდი საჭირო კონდიციებში სასურველი ტემპით შედის და მარტში გასამართი ელიტრაუნდისთვის ნაკრებს ყველაფერი რიგზე ექნება.

რაც შეეხება ამხანაგურ შეხვედრებს, ურეკში 17-წლამდელებმა უკვე ორჯერ ითამაშეს - ჯერ ოზურგეთის ”მერცხალს" 2:1 სძლიეს გოგიჩაიშვილისა და ფანცულაიას გოლებით, შემდეგ კი სამუშიას მიერ გატანილი ბურთით ლანჩხუთის ”გურია" 1:0 დაამარცხეს.

ურეკიდან თბილისში გუნდი 2 თებერვალს დაბრუნდება, მანამდე კი კიდევ ორ ან სამ ტესტმატჩს გამართავს. ხვალ 17-წლამდელთა ნაკრები ფოთის ”კოლხეთს" შეხვდება, 1 თებერვალს კი ხარაგაულის ”ჩხერიმელას" გაეჯიბრება. სამწვრთნელო შტაბი 30 ან 31 იანვარს კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარებას გეგმავს, ნაკრების მეტოქე ჯერ არ გარკვეულა.

თებერვლის ბოლოს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ესპანეთს ეწვევა და ამ ქვეყნის ძლიერ ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ესპანეთში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე გუნდი თბილისში შეიკრიბება და დედაქალაქშივე ივარჯიშებს, ურეკული შეკრების დასრულების შემდეგ კი ფეხბურთელები საკუთარ კლუბებს დაუბრუნდებიან.

ესპანეთში საქართველოს ნაკრები 18 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება, პირენეელებთან მატჩებისთვის გუნდს არაბული და ჰუფნაგელი აუცილებლად დაემატებიან. იმ 18 მოთამაშისგან შემდგარ საესპანეთო სიაში ელიტრაუნდამდე ცვლილებები სულაც არ არის გამორიცხული, მაგრამ იქ მოხვედრილ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ნაკრებში ადგილს ოფიციალური შეხვედრებისთვისაც შეინარჩუნებს.

ჟორჟიკაშვილი მოხარულია, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა და ძლიერი ფეხბურთელების არჩევანი ყველა რგოლშია. ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის შემდეგ მწვრთნელებმა კიდევ არაერთი ახალწვეული გასინჯეს და მათი მომზადების დონით კმაყოფილნი დარჩნენ. შესაბამისად, ელიტრაუნდისთვის ნაკრებში ახალი სახეების გამოჩენა სავსებით მოსალოდნელია.

დავინტერესდით იმითაც, თუ რა ინფორმაციას ფლობენ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები მომავალ მეტოქეებზე. ინტერნეტში მათ მიერ ჩატარებული ბოლო მატჩების შედეგებს კი წააწყდებით (ამ თემაზე წერილებს ჩვენი გაზეთის უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ), მაგრამ სულ სხვა საქმეა მოწინააღმდეგეთა შეხვედრების ვიდეოჩანაწერის ხილვა.

ბელარუსის 17-წლამდელთა ნაკრებს ჩვენი სამწვრთნელო შტაბი კარგად იცნობს, რადგან ამ გუნდს პალანგის საერთაშორისო ტურნირზე შევხვდით და გავანადგურეთ კიდეც. ჟორჟიკაშვილი ბელარუსთა ბოლოდროინდელი მატჩების ჩანაწერის მოპოვებასაც იმედოვნებს.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის ფავორიტსა და მასპინძელ საფრანგეთს, მისი მატჩების ჩანაწერს ჩვენი 17-წლამდელების მწვრთნელებს თემურ ქეცბაია მიაწვდის. საქმე ისაა, რომ პირველი ეტაპი ფრანგებმა კვიპროსზე ჩაატარეს და ქეცბაიას ვიდეოფირის მოპოვება არ გაუჭირდება; რაც შეეხება მესამე მეტოქეს, ნორვეგიას, მას ელიტრაუნდის ბოლო ტურში ვხვდებით და საქართველოს ნაკრების მწვრთნელები სკანდინავებს საფრანგეთშივე დააკვირდებიან.




.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული