U19. საქართველო-ავსტრია 0:0 - სხივი წყვდიადში

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძემ და მისმა გუნდმა ივარგეს - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდშია. ალბანეთთან მეორე ტურში მოგებულმა მატჩმა იმედები გაგვიღვიძა, მაგრამ ბოლოს ავსტრია გველოდა, რომელმაც წინა ტურებში ისეთი ფეხბურთი აჩვენა, რომლის დაძლევაც ურთულეს ამოცანად ჩანდა...

მაისურაძემ თავისი ძველი შეცდომა გაითვალისწინა. გემახსოვრებათ, შარშან მისი 19-წლამდელები ელიტრაუნდში გავიდნენ და ბოლო ტურში ისრაელთან ფრეც ხელს აძლევდათ, მაგრამ გუნდმა გაუმართლებლად გარისკა, ბოლო წუთზე გაუშვა გოლი და ევროფინალში მოხვედრის მშვენიერი შანსი დაკარგა.

გუშინ, 17 ნოემბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მაქსიმალურად (როგორც შეეძლო) პრაგმატულად ითამაშა და პარალელურად მიმდინარე უელსი-ალბანეთის
შეხვედრის ანგარიშიც გაითვალისწინა. გუნდს გიორგი არაბიძის არყოფნაც დაეტყო, რადგან დონეცკის "შახტარის" შემტევი ნაკრებს მეტ სითამამესა და სიმწვავეს მატებდა, არაფრიდან მომენტს ქმნიდა და ამით ინდივიდუალურ გადაცდომებს ფარავდა.

სამაგიეროდ და საბედნიეროდ, მოედანზე გამოვიდა ალბანელებისგან დაშავებული ლადო მამუჩაშვილი, რომლის თამაშიც ბოლო წამამდე საეჭვო გახლდათ. საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ძალიან დიდ შავ სამუშაოს ასრულებს, რაც ნაკლებად ჩანს. არადა, მამუჩაშვილს გუნდში დიდი როლი აკისრია.

ქართველები თავიდანვე აქტიურობდნენ. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე პაულ გარტლერმა მშვენიერი საჩუქარი გაგვიკეთა, როცა გიორგი კიკნაძეს საჯარიმოსთან ჩააბარა ბურთი, მაგრამ ეს იმდენად მოულოდნელი იყო, ჩვენმა ფორვარდმა ვერც დაარტყა და ვერც იქვე მყოფ ბექა მიქელთაძეს უპასა.

მე-12 წუთზე კი მამუჩაშვილმა საკუთარი საჯარიმოდან მშვენიერი გადაცემით მთელი ავსტრიის დაცვა მოჭრა, დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი შერმადინ ართმელიძე, რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა და კარშიც ვერ დაარტყა.

მერე ჩვენი ფეხბურთის ტრადიციად ქცეულმა სენმა აქაც იჩინა თავი - ბურთის უაზროდ გორება იქ, სადაც ამის არანაირი აუცილებლობა არ არის, "მატაობა" დაცვაში... თან გუნდის ქმედებებს სისწრაფე და მოულოდნელობა აკლდა. ჩვენმა ფეხბურთელებმა სისწრაფესა და ტემპზე ზრუნვა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, როცა მიხვდნენ, რომ ამ იაფფასიან ფანდს ავსტრიის დონის ნაკრები არ წამოეგებოდა.

მანამდე სტუმრები ქართველთა შეტევებს იოლად აჩერებდნენ, თავად კი ორი მწვავე კონტრიერიში განახორციელეს. პირველი - ფაბიან გმაინერის ჯარიმას მოჰყვა, როცა ბურთს ოთარ გოშაძე გადაეღობა. რამდენიმე წუთში ჩვენმა მეკარემ იმავე გმაინერის დარტყმა კიდევ ერთხელ გაანეიტრალა და ამ ეპიზოდშიც გადაგვარჩინა.

გოშაძე საიმედო იყო მაშინაც, როცა ჩვენი დაცვა ჩავარდა და მასთან პირისპირ დარჩა კორნად ლაიმერი - გოშაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ეს მომენტი ავსტრიელთა საჯარიმოში გურამ გოშთელიანის წაქცევას მოჰყვა, რომელზეც შვეიცარიელმა არბიტრმა თვალები დახუჭა. უნდა ითქვას, რომ ის ყველა სადავო ეპიზოდში სტუმრებისკენ იხრებოდა. თუმცა "დამსახურებასაც" ვერ დავუკარგავთ - მეორე ტაიმში, როცა ლაიმერი ჩვენი გუნდის საჯარიმოში წაიქცა, მონდომებული არბიტრი პენალტს დანიშნავდა... ეს ჩვენთვის კატასტროფა იქნებოდა, რადგან პარალელურ მატჩში ალბანეთი პირველი ტაიმის შემდეგ უელსს 3:1 უგებდა. ეს ანგარიში და ჩვენი ფრე ავსტრიასთან მაისურაძის გუნდს აძლევდა ხელს...

ამიტომ მაისურაძემ არა შეტევის ხაზი, არამედ ნახევარდაცვის გაძლიერება სცადა და მოედანზე ორი დასვენებული შუახაზელი გამოიყვანა. საქართველო ფრთხილად თამაშობდა, რომ ნაკლები რისკით გასულიყო ფონს - სასურველი ქულა მოეპოვებინა.

საბოლოოდ, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა - 0:0, უელსი-ალბანეთი კი 2:3 მორჩა და საქართველო ელიტრაუნდში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველომ ჯგუფიდან მხოლოდ 1 გოლით გააღწია.

ვერ ვიტყვით, რომ ბოლო წლებში ნანახ ქართველ 19-წლამდელებში მაისურაძის გუნდი საუკეთესოა, მაგრამ ჩვენს ფეხბურთში ბოლო ორ კვირაში ჩამოწოლილ წყვდიადში გუშინ მცირედმა სხივმა მაინც გამოანათა...

მატჩის შემდეგ
ვასილ მაისურაძე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:
"ტურნირის დაწყებამდე პირველ მატჩებში გამარჯვებები გვსურდა, თუმცა ბოლოს მეორე ადგილზე გასვლაც სათუო გაგვიხდა... სასიხარულოა, რომ ბიჭებმა ბრძოლის უნარი გამოავლინეს.

დღეს ჩვენს ასაკში ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ვეთამაშეთ. კარგია, რომ არ წავაგეთ და პროგრამა-მინიმუმი შევასრულეთ. მოგება რთული იყო და ფრთხილად ვთამაშობდით, რადგან პარალელური შეხვედრის ანგარიში ვიცოდით. მთავარი იყო, არ გაგვეშვა და კარი მშრალად შეგვენახა. ფეხბურთელებმა ეს დავალება შეასრულეს.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ალბანეთი კუდს მოიქნევდა და ჩემი პროგნოზი გამართლდა... საერთოდ, შესარჩევ ციკლში კარგი გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ. ალბანეთმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ არ გაუმართლა. უელსი მობილური და სწრაფი გუნდია, ხოლო ავსტრია, ფიზიკური მომზადების გარდა, კიდევ სხვადასხვა კუთხით გამოირჩევა...

რაც შეეხება რესურსსა და გაძლიერებას, ამ ასაკის ფეხბურთელთა 95 პროცენტი ვნახეთ. ერთი მოთამაშე ტრავმის გამო დაგვაკლდა, ერთიც ფორმაში არ იყო. ელიტრაუნდამდე დიდი დროა და მოდით, მომავალს მაინც იმედის თვალით შევხედოთ".

გურამ გოშთელიანი, ნაკრების კაპიტანი:
"ეს იყო ყველაზე რთული შესარჩევი ეტაპის ჯგუფი, რომელშიც კი ბოლო წლებში ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებს უთამაშიათ.

ძალიან დაძაბული შეხვედრა გვქონდა. აქცენტი შედეგზე გავაკეთეთ, ელიტრაუნდში გასასვლელად ყველაფერი გავაკეთეთ და გვიხარია, დასახულ მიზანს რომ მივაღწიეთ".

U19. საკვალიფიკაციო ეტაპი. VIII ჯგუფი. ბოლო ტური
17.11.15 თბილისი. "მიხეილ მესხი". 2 000 მაყურებელი
საქართველო-ავსტრია 0:0
საქართველო: გოშაძე - ლოჩოშვილი, ნადარაია, კაკიაშვილი - ართმელაძე, ბაშალეიშვილი (66. ალთუნაშვილი), მამუჩაშვილი, კომახიძე - კიკნაძე (80. გვარაძე), გოშთელიანი, მიქელთაძე (66. ბიძინაშვილი).
სათადარიგოები: გუგეშაშვილი, ახალაძე, პაპუაშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
ავსტრია: გარტლერი - ინგოლიჩი, მარანდა, კრანცი, კაუფმანი - პოში, შლაგერი - გმაინერი (84. გრაბოვაცი), ლაიმერი (46. პროკოპი), გაში - პავლოვიჩი (72. იაკუპოვიჩი).
სათადარიგოები: შუტცენაუერი, ილმაზი
მწვრთნელი: მარკო რუპერტი
გაფრთხილებები: კაკიაშვილი (29), გოშთელიანი (38), ლაიმერი (42), შლაგერი (56), ართმელაძე (60), პოში (87)
არბიტრი: ალან ბიერი (შვეიცარია).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 3 2 1 0 4-1 7
2. საქართველო 3 1 1 1 1-3 4
3. ალბანეთი 3 1 0 2 4-5 3
4. უელსი 3 1 0 2 5-5 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ ახალგაზრდებს! ვასილ მაისურაძემ მერამდენედ უნდა გადაარჩინოს ქართული ფეხბურთის პრესტიჟი? ასეთი მწვრთნელებით განებივრებულები არ ვართ. საჭიროა მაისურაძის სათანადოდ დაფასება და მისი მოღვაწეობისთვის ხელის შეწყობა. იმედია სფფ-ს ახალი ხელმძღვანელობა დააფასებს მას და მის მაგალითს ახალი თაობის სხვა მწვრთნელები მიბაძავენ.
დუდუ
14:39 18-11-2015
0
ვასილ მაისურაძე, მერაბ კაციტაძე თემურ ჩარკვიანი და ჯუბა ბურჯანაძე სამწვრთნელო შტაბი რომელიც ყოველთვის წარმატებით გამოირჩევა. წინხვლას გისურვებთ და ჯანმრთელობას!
გიგა
16:25 18-11-2015
0

სიახლეები პოპულარული