ოთარ გაბელია: არ გაგვიმართლა, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ

AutoSharing Option
ახალგაზრდულ ნაკრებთა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის კენჭისყრამ საქართველოს უმძიმესი მეტოქეები არგუნა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა კალათიდან საუკეთესო, ან საუკეთესოობის პრედენდენტი შეგვხვდა.

თავად განსაჯეთ: მეხუთე შესარჩევ ციკლში ოთარ გაბელიას გუნდს მეტოქეეებად ესპანეთი, შვეიცარია, ხორვატია და ესტონეთი ერგო. მესამე კალათიდან ხორვატია რომ გერგება, მეხუთედან კი - ესტონეთი, ბედის საჩუქარს ვერ დაარქმევ - ესპანეთსა და შვეიცარიაზე აღარაფერს ვიტყვით.

იშვიათი შემთხვევაც დაფიქსირდა: წინა ციკლის ჩვენი სამი მეტოქე კვლავ ერთმანეთთან გაარკვევს ურთიერთობას: შვეიცარია და ესტონეთი ჩვენი მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე იყვნენ. ერთი ხანობა ესტონეთი მეორე ადგილზე
იყო. იმ გუნდიდან ბევრი ახალ ციკლშიც ითამაშებს, რადგან უმთავრესად 1990 წელს დაბადებული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

ისედაც ძლიერი ხორვატიის ნაკრების პლუსად მათი ახალი მთავარი მწვრთნელიც ჩაითვლება: 1 თებერვალს გუნდი თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილ დამრიგებელ ივო შუშაკს ჩააბარეს. შუშაკმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ერთადერთი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაა. სხვათა შორის, შუშაკი ხორვატ ახალგაზრდებს 1997-2000 წლებშიც ავარჯიშებდა. 9 თებერვალს ხორვატები სლოვენიის ახალგაზრდულ გუნდს ამხანაგურად შეხვდებიან.

ესპანეთზე ლაპარაკიც ზედმეტია - მსოფლიოს ჩემპიონთა ახალგაზრდული გუნდიც ძლიერია და, ცხადია, მეხუთე შესარჩევი ციკლის ფავორიტია.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2013 წლის ივნისში ისრაელში გაიმართება, 8 გუნდი ითამაშებს: მასპინძელ ისრაელს 7 გუნდი დაემატება. "შესანიშნავი შვიდეული" (სადაც მოხვედრის იმედი კენჭისყრამ ძალიან შეგვიმცირა) ჯგუფების ათი გამარჯვებულისა და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსნის საპლეიოფო მატჩებში გაირკვევა.

1. გერმანია, ბელარუსი, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კვიპროსი, სან-მარინო.
2. შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, სლოვენია, ლიტვა, მალტა.
3. ჩეხეთი, უელსი, სომხეთი, ჩერნოგორია, ანდორა.
4. სერბეთი, დანია, ჩრდილოეთ ირლანდია, მაკედონია, ფარერის კუნძულები.
5. ესპანეთი, შვეიცარია, ხორვატია, საქართველო, ესტონეთი.
6. რუსეთი, პორტუგალია, მოლდოვა, პოლონეთი, ალბანეთი.
7. იტალია, თურქეთი, უნგრეთი, ირლანდია, ლიხტენშტაინი.
8. ინგლისი, ბელგია, ისლანდია, ნორვეგია, აზერბაიჯანი.
9. რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ყაზახეთი.
10. ჰოლანდია, ავსტრია, შოტლანდია, ბულგარეთი, ლუქსემბურგი.

კენჭისყრის შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის მეტოქეებმა კალენდარზე ისაუბრეს, მსჯელობაში ოთარ გაბელიაც მონაწილეობდა. მას გუშინ საღამოს დავუკავშირდით:

- რა კომენტარი გავაკეთო? უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ რა ვქნათ, უნდა ვიბრძოლოთ. სხვათა შორის, მანამდე ივო შუშაკი ვნახე და, ეტყობა, ენამ მიყივლა, ვკითხე, რას იტყვი, ერთმანეთს რომ შევხვდეთ-მეთქი. ხელები გაასავსავა, არ მინდა, ეროვნულები ისედაც ერთმანეთს შეხვდნენ და ჩვენ მაინც ავერიდოთო.

- კალენდარზე თუ შეთანხმდით?
- ძლიერებმა და გავლენიანებმა, ესპანეთმა და შვეიცარიამ თავიანთი პირობები წამოგვიყენეს. იყო "ჭიდაობა", ჩვენი ვარიანტი მათ არ მოეწონათ, ხორვატებთანაც ვერ შევთანხმდით. საბოლოოდ კალენდარი მაინც დადგინდა.

- საკონტროლო მატჩებისთვის მეტოქეები თუ შეიგულეთ?
- დანიას შევუთანხმდით, მაგრამ თარიღი უნდა დავაზუსტოთ. თამაში ბელარუსსა და ყაზახეთსაც სურთ, მარტში კი ავსტრიაში საერთაშორისო ტურნირზე გვიწვევენ.

2011 წელი
3 ივნისი. ხორვატია - საქართველო
1 სექტემბერი. საქართველო - ესპანეთი
5 სექტემბერი. ესპანეთი - საქართველო
7 ოქტომბერი. შვეიცარია - საქართველო
10 ნოემბერი. საქართველო - შვეიცარია

2012 წელი
5 ივნისი. ესტონეთი - საქართველო
15 აგვისტო. საქართველო - ხორვატია
6 სექტემბერი. საქართველო - ესტონეთი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული